მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ორი დირექტორი, ორივე ადეიშვილი, უბრალოდ მოგვარეები არ გეგონოთ, არც ახლობლები, ისინი დედა-შვილი დირექტორები არიან ვანიდან. თეონა ორი წელია, რაც ვანის N2 საჯარო სკოლას უძღვება, ნაილი კი 26 წლიანი დირექტორობის სტაჟიდან 21 წელი, ყუმურის საჯარო სკოლას მართავს.
ორივე ქალბატონის ისტორია პედაგოგთა ოჯახიდან იწყება...
თეონა:
- მასწავლებელთა ოჯახში გავიზარდე, ბავშვობიდან ვგრძნობდი ამ საქმის მიმართ სიყვარულს და მუდმივად მესმოდა, რომ ადამიანმა ერთი მუხლი ექიმის, მეორე კი მასწავლებლის წინაშე უნდა მოიყაროს. მახსოვს, ბებია მეუბნებოდა, ორიანი არასდროს დაწეროო, მთავარია, ბავშვს სამშობლოს სიყვარული ასწავლო და ეს უკვე ნიშნავს, რომ მან 3-ზე და 5-ზე კარგად იცის ყველაფერიო.
გავიზარდე და ოჯახის წევრების ენთუზიაზმითა და გამოცდილებით შთაგონებული ქიმია-ფიზიკის პედაგოგი გავხდი. მასწავლებლობა კერძო სკოლაში დავიწყე, შემდეგ ტრენინგები ევროპაში გავიარე, 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დავსახელდი და დღემდე ინოვაციური და საგანმანათლებლო სიახლეების დანერგვისკენ მივისწრაფვი.
ნაილი:
- პედაგოგების ოჯახში გაზრდილი თეონა, გამორჩეული და ყველასათვის მისაბაძი უნდა ყოფილიყო. თანაც ჩემს სკოლაში სწავლობდა და დირექტორის შვილი, ხომ გესმით... ყოველთვის მეტს ვითხოვდი მისგან. მეც პედაგოგთა ოჯახში გავიზარდე და გავთხოვდი, პროფესიის არჩევაზე ბევრი არც მიფიქრია, რუსული ენის ფილოლოგი გავხდი. არც თეონას გადაწყვეტილება გამკვირვებია და ყველანაირად შევუწყვე ხელი, კარგ მასწავლებლად შემდგარიყო. თეონა მაქსიმალისტია და ნამდვილად, თავის საქმის პროფესიონალია.
თეონა:
- როდესაც დედას ვუთხარი რომ მასწავლებლობა მინდოდა, მითხრა, რომ მაშინ საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი, ისიც დააყოლა, ეს პროფესია დიდ შემოსავალს ვერ მომიტანდა, მაგრამ მიბოძებდა ყველაზე მნიშვნელოვანს - ცოდნის გავრცელების საშუალებასა და მოსწავლეების წარმატებით ტკბობას. მართლაც ასეა, არაფერი შეედრება ამ შეგრძნებას.
- ქალბატონო ნაილი, იღებთ თუ არა პროფესიულ რჩევებს თეონასგან?
ნაილი:
- ყოველთვის ვცდილობ, თანამედროვეობას ავუწყო ფეხი. გავიარო ტრენინგები, მოვისმინო თეონასგან ახალგაზრდული რჩევები. ხშირად ვმსჯელობთ ხოლმე გარკვეულ საკითხებზე. ნამდვილად დიდ პატივს ვცემ და ვითვალისწინებ მის აზრს.
თეონა:
- რჩევისთვის პირველი დედას მივმართავ ხოლმე. მჯერა, რომ საუკეთესო გზას გამონახავს საკითხის გადასაჭრელად. თანაც, ზუსტად იცის რა ფორმით და როგორ მირჩიოს, მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ჩემზეა.
