მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
21 მარტი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა - სტიგმები, სტერეოტიპული მიდგომები, საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა - ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები აწყდებიან, იმის მიუხედავად, რომ მუდმივად გვესმის საუბრები ინკლუზიაზე.
სტიგმა - ძველი, ჯერ კიდევ ნაკლებად ინფორმირებული საზოგადოების გადმონაშთია, თუმცა შეიცვალა თუ არა მიდგომები ახლა და რეალურად, რა დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს, მასწავლებლებს, მშობლებს სსსმ მოსწავლეების მიმართ? - Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორები ესაუბრებიან და იმასაც აღნიშნავენ, რომ საზოგადოებისა და მოსწავლეების ცნობიერება უდავოდ ამაღლებულია; თუმცა ჩარჩოებში მოქცეული მსოფლმხედველობა ჯერ კიდევ დიდ პრობლემას წარმოადგენს - სკოლები სტერეოტიპების პირისპირ - ლიდერები etaloni.ge-სთან ერთად ეძებენ გამოსავლის გზებს მეტად ტოლერანტული თაობის აღსაზრდელად.
მზია ფატარიძე, გორის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორი:
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა და სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ბოლო წლებში, ამ სინდრომის მქონე ბავშვების რაოდენობა ახალშობილებს შორის იზრდება; შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კუთხით ცნობიერება მეტად ამაღლდეს, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ სსსმ ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში.
ჩვენ ხშირად ვაწყობთ შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს, რაც ზრდის ბავშვების ცნობიერების დონეს. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუნდაც დაუნის სინდრომი არ არის დაავადება და არც გადამდებია - მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ, რას ნიშნავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება; სსსმ მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში და ეს მათი უფლებაა, რომელიც ყველა უნდა დავიცვათ.
რაც შეეხება სტერეოტიპულ მიდგომებს, მოსახლეობის ცნობიერება ბოლო წლებში საკმაოდ გაზრდილია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის რომ საზოგადოების აზროვნება შეიცვალოს და მსგავს საკითხებს სტერეოტიპულად არ უყურებდნენ. არასწორი მიდგომებით, დამოკიდებულებითა და უცოდინარობის გამო მათი დისკრედიტაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა მოსწავლეები საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრირდნენ.
ცისანა რატია, ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი:
გვყავს სსსმ მოსწავლეები და მათი სკოლაში ინტეგრაციის პრობლემა არ გვიდგას, მოსწავლეებთან კომუნიკაცია არ უჭირთ, პირიქით საკმაოდ თანამშრომლობითი დამოკიდებულება აქვთ, არ იგრძნობა კლასში რაიმე ტიპის სტერეოტიპული დამოკიდებულება, ყველა ერთმანეთის თანასწორია. გვყავს სპეციალური მასწავლებელი, აქტიურად ვმუშაობთ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით და ვცდილობთ ჰუმანური, ტოლერანტული გარემო შევქმნათ. ზოგადად, დღეს სამოქალაქო განათლების კუთხით, არაერთი ღონისძიება ტარდება რაც მოსწავლეთა ინფორმირებულობას ხელს უწყობს.
მანანა ბაძაღუა, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
განათლების სისტემას ამ კუთხით აქვს ძალიან კარგი პროგრამები, რაც ეხმარება ადამიანებს ჰქონდეთ მიმღებლობა და იყვნენ ტოლერანტულები. სკოლაშიც ჩვენ არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას ვატარებთ, იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ არ იაზროვნებენ სტერეოტიპულად.
ლეილა თეთრუაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის აბისის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში ძალიან ჯანსაღი გარემოა, აქ ყველა თანასწორია, მოსწავლეებს კარგი კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან, არ ყოფილა დისკრიმინაციის მაგალითები და ეს ძალიან მახარებს. საზოგადოების დამოკიდებულებაც დადებითი კუთხით შეიცვალა, ვფიქრობ, ნაკლებადაა სტერეოტიპული მიდგომები და ეს ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულმა კამპანიებმა განაპირობეს.
