სიახლეები
სიახლეები, სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ

„სტაჟიანი მასწავლებლები სკოლიდან არ უნდა გავუშვათ - მათ მხრებზე გაიარა ჩვენმა საგანმანათლებლო სისტემამ“ - ხათუნა შენგელია, N64 საჯარო სკოლის დირექტორი
26-03-2024
-
+


ყურადღებიანი, შემწყნარებელი, ტოლერანტი, ბავშვებსა და საკუთარ საქმეზე შეყვარებული  - სწორედ ამ მახასიათებლებით გამოირჩევა თბილისი N64 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ხათუნა შენგელია. მისი სკოლა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან მრავალფეროვანი კონტინგენტით გამოირჩევა - სამსექტორიან საგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები სწავლობენ, ასევე არიან სსსმ და შშმ მოსწავლეები, რომელთა საჭიროებებიც ყოველთვის გათვალისწინებულია. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ბავშვებს მეგობრული და თბილი ურთიერთობები აქვთ, რაც განპირობებულია სწორედ ხელმძღვანელისა და მასწავლებლების სწორი, ჯანსაღი მიდგომებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა სკოლაში კომფორტულად და დაცულად იგრძნოს თავი. უნდა იცოდეს რომ ჩვენ სადამსჯელო ღონისძიებებს კი არ ვატარებთ, არამედ მათი უპირობო მხარდამჭერები ვართ. ბავშვი ყოველთვის გრძნობს, რამდენად პატივისცემით ხარ განწყობილი მის მიმართ და ზუსტად იმავეს გიბრუნებს უკან“, - ეს სიტყვები სკოლის ხელმძღვანელს, ხათუნა შენგელიას ეკუთვნის.

მიუხედავად მისი მონდომებისა, მცდელობისა და დიდი სურვილისა, სკოლის მცირე ფართი იმის შესაძლებლობას არ აძლევს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარმართოს. სწორედ ამიტომ, ერთადერთი, რისი სურვილიც აქვს - დიდი შენობაა, სადაც თავის სამომავლო გეგმებს სრულყოფილად განახორციელებს.

- მრავალეთნიკური სკოლის ხელმძღვანელი ბრძანდებით - არის ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა?

- ჩვენი სკოლა, სადაც ადრე ვმუშაობდი, იყო ავარიული და დროებით შემოვედით ამ სკოლაში. გარედან ვაკვირდებოდი რაღაც პროცესებს. ჩემი უფროსი შვილიც აქვე სწავლობდა და ძალიან მიყვარს. ეს სკოლა განსაკუთრებულია - სამსექტორიანია, მრავალეთნიკური და სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლეები გვყავს - აზერბაიჯანული, რუსული და ქართული სექტორები გვაქვს; ასევე გვყავს სსსმ და შშმ მოსწავლეები. გვაქვს ინტეგრირებული კლასი, სადაც სწავლობენ სმენადაქვეითებული მოსწავლეები. კლასს ჰყავს თავისი სპეციალისტები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ. ასევე გვყავს ჟესტური ენის თარჯიმანი. ძალიან კარგი გუნდია და შესანიშნავად მუშაობენ. ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი და ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფრის გათვალისწინებით ჩემთვის ამ სკოლის ხელმძღვანელობა ძალიან საპასუხისმგებლოა.

- ინკლუზიური განათლების მხრივ რა მდგომარეობაა სკოლებში, ისევ არსებობს სსსმ და შშმ მოსწავლეების მიმართ სტიგმები?

- ზოგადად, საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა საჭირო და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ; ინდივიდუალური ასისტენტები ჰყავთ მოსწავლეებს, საჭიროების მიხედვით და ამ მხრივ ძალიან კარგი მდგომარეობაა ჩვენს სკოლაში.

- სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებით რომ გვითხრათ, რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ისინი?

