მან, პროექტის ფარგლებში, შემდეგ კითხვებს უპასუხა:
- რატომ ფილოლოგობა?
- ბავშვობიდან მიყვარდა ლექსები, რომანები, ზოგადად კითხვა. როცა გავეცანი ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, ჩემში გაჩნდა სურვილი, ეს ემოციები და მათზე შეხედულებები სხვა თაობებისთვისაც გადამეცა.
რა თქმა უნდა, ბავშვების სიყვარულიც დამეხმარა პროფესიის არჩევის დროს.
- მასწავლებლობა ჩემთვის არის...
- მასწავლებლობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. შენდამი ნდობა, შენ ხდები პიროვნება, რომლისაც სჯერათ თაობებს, რომ შენ მათ გაუკაფავ გზას მომავლისაკენ, ასწავლი სწორ ორიენტაციას ცხოვრების გზაზე, იქნები მათთვის სულიერი მეგობარი, მისაბაძი პიროვნება, რომელიც მათი გრძნობებით კი არ თამაშობს, არამედ ჭეშმარიტი გზების ძიებაში ეხმარება.
- რომ არა მასწავლებელი, ვინ იქნებოდით დღეს?
- შემთხვევით მასწავლებელი არ გახლავართ. ასე რომ, არავინ ვიქნებოდი მასწავლებლის გარდა, რადგან ეს ჩემი შინაგანი მეს, შესაძლებლობის და უდიდესი სურვილის შედეგია.
- დაახასიათეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით?
- მშვიდი, გაწონასწორებული, მიზანდასახული.
- გინანიათ....
- სინანული, მელანქოლია ზოგადად ცხოვრებას თან ახლავს. მაგრამ სერიოზულად, რომ ტრაგედია შემექმნა და მენანა ჩემი გადაწყვეტილება, არ ყოფილა. ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ და სანამ რაიმეს მოვიმოქმედებდე, ათასჯერ ვზომავ და ვწონი ხოლმე.
გიხარიათ...
მიხარია ყოველი გთენებული დღის,რომ ღმერთმა მომცა ოჯახი,შვილები, შვილიშვილები.მიხარია რომ მქვია პიროვნება,რომელსაც ენდობიან. რომელსაც პატივს სცემენ და უხარიათ მისი დანახვა.
- გწყინთ...
- მწყინს საზოგადოების გულგრილობა, ადამიანური ღირებულებების გაუფასურება. მწყინს ყოველდღიურად ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა. სოფლების დაცარიელება, მიგრაცია. მწყინს ამდენი უმუშევრობა და ემიგრაციის იმედად ყოფნა.
- კითხვა,რომელიც მუდმივად გაწუხებთ,არის?
- როდის იქნება ვიხილოთ საქართველო ერთიანი, როდის დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს?
- ოჯახის როლი თქვენს წარმატებაში?
- ოჯახის ნებისმიერი წევრის წარმატება დამოკიდებულია სხვა დანარჩენი წევრის ხელშეწყობაზე. შესაბამისად, ჩემი ოჯახის წევრები გვერდში მიდგანან და მიმაღლებენ მოტივაციას. ურთიერთგაგება, ჰარმონია, ხელშეწყობა ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება. მე მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის წევრების ,რომლებიც მუდმივად მხარში მიდგანან.
- თქვენ ახლა გისმენენ....
- ნოდარ დუმბაძის სიტყვებს მოვიშველიებ: „...სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია,რაც კი ღმერთმა ადამიანს უბოძა...“
ჰოდა, გვიყვარდეს ადამიანებს ერთმანეთი, მივიღოთ და ვაღიაროთ ისინი ისეთებად,როგორებიც არიან.მოვეფეროთ ერთმანეთს, რადგან ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა..
- და ბოლოს....
- მადლობა იმისთვის, რომ მომეცა შანსი, ვიყო მონაწილე ამ პროექტის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს მოსწავლეს, ვინც აქამდე მყოლია. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიძლიერე თითოეულ თქვენთაგანშია.
მადლობა ჩემს სკოლას, კოლექტივის ყველა წევრს, დირექტორს ლიანა ბოლქვაძეს. მიხარია და ვამაყობ, რომ განახლების საჯარო სკოლა ჩემი ოჯახია.