გაზაფხულის დღესასწაული თბილისის N16 საჯარო სკოლაში - პირველკლასელებმა მშობლებს საკუთარი ხელით დამზადებული ყვავილები და ბარათები მიართვეს
13-03-2024
დაკოპირებულია
-
+
დავით სარაჯიშვილის სახელობის, თბილისის N16 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხადამხარ, მუდმივად ცდილობენ, მოსწავლეებს მისცენ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ცოდნის ტაძარში გატარებული თითოეული წუთი ნამდვილ დღესასწაულად უქციონ სხვადასხვა თემატური ღონისძიებებითა თუ შემეცნებითი აქტივობებით.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს გაზაფხულის შემობრძანებაც... ამჯერად, გვსურს, გიამბოთ I „გ“ კლასში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, რომელიც დამირგებელმა - ანა გობეჯიშვილმა თითოეული პატარის გულსა და გონებაში წარუშლელ, ტკბილ მოგონებად დატოვა.
„გაზაფხული წელიწადის ყველაზე მშვენიერი დროა. დრო, სიცოცხლის ხელახალი დაბადებისა, ბუნების გამოღვიძებისა, მთელი სამყაროს განახლებისა... სუსხიანი ზამთრის შემდეგ კი თბილი და ცვალებადი მარტის მოსვლა ყველას სიცოცხლის ხალისს უბრუნებს“ - ამ განწყობით ჩატარდა გაზაფხულის დადგომისა და დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი I „გ“ კლასში.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს თემატური ლექსები, ამ ყველაფერს კი განსაკუთრებული ელფერი შესძინა პირველკლასელთა მშობლების აქტიურმა ჩართულობამ.
საოცრად შთამბეჭდავი იყო საფინალო სცენა, როდესაც პატარებმა მშობლებს საკუთარი ხელით დამზადებული ყვავილები და მისალოცი ბარათები მიართვეს.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის მშობლებს ჩართულობისათვის, რადგან მათი აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას, ხელს უწყობს მის განვითარებას, მოსწავლეებს კი უმაღლებს მოტივაციასა და თვითშეფასებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.