- ჩვენს შემთხვევაში სსსმ და შშმ მოსწავლეებთან სამუშაო ოთახი არის 1-ელ სართულზე, სულ ალბათ 10 კვადრატი იქნება. ამ 10 კვადრატში არის 3 სპეციალური მასწავლებელი და ფსიქოლოგი. აქ ჯგუფურად უნდა შეიყვანონ ბავშვები და ისე იმუშაონ. სწორედ ფართის არარსებობაა ხელშემშლელი ფაქტორი მათთვის. რაც შეეხება რესურსებს, ყველა რესურსი გვაქვს, მეც რომ მოვედი სკოლაში შევიძინე საკმაო რაოდენობით. ამ მხრივ კარგად ვართ.

სკოლას ასევე ემსახურება 4 სპეციალური მასწავლებელი და ფსიქოლოგი. სპეციალური მასწავლებელი ჰყავს სამივე სექტორს, რომლებიც მშობლიურ ენაზე უწევენ კვალიფიციურ მომსახურებას. სკოლის მულტიდისციპლინური გუნდი არის ინკლუზიური განათლების ეფექტური განხორციელების მთავარი ღერძი.

- ზოგჯერ სამწუხაროდ მშობლები ფიქრობენ, რომ სსსმ და შშმ მოსწავლეები მათ შვილებს აფერხებენ და განათლების მიღებაში ხელს უშლიან. ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა თქვენთან?

- სამწუხაროდ არსებობს მსგავსი დამოკიდებულება მათ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლაში უკვე დიდი ხანია ინკლუზიური განათლება არსებობს, მაინც რაღაც ეტაპზე ისევ არის არის ეს ფაქტორი. თუმცა, ვუმკლავდებით, ვატარებთ შეხვედრებს და ვფიქრობ, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.

სხვათა შორის ადრე უფრო იყო პრობლემა და ახლაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მის შვილს საფრთხე ექმნება, ან ყურადღება არ ექცევა, მაგრამ თუ გლობალურ ჭრილში განვიხილავთ, მსგავსი გამოწვევა იშვიათად გვხვდება და რაც მთავარია - სკოლაში ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ.

- თუმცა არაერთი სკოლის ხელმძღვანელი, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროფესიონალი კადრების დეფიციტია...

- მოსწავლეს სჭირდება ასისტენტი, ადამიანი, რომელიც გვერდით უზის და ეხმარება - აღნიშნული საკითხი მოგვარებულია, თუმცა ასისტენტის ხელფასი იმდენად დაბალია, რომ რთულია კადრის მოძიება. რამდენიმეჯერ გვიწევს კონკურსის გამოცხადება და ზოგჯერ ერთი მსურველიც კი არ არის, ასისტენტად იმუშაოს. ძირითადად მოდიან არაკვალიფიციური კადრები, არადა როცა ადამიანი მუშაობს სსსმ მოსწავლესთან, გადამზადებული მაინც უნდა იყოს.

- და გამოსავალს რაში ხედავთ?

- ხელფასი როგორც კი გაიზრდება ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორდება. პერსონალური ასისტენტი მნიშვნელოვანი რგოლია და  წარმოუდგენელია ამ მიზერულ ხელფასზე ადამიანმა მოტივირებულად იმუშაოს.

რთულია მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება მაშინ, როდესაც ფართი არ გიწყობთ ხელს. როგორ აგვარებთ ამ პრობლემას?

-  ნამდვილად ძალიან რთულია... ჩემი, როგორც სხვა ბევრი სკოლის პრობლემაა ინფრასტრუქტურა. მეორე კორპუსი არის სარეაბილიტაციო, სამ ცვლაში ვსწავლობთ და სამწუხაროდ მხოლოდ ერთ კორპუსში ვართ. ეს დიდ პრობლემას გვიქმნის, რადგან დამატებითი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას ვერ ვახერხებთ, თუმცა ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე მაინც ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ პროექტებს.

აღნიშნულ პროექტებზე რომ გვესაუბროთ...