როდესაც ჩემი დირექტორობის საკითხი განიხილებოდა, დედა უარზე იყო. 26 წლიანი დირექტორობის სტაჟით, ზუსტად იცოდა, რა დიდ საქმესაც ვეჭიდებოდი და მირჩია, უარი მეთქვა შემოთავაზებაზე. მითხრა, მთელი რესურსი მასწავლებლობაში ჩამედო, რადგან რთულია წარმატებული მასწავლებელი და დირექტორი იყო ერთდროულადო. კარგად მიცნობს და იცის, როგორი მაქსიმალისტიც ვარ, ამიტომაც ღელავდა. მაგრამ მაინც მივიღე გამოწვევა და ახლა ყველაფერს ვაკეთებ იმედების გასამართლებლად. ხშირად მითქვამს, რომ მინდა მას ვგავდე.
- ქალბატონო ნაილი, როგორ ფიქრობთ, რა მსგავსება და განსხვავებაა თქვენსა და თეონას შორის, პროფესიული მიდგომებისა და სკოლის მართვის კუთხით?
ნაილი:
- ორივეს უსაზღვროდ გვიყვარს ჩვენი პროფესია, აქედან გამომდინარე, ძალიან მომთხოვნი და პრინციპულები ვართ. მე მეტად ემოციური ვარ, მაგრამ მალევე მავიწყდება წყენა.
თეონა:
- ორივე ვცდილობთ, სამართლიანები ვიყოთ ყველას და ყველაფრის მიმართ. დედა მკაცრი დირექტორია, მე მსურს, უფრო დემოკრატი ვიყო.
- რა შეგრძნებაა, როდესაც დედა თქვენი კოლეგა და „კონკურენტი“ სკოლის დირექტორია?
თეონა:
- სიმართლე გითხრათ, ჩვენ შორის მუდმივად არის ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენი ბავშვები აქტიურად იღებენ კონკურსებსა და ღონისძიებებში მონაწილეობას და მუდმივად ვეჯიბრებით ერთმანეთს პირველობისთვის.
ნაილი:
- ნამდვილად, თეონა ჩემი კოლეგაცაა და კონკურენტიც. მაგრამ, ხომ იცით, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა და დედასაც. (იცინის)
- რაიმე საინტერესო ისტორია თუ გადაგხდომიათ თავს, როგორც დედა-შვილ დირექტორებს?
თეონა:
- ხშირად დავდივართ ერთად ტრენინგებზე. დედა მამას გვარზეა გადმოსული და როდესაც ჩვენს „ერთგვაროვნებას“ აღმოაჩენენ, ყველას ახლობლები ვგონივართ და დედაშვილობის ამბავს რომ იგებენ, აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ამბობენ, დედა-შვილ დირექტორს არ შევხვედრივართო.
ნაილი:
- ერთერთ ტრენინგზე ყოფნისას, ძალიან შევაშინე. ეტყობა, წყალტუბოს ჰაერმა კარგად ვერ იმოქმედა ჩემს წნევაზე და ცუდად გავხდი. თეონამ განიცადა და მითხრა: დედა, აწი აღარ წამოგყვები ტრენინგებზე და საერთოდ დაგანებებინებ დირექტორობას თავსო. ისევ პატარა გოგო ვგონივარ, ცუდად გახდომის უფლება არ მაქვს. (იცინის)
- ვანის „ეტალონზე“ თქვენი შვილის, გიორგი ხურციძის მიერ წაკითხულმა ლექსმა დამსწრეებსა და მონაწილეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რა განცდა გამოიწვია გიორგის გამოსვლამ თქვენში.
თეონა:
- შვილზე საუბარი ბევრად რთულია, ვიდრე - დედაზე. რა გითხრათ, ამაყი ვარ მისით.
