„პოეზიისა და ხელოვნების ზეიმი“- კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, ღონისძიება გაიმართა
07-03-2024
დაკოპირებულია
-
+
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, კაბლის N1 და სოფელ თელის საჯარო სკოლებმა ერთობლივი ღონისძიება - „პოეზიისა და ხელოვნების ზეიმი“, ჩაატარეს. ის „სამოქალაქო განათლების პროგრამის“ დაფინანსებული მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა.
პროექტის სახელია - „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“. მისი ინიციატორი იყო კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, მათემატიკის მასწავლებლის - ლამარა ტაბატაძის და ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ნონა მაისურაძის მხარდაჭერით, ხოლო თელის საჯარო სკოლიდან პროექტს მხარს უჭერდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი - ციცინო შემშენოვი და მათემატიკის მასწავლებელი - ნუგზარ მაჭარაშვილი.
აღნიშნული პროექტის მიზანი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება და მათი ქართველ თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო. გარდა ამისა, მათემატიკის მასწავლებლების ინტერესში შედიოდა მათემატიკურ სტატისტიკაში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერი.
მათ მიზნის მისაღწევად გამოიყენეს არაფორმალური, თავისუფალი გარემო და ბავშვებისთვის სახალისო აქტივობები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და თემის წარმომადგენლები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ღონისძიების მომზადებისა და განხორციელებისას არამარტო ქართული ენის ცოდნის დონე გაუმჯობესდა, არამედ ბავშვები დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ.
„პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება. პროექტი განხორციელეს ორივე სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, მთელი სასკოლო საზოგადოების ხელშეწყობითა და დახმარებით. იყო ბევრი ემოცია და საბოლოო ჯამში, ყველა კმაყოფილი დარჩა. კიდევ ბევრი წარმატებული ღონისძიება მიეთვალოს ჩვენი საერთო პროექტის კალენდარს“,- ამბობენ სკოლაში.