- სხვადასხვა ინტელექტუალურ თუ შემეცნებით პროექტებში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ; ახლაც ვემზადებით ერთ-ერთი კონკურსისთვის... ამასთანავე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მიიწვია ჩვენი მოსწავლეები ერთ-ერთ პროექტში და სადაც გამარჯვების შემთხვევაში, უცხოეთში გაგზავნიან მათ. თავისუფალი თემის კონკურსებშიც ვერთვებით... მოკლედ, ვცდილობთ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელი შევუწყოთ. სპორტული ღონისძიებები გვაქვს - ვატარებთ ფეხბურთის, კალათბურთის ჩემპიონატებს, ახლა კი ვგეგმავთ ხელბურთისა და ჭადრაკის ჩემპიონატებს... გვაქვს ქართული ენის კლუბი, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენას დამატებით სწავლობენ ასევე ქიმიის და მათემატიკის კლუბები.

რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორის მოსწავლეთათვის ქართული ენის ცოდნა? როგორ ფიქრობთ სავალდებულო უნდა იყოს თუ არა?

-  ვფიქრობ, ამ პროცესებს ხელი აუცილებლად უნდა შეეწყოს. მოსწავლეთა რაღაც ნაწილმა კარგად იცის ქართული, ნაწილს კი სამწუხაროდ, საერთოდ არ ესმის. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა. საქართველოს მოქალაქეები არიან და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ენაზე მეტყველებდნენ. ჩვენი სკოლა ამაში მათ ხელს ნამდვილად უწყობს.

- ენის ბარიერი თუ უქმნით პრობლემებს ბავშვებს?

- სასკოლო სივრცეში არ უქმნით პრობლემას, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ შესაძლოა ინტეგრირება გაუჭირდეთ. თუმცა, უმეტესობა მაინც უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს სწავლას.

ვისურვებდი, რომ მეტი გაგვეკეთებინა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი მოსწავლეების მიმართ. ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ფართი - თავისუფალი ფართი გვჭირდება, რათა დამატებითი მეცადინეობები ჩავუტაროთ. გარდა იმისა, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები გვყავს, ასევე გვყავს უკრაინელები, რუსები, რომლებმაც ასევე არ იციან ქართული ენა. მათთვისაც აუცილებელია დამატებითი კურსების გავლა.

სკოლაში საგანს არ ასწავლით, თუმცა ახლახან დირექტორების კონკურსზე ერთ-ერთ მოთხოვნად იყო ხელმძღვანელის მხრიდან სწავლების გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- დიახ, საგნის მასწავლებელი არ ვარ. მხოლოდ მენეჯერი გახლავართ - არ მივიჩნევ აუცილებლად იმას, რომ დირექტორი თან საგნის მასწავლებელიც იყოს. სიმართლე გითხრათ, დატვირთული მასწავლებელი სკოლის კარგი ხელმძღვანელი ვერ იქნება. იმიტომ, რომ იმდენი საქმეს აქვს დირექტორს, რომ ფიზიკურად გაკვეთილების ჩატარებასთან ერთად, ძალიან რთულია მენეჯმენტური პროცესები განახორციელოს. თუ კარგად იცი საგანმანათლებლო და საგაკვეთილო სტრუქტურა - როგორ გახვიდე კარგ შედეგზე, როგორ იმუშაო და ა.შ. მოკლედ, ვფიქრობ პროცესების შეფასებისთვის არ არის აუცილებელი, დირექტორი აუცილებლად მასწავლებელი იყოს.

ახალი სკოლის მოდელში თუ იყავით ჩართული?

- მე რომ მოვედი სკოლაში და ვიკითხე სამწუხაროდ, არ იყვნენ ჩართულნი. განათლების სამინისტროსაც ვთხოვე ჩართულიყო სკოლა, თუმცა არნიშნული რეფორმების პერიოდს აღარ დაემთხვა...

- მოგწონთ ცვლილებები?

- ძალიან მომწონს სკოლის ავტონომია და ვფიქრობ, კარგ შედეგებსაც მოიტანს - ავტონომიურობის გაზრდა საშუალებას მოგვცემს,უფრო ეფექტურად განვახორციელოთ სასწავლო პროცესები. რადგან ყველა სკოლას სხვადასხვა საჭიროება აქვს - არ შეიძლება ჩვენ და სხვა, მეზობელ სკოლებს ერთნაირი საჭიროებები გვქონდეს... ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

- სკოლებს ბევრი სიახლე ელით, მათ შორის, შესაძლოა დიფერენცირებული, სწავლებაც დაინერგოს...