ლექსის ასე კითხვა არავის უსწავლებია გიორგისთვის, გადმოსცემს ისე, როგორც რეალურად გრძნობს. ასევე, საოცრად ცეკვავს და მის ილეთებში ნამდვილად ჩანს ქართული სული. მეცადინეობის მხრივ ცოტა ზარმაცია, ჩემს სკოლაში დადის, ბუნებას ვასწავლი. ზოგადად, ცდილობს, რომ ღირსეული შვილი იყოს.
ნაილი:
- გიორგი ძალიან კარგი პიროვნება და კარგი შვილიშვილია, ნიჭიერი ბიჭია. შვილებიც ძალიან ყოჩაღები მყავდნენ, ასევე მრავალ წარმატებულ მოსწავლეს გაუვლია ჩემს ხელში და ეს ასეც უნდა იყოს.
გიორგის სკოლაზე ბევრი არც გვიფიქრია და გულიც არ დამწყვეტია, ჩემთან რომ არ სწავლობს. ტერიტორიულადაც თეონას სკოლა უფრო ახლოსაა მათ სახლთან და ისედაც, შვილი დედამ უნდა აღზარდოს, ყველა კუთხით.
- რა არის თქვენი, როგორც დირექტორის, განსაკუთრებული სურვილი და სამომავლო გეგმა?
თეონა:
- რაც მასწავლებელი გავხდი, მას შემდეგ ბევრი რამ დავისახე მიზნად და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობ მათ განხორციელებას. ვანში ინკლუზიური განათლება ჩემი შემოტანილია და ბევრი ვიშრომეთ საზოგადოებისა და სკოლის ცნობიერების ამაღლებაზე ამ კუთხით.
ამ ეტაპზე ჩვენი ცერებრალური დამბლის მქონე მოსწავლე საბა მაქსიმალურადაა ჩართული სასწავლო პროცესსა და სასკოლო აქტივობებში. „ეტალონის“ ჩემპიონატსაც პირველი რიგებიდან ადევნებდა თვალს და აქტიურად გულშემატკივრობდა მონაწილეებს.
მინდა სიხარულით ვთქვა, რომ დიდი შრომის შემდეგ, შუაგულ ვანში ევროპული ტიპის, თანამედროვე სტანდარტების სკოლა გვექნება, ლაბორატორიით, კომპიუტერების ოთახითა და ბიბლიოთეკით. მაღალ სტანდარტებს ვუწესებ საკუთარ თავს. სამომავლო მიზნებში აუცილებლად შედის „ეტალონში“, სხვა ოლიმპიადებსა და ღონისძიებებზე ჩემი მოსწავლეების წარმატებული ასპარეზობა, მეტი სტიპენდიანტი ახალგაზრდის მომზადება და პირველობისკენ სწრაფვა.
„ეტალონში“ გასულ წელს ჩემი მოსწავლე მესამე ადგილზე გავიდა, წელს - მეორეზე, მომავალში კი პირველ ადგილს ველოდები.
მინდა სწავლა სახალისო პროცესად ვაქციო, მშობლები მეტად ჩავრთო საგანმანათლებლო პროცესში, რაშიც „ეტალონი“ Izrune.ge - სთან ერთად დამეხმარება.
ნაილი:
- ვისურვებდი, რომ არ გვყოლოდეს სოციალურად დაუცველი ოჯახები, ყველა ბავშვს ჰქონდეს სწავლის პირობები, გამთლიანებულიყოს ჩვენი საქართველო, ამქვეყნად ყველა ბედნიერი იყოს.
სკოლამ შეიძლება ბავშვს ყველა საგანი ვერ შეაყვაროს, მაგრამ მათში საზოგადოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარული უნდა დათესოს.
დიდი მადლობა „ეტალონსა“ და გოჩა ტყეშელაშვილს ეროვნულ-საგანმანათლებლო საქმის მსახურებისთვის. „ეტალონი“ და Izrune.ge საზოგადოების გულშიჩამწვდომი პროექტებია. ამ საქმით ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგმება წინ, ბედნიერი მომავლისკენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა