აწყურის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
25-03-2024
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. ამასთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ის ემოციები, განცდები, პრობლემები გააჟღერეს, რომლებსაც ეს ადამიანები აწყდებიან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
„ვფიქრობთ, ცოტათი მაინც შევცვალეთ დამოკიდებულება „მზის შვილების“ მიმართ. გავაცნობიერეთ, რომ მათაც უხარიათ, სწყინთ, შრომობენ, სწავლობენ, უკვირთ, ბრაზობენ, ოცნებობენ... და უფლება აქვთ იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები“,- ამბობენ სკოლაში.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.