ლიანა ნოზაძე, ვანის მუნიციპალიტეტის ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ მსგავს თემებზე, მოსწავლეებს ვაცნობთ ინფორმაციას, მათ მოსაზრებებს ვისმენთ, ერთმანეთს ჩვენს აზრებს ვუზიარებთ, ვმსჯელობთ. მოსწავლეებმა იციან, რომ ქრომოსომები არ უნდა დავითვალოთ! ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენი მოსწავლეები დღის ცენტრში, ამ სინდრომის მქონე ბავშვის მოსანახულებლადაც მიდიან და დღეს ულამაზებენ. ვცდილობთ ბავშვებს შთავაგონოთ, რომ ქრომოსომების რაოდენობა უმნიშვნელოა, მნიშვნელოვანია მათი მეგობრობა და ურთიერთობა.
რიზვან უსუფოვი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი:
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საკმაოდ გაიზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა, ყველას აქვს შესაძლებლობა მოიძიოს და გაეცნოს დაუნის სინდრომის შესახებ მასალებს, შეიცვალა სტერეოტიპული მიდგომები. მოსწავლეებმაც იციან, რომ ყველა საზოგადოების სრულფასოვანი წევრია - ამგვარი მიდგომა კი, ნაკლებად დისკრიმინაციულ და მეტად ტოლერანტულ გარემოს ქმნის.
ლია ჩანდიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
მე ბიოლოგიის მასწავლებელი და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე განსაკუთრებით ვზრუნავ, ჩვენ ამ საკითხს ძალიან საფუძვლიანად გავდივართ და მოსწავლეები საკმაოდ ინფორმირებულები არიან. სამწუხაროდ, დაბალი ინფორმირებულობის გამო, საზოგადოებაში სტერეოტიპული მიდგომები ისევ არის, მაგრამ ეს მხოლოდ იმ ასაკის ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ინფორმაციას არ ფლობდნენ, ადრე ნაკლებად ხდებოდა ადამიანების ცნობიერების ამაღლება და ამის შედეგებს ვიმკით. გვქონდა ერთი უსიამოვნო ფაქტი სკოლაში, ერთმა მოსწავლემ მეორეს სიტყვით - „დაუნო“ მიმართა და ამან მიზნად დამისახა განმეხორციელებინა პროექტი, რომელიც ტრადიციად გვექცა სკოლაში და დავძლიეთ კიდეც სტიგმა.
მზია ქორიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, სპეცმასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად საინტერესო ინიციატივაში ერთვება და ყოველივე ამით კი, მოსწავლეები საკითხში მეტად გათვითცნობიერებულები ხდებიან. ამ ეტაპზეც, სკოლაში ხორციელდება პროექტი სსსმ მოსწავლეებისთვის და მთლიანად მორგებულია ამ მოსწავლეებისთვის. საბოლოოდ, პროექტის შედეგებით განვსაზღვრავთ, თუ რა წვლილი შეიტანეს მოსწავლეებმა სსსმ მოსწავლეების პრობლემების მოგვარებაში და მათ სოციალიზაციაში. მიმღებლობა საკმაოდ მაღალია, სკოლაში გვაქვს ამის გამოცდილება და მგონი ჩვენი მიდგომებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების დამოკიდებულებით, სასკოლო სივრცეში სსსმ მოსწავლეები უფრო მეტად ინტეგრირებულები არიან, ვიდრე ტიპური განვითარების მოსწავლეები. ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ლექსიკონი - რომელ შეზღუდულ უნარს, რომელი ტერმინი შეესაბამება, ამაზე მოსწავლეები მუშაობენ, ელექტრონულ რესურსსაც აკეთებენ, რომელსაც არა მარტო სასკოლო საზოგადოებაში, არამედ თემშიც გაავრცელებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები