მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინკლუზიური განათლება გულისხმობს, ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საზოგადოებაში სსსმ მოსწავლეების მიმართ ცნობიერება ამაღლდა, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, ჯერ კიდევ ბევრი სტიგმა და მითია დასამსხვრევი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შექმნა სსსმ მოსწავლეთათვის ადაპტირებული თეატრალური კლუბი „პინოქიო“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელმა შორენა ფილიაკოვამ, რომელმაც მიზნად დაისახა, თითოეულ მოსწავლეში განსაკუთრებული ნიჭი და უნარი აღმოაჩინოს.
როგორც პედაგოგი გვიყვება, სახელწოდება „პინოქიო“, მიზანმიმართულად შეარჩია - ეს არის, ხის ბიჭუნა, რომელიც შეუძლებელს შეძლებს და ნამდვილი ბიჭუნა გახდება: „ჩვენი გზავნილიც სწორედ ესაა, რისი გამოხატვაც გვინდა სცენაზე.“
მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად აღნიშნავს ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის დასაწყისი რთული იყო, ქალბატონმა შორენამ მიზანს მიაღწია და სსსმ მოსწავლეების შესაძლებლობები ფართო აუდიტორიას გააცნო - მათ მცირე დროში შეძლეს და საქართველოს არაერთ ქალაქსა და რეგიონს ესტუმრნენ და უკვე სხვა სკოლებისთვის მისაბაძ მაგალითადაც იქცნენ.
„სსსმ მოსწავლეებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს“ - აღნიშნავს პედაგოგი და ვრცლად გვესაუბრება კლუბის შექმნის მიზანზე, დაბრკოლებებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც სსსმ მოსწავლეებთან ერთად სპეცმასწავლებლები დგებიან.
შორენა ფილიაკოვა: სკოლაში ორი წლის წინ დავიწყე მუშაობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა, მათი განხილვა მშობლებთან, მასწავლებლებთან ჩემი თვალსაზრისით დიდ შედეგს ვერ მოიტანდა ამ ბავშვებისთვის. სსსმ მოსწავლეების მიმართ არ იყო განსაკუთრებული ყურადღება და დინამიკა. ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, რაც დიდად არ აისახებოდა ამ ბავშვების აკადემიური და სოციალური უნარების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემი წვლილი შემეტანა სკოლაში არაფორმალური განათლების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში - შევქმენი სსსმ მოსწავლეთათვის ადაპტირებული თეატრალური კლუბი „პინოქიო“. არაფორმალური განათლების გამოყენებით სკოლაში დრამა თერაპია დაინერგა. დრამა თერაპია ჰქვია თეატრალური სტუდიის შექმნას სკოლაში. ასეთი სახელწოდებითაა ცნობილი და ის ევროპის ქვეყნებში, პრაქტიკაში მიღებული თემაა. ეს მიმართულება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებში კოგნიტიური უნარების განვითარებასა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მინდა აღვნიშნო, რომ ინტეგრირებული თეატრალური კლუბის სახელწოდება „პინოქიო“, მიზანმიმართულად შევარჩიე. ეს არის, ხის ბიჭუნა, რომელიც შეუძლებელს შეძლებს და ნამდვილი ბიჭუნა გახდება. ჩვენი გზავნილიც სწორედ ესაა, რისი გამოხატვაც გვინდა სცენაზე.
- როდესაც ამ ცენტრის გახსნის ინიციატივა გააჟღერეთ როგორი უკუკავშირი მიიღეთ?
- ძალიან დიდი გამოწვევები იყო - წინააღმდეგობები, გაოცებული სახეები. ვერ ხვდებოდნენ რა შედეგისთვის უნდა მიმეღწია რეპეტიციებით. თავიდან ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ „წითელქუდას“ ზღაპრით, რომელიც ყველას ძალიან მოეწონა. ასევე გვქონდა ჯგუფური თამაშები, მუშაობა, სამაგიდო რეპეტიციების სახით. ბავშვებს, რომლებსაც წერა-კითხვის უნარი აქვთ დაქვეითებული, ასევე გონებრივი ჩამორჩენა, გაფანტულობა და ქცევის პრობლემები, ეს როლური თამაშები ძალიან მოეწონათ. ისინი ძალიან კარგად ირგებდნენ სხვადასხვა როლს. შემდგომ შევკერეთ თოჯინები, ეს პროცესიც ძალიან სახალისო აღმოჩნდა მათთვის. ასევე შევქმენით დეკორაცია - წითელქუდას ბებიას სახლი, ხელოვნების მასწავლებელი დაგვეხმარა თეჯირის გაკეთებაში.
- გარკვეული სკეპტიციზმის არსებობა აღნიშნეთ, ვისი მხრიდან იყო ეს დამოკიდებულება?
- მშობლებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა. მიმღებლობის მომენტი ბავშვების მიმართ მათ ნამდვილად ჰქონდათ. უფრო მასწავლებლების მხრიდან იყო გაოცება, რადგან სსსმ მოსწავლეთა განსხვავებული მანერები, სწავლის უნარი მათ უფრო მეტად სკეპტიკურად განაწყობდა, ფიქრობდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ... იყო კითხვები: როგორ ისწავლის? როგორ აითვისებს? მე კი ვპასუხობდი - ძალიან კარგად ისწავლიან, აუცილებლად გამოუვათ ყველაფერი. რაც მთავარია პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ განვითარებული. ვეუბნები, რომ ლიდერები არიან და თუ მეგობარს ტექსტი დაავიწყდა უნდა შეახსენონ. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ სპექტაკლზე ყველამ იცოდა ერთმანეთის ტექსტი. შემდეგ იყო მეორე სპექტაკლი საახალწლო ღონისძიება, სადაც 19 მოსწავლე თამაშობდა. მათ შორის იყვნენ როგორც ტიპური განვითარების, ასევე სსსმ მოსწავლეები. ეს იყო ინტეგრირებული დასი. მეც ვიყავი მათთან ერთად სცენაზე. ჩემი იქ ყოფნა ბალანსს აძლევდა მოსწავლეებს, რათა უფრო მყარად მდგარიყვნენ სცენაზე და ემოციურად ეთამაშათ სპექტაკლი. ვიყავით ზუგდიდში, ბორჯომში, ბათუმში, ჩვენი გასვლები გასცდა ლანჩხუთის რაიონს.
- მოგვიყევით თქვენი თეატრალური კლუბის პირველი მიღწევაზე...
- ჩვენი პირველი გასტროლი იყო 2022 წლის 26 მაისს სიღნაღში, თეატრალურ საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც გავიმარჯვეთ ნომინაციაში - მაყურებლის სიმპათია. ის ოვაცია, რომელიც ბავშვებმა მაყურებლისგან მიიღეს მათთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა, ეს ემოციები დიდხანს გაჰყვათ. სწორედ მსგავსი მიღწევები ეხმარებათ, ირწმუნონ საკუთარი თავის. ეს მათ მოტივაციას და განწყობას უმაღლებს. იმ დიპლომებმა და სიგელებმა, რომლებიც მათ გადაეცათ მთელი სასკოლო საზოგადოების თვალწინ, ძალიან შეცვალა მოსწავლეთა ცხოვრება და მშობელთა დამოკიდებულება.
ამჯერად, ახალ სპექტაკლზე - „პინოქიო“ დავიწყეთ მუშაობა. სპექტაკლში თამაშობს 7 სსსმ მოსწავლე, დანარჩენები მონაწილეები ტიპური განვითარების არიან.
- აღნიშნული მიღწევების მიუხედავად, ამ ეტაპზე რა სახის გამოწვევებს აწყდებით? ისევ არსებობს სსსმ მოსწავლეების მიმართ სტიგმები?
- უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ სხვა სკოლებსაც აქვთ ინტერესი გადაიღონ ჩვენი პრაქტიკა. ზოგადად, აპლოდისმენტები, ოვაციები, გასტროლები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სსსმ მოსწავლეების აკადემიურ და ცხოვრებისთვის საჭირო სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას, ეხმარება მათ გახდნენ მეტად აქტიური, სოციალური, შემოქმედებითი. უკვე სხვა რეგიონებიდან გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ მათაც უნდათ სცენარი, ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ქუთაისში ერთ-ერთმა სკოლამ მიგვიწვია, ახლა ხულოში წასვლას ვაპირებთ.
- რა გამოწვევებია ინკლუზიური განათლების მიმართულებით სკოლებში?
- ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. სხვა სკოლებში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჩვენთან თავიდან იყო ბევრი კითხვა, თუ რას, როგორ შეძლებდნენ სსსმ მოსწავლეები, ამიტომ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. ასევე, აუცილებელია, საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ჩართვა არაფორმალურ განათლებაში, საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური სწავლების დანერგვა. ასევე აუცილებელია ამ მიმართულების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას მივცეთ გზა. აქ ასევე მნიშვნელოვანია სპეცმასწავლებლების როლი, ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ სსსმ მოსწავლეების ცხოვრებაში, ვიდრე წარმოგვიდგენია.
- უფრო მეტად რომ განვავრცოთ რას გულისხმობთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და ზოგადად, სპეცმასწავლებლები რა გამოწვევის წინაშე დგანან?
- ის, რასაც ჩვენ გვაძლევს განათლების სამინისტრო - ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა ეროვნული სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, ეს ბევრს არაფერს მოუტანს სსსმ ბავშვებს, აუცილებელია მათი სხვადასხვა მიმართულებით განვითარება. სსსმ მოსწავლეებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს. შეიძლება განტოლება ვერ ამოხსნას, მაგრამ სიმღერის ნიჭი ჰქონდეს. ჩვენ გვაქვს მსგავსი შემთხვევები, როდესაც ბავშვები შესანიშნავად მღერიან, ხატავენ, ძერწავენ და ხელოვნების სხვადასხვა დარგში გამოირჩევიან. ეს ყოველივე კი ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ. დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეული მოსწავლის მიმართ. არა მარტო ტიპური განვითარების ბავშვებზე მაქვს, საუბარი, არამედ ატიპიური განვითარების მქონე მოსწავლეთა ნიჭის გამოვლენა ძალიან დიდი საქმეა სპეცმასწავლებლისთვის. მხოლოდ გეგმის წერა და მონიტორინგის ჩატარება - შეასრულა თუ არა მოსწავლემ დავალება საკმარისი არაა. ეს შეიძლება მას საერთოდ არ გამოადგეს და ვერც გამოიყენოს. იმიტომ რომ იმ მომენტში ბავშვმა შეიძლება დაიმახსოვროს, მაგრამ გაკვეთილის დასრულებისთანავე დაავიწყდეს. აი, ის ემოცია, რომელსაც სცენაზე იღებს, შთაგონება, დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, თავისი ნიჭის გამოვლენა, თვითრეალიზება, უფრო მეტს აძლევს, ვიდრე დავალებების წერა.
- თქვენ თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული მიდგომები სსსმ მოსწავლეებთან, რაც მათთან მუშაობასა და საერთო ენის გამონახვაში გეხმარებათ?
