დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ
22-03-2024
დაკოპირებულია
-
+
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეების მოტივირებასა და განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მოტივირება კი პირველი კლასიდან იწყება, პატარებისთვის სასწავლო-შემეცებითთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალისო აქტივობები, მიმზიდველი გარემო და გარეგანი მოტივაცია.
მოსწავლეთა მოტივირების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომ 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისი პირველკლასელებისთვის მართლაც ჯადოსნური იყო. მასწავლებლებმა ეს მნიშვნელოვანი დღე თითოეულ მოსწავლეს მიულოცეს, განსაკუთრებით კი, პირველკლასელებს. მათ წარმატებული, ნაყოფიერი და მშვიდობიანი დღეები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს დიდი სიყვარულით დახვდნენ, დღე გაულამაზეს და დაუვიწყარ მოგონებად უქციეს.
„ვიმედოვნებ, რომ იქნებით დაუზარელნი, შრომისმოყვარენი, განათლებულნი, საიმედო და საამაყონი როგორც ოჯახისთვის, ისე ქვეყნისთვის. სასწავლო მასალის სწავლის გარდა, ვეცდები არ დავიშურო ძალისხმევა, რათა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ტკბილ მოგონებად დაილექოს ჩვენი როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის ურთიერთობა. ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ სიახლეებით სავსე, საინტერესო და სახალისო მომენტები დავაგროვოთ ერთად. მჯერა თქვენი შესაძლებლობების, რომ ხართ არაჩვეულებრივნი და განსაკუთრებულნი.
მილოცვას დავასრულებ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ციტატით: „ყველა მოზრდილი ჯერ ბავშვი იყო, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს“, არასდროს დაგკარგვოდეთ ბავშვური გულწრფელობა და სიხალისე და გახსოვდეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: „ჭეშმარიტი სიყვარული, სხვათა გამო სიხარულია“,- ამ მამოტივირებელი სიტყვებით მიულოცა მოსწავლეებს პედაგოგმა სასწავლო წლის დაწყება.
სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი კი მისი საინტერესო დასაწყისია, პატარებს ამ დღის შემართება დღემდე მოჰყვებათ.