- რა თქმა უნდა, ჩემი მეთოდები მაქვს შემუშავებული. კვირაში რამდენჯერმე ვაკეთებ მონიტორინგს. შევდივარ გაკვეთილზე ბლოკნოტით ხელში, ისე, რომ არ ვაფრთხილებ მასწავლებლებს და ვიწერ როგორც იქცევა მოსწავლე, არის თუ არა მომზადებული, ყურადღებითაა თუ ჰაერში იყურება და ა.შ. თუ არ არის ყურადღებით მისი გაკვეთილზე ყოფნა შედეგის მომტანი ვერ იქნება, ამიტომ, მასწავლებლის ნებართვით გამყავს რესურს ოთახში და იქ ვცდილობ, ფანქრისა და ფურცლის მეშვეობით გადმოიტანოს მისი შინაგანი მდგომარეობა. რაზე ფიქრობს, რა აწუხებს, რა უნდა და ამის გათვალისწინებით ვადგენ რა მიმართულებით შეიძლება მასთან მუშაობა. ასევე, თუ სსსმ მოსწავლე მაგალითად, ზის ბიოლოგიის გაკვეთილზე და ვერ აღიქვამს პირობითად ციტოპლაზმის მნიშვნელობას, მირჩევნია გამოვიყვანო და საათის ცნობა ვასწავლო, რაც ცხოვრებაში მეტად გამოადგება. ყველა საგანი საჭიროა, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში, ის უნდა ვასწავლოთ, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. რესურს ოთახში მუშაობის გრაფიკი ძალიან მეხმარება. ცხრილში მაქვს მონიშნული ყვითელი ხაზით მიწერია ჩემთან მუშაობის დრო, როდის უნდა გამოვიყვანო ბავშვი. ეს ყველაფერი გაკვეთილების ცხრილშია გაწერილი, რა თქმა უნდა მასწავლებლებთან შეთანხმებით.
- ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ სსსმ მოსწავლეები თავიანთი შვილებს საგაკვეთილო პროცესში ხელს უშლიან და მათ განვითარებას აფერხებენ, ამასთან დაკავშირებით თქვენ როგორი გამოცდილება გქონიათ?
- დიახ, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ იყო ჩვენს სკოლაში, სხვაგან ალბათ ახლაც არის, არ ვიცი. რესურს ოთახში შემოსვლის შიში ჰქონდათ. ტიპური განვითარების მოსწავლე არც კი შემოიხედავდა ჩვენს ოთახში. თუმცა, ბევრმა მუშაობამ, თოჯინების შეკერვამ, როლურმა თამაშებმა, ინტეგრირებული დასის შექმნამ ეს ბარიერი საერთოდ მოხსნა. ზარი დაირეკება თუ არა, მაშინვე ნებისმიერი კლასის მოსწავლე შემოდის და მეკითხება - მასწავლებელო რა გავაკეთოთ, როდის მივდივართ გასტროლზე, როდისაა რეპეტიცია. ჩვენი რესურს ოთახი ისეთი ხმაურიანი და აქტიური გახდა, რომ ყველა სტიგმა დაიმსხვრა. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ მშობლების ხელშეწყობა ძალიან დიდი იყო ჩვენს სკოლაში. სსსმ მოსწავლეთა მშობლებს არ გასძნელებიათ მათი შვილების პრობლემის აღიარება და მიმღებლობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
- და ბოლოს, სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვიამბოთ...
- მინდა აღვნიშნო, რომ ნიგვზიანის საჯარო სკოლამ სრული ავტორიზაცია გაიარა. ჩვენი სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების დანერგვა და ხელშეწყობა იყო. ჩვენი კლუბის - „პინოქიოს“ ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობაა ინკლუზიური გარემოს დანერგვა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლაში.
როლების განაწილება, ჯგუფური მუშაობა, სცენაზე გასვლა, დეკორაციების შექმნა ატიპიური და ტიპური განვითარების მოსწავლეებში მიმღებლობის ხარისხს ზრდის. შემეცნებითი, ფუნქციური, ემოციური და სოციალური მიმართულების განვითარებას. ამიტომ, ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწიეთ, ახლა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალ სპექტაკლზე დავიწყეთ მუშაობა, მაისში გასტროლებზე წავალთ და გვინდა კიდევ ერთხელ გამოვიჩინოთ თავი და ყველას ვუჩვენოთ როგორი ნიჭიერები არიან ჩვენი სსსმ მოსწავლეები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...