- ეს ჰაერივით გვჭირდება სკოლებს - ვფიქრობ, ბავშვები სასურველი საგნების სწავლას მეტ დროს დაუთმობენ; იმავდროულად, აუცილებელია პროფესიული განათლების შეტანა - ბავშვები მეტად განვითარდებიან და ამ დროს შეიძლება საყვარელი საქმეც იპოვოს. ვიღაცას მასწავლებლობა უნდა, ვიღაცას შესაძლოა ჭრა-კერვა მოეწონოს... მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა სხვადასხვა სფეროში სცადონ შესაძლებლობები.

- ბევრ თქვენს მოსწავლეს სურს მასწავლებლობა? მით უმეტეს, ხშირად გვსმენია, რომ ეს პროფესია დაუფასებელია..

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული არაა. ახალი კადრების მოზიდვაც რთულია, რადგან სკოლაში ძველი კადრებიც საკმარისადაა. ახალი კადრი, რომ მოიყვანო, ძველზე უნდა თქვა უარი და მაშინ სკოლა უნდა გაფართოვდეს, რათა საჭირო გახდეს ახალი კადრების მოყვანა. ეს პროცესი რთულადაა სკოლაში.

თაობათა ცვლა რთულია, მაგრამ ამის გარეშე ახალგაზრდები ვერ დაიწყებენ სკოლაში მუშაობას... რაში ხედავთ გამოსავალს, რა უნდა გაკეთდეს, რომ არც ძველი კადრები დარჩნენ განაწყენებულნი და იმავდროულად, ახალგაზრდებსაც შეეწყოთ ხელი დასაქმების მხრივ?

- მნიშვნელოვანია დამწყები პედაგოგების დასაქმებას ხელი შევუწყოთ და გზა დავუთმოთ. 21-ე საუკუნეში, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა საჭირო უნარი, რათა მოსწავლეებთან ურთიერთობა ეფექტურად შეძლოს. ვაღიაროთ, ხშირად, ძველი თაობის მასწავლებლები ვერ აძლევენ ბავშვებს ამ ყველაფერს და სწორედ ამ დროს ჩნდება უფსკრული მოსწავლესა და მასწავლებელს შორის; ისინი, თითქოს, სხვადასხვა ენაზე საუბრობენ; თუმცა არ ნიშნავს, რომ ის ცუდი მასწავლებელია და ვერ ასწავლის, უბრალოდ სხვანაირი მიდგომები სჭირდება ახლანდელ თაობას. სხვა უნარები უნდა გამოუმუშაოს ბავშვს პედაგოგმა. ზუსტად ასეთ დროსაა საჭირო ახალგაზრდა კადრების შემოსვლა სკოლაში, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სტაჟიანი მასწავლებლები სკოლიდან არ უნდა გავუშვათ, რაც უნდა იყოს, მათ მხრებზე გაიარა ჩვენმა საგანმანათლებლო სისტემამ.

- როგორია თქვენთვის იდეალური სკოლა?

- ჩემს წარმოდგენაში იდეალური სკოლა შემდეგნაირად გამოიყურება - ძალიან დიდი ადაპტირებული შენობა, სადაც მაღალი ხარისხის განათლებას მივცემთ ბავშვებს. კლასში ცოტა ბავშვი და ძირითად საგნებში დაიყოფიან მცირე კლასებად მოსწავლეები... აუცილებლად მეყოლებოდა თეატრალური დასი და მათ სულიერ განვითარებაზე ვიზრუნებდი. ინტერესები გათვალისწინებით, შევთავაზებდი სხვადასხვა წრეებს, სადაც გაწევრიანდებოდნენ. ჩვენმა ბავშვებმა, მაგალითად, მკითხველთა კლუბი შექმნეს, სადაც გაკვეთილების შემდეგ რჩებიან. მათ აინტერესებთ რაღაცები, მაგრამ სკოლა ვერ აძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ინტერესები თავიდან ბოლომდე დააკმაყოფილონ. მოვერგებოდი ბავშვებს. ფართის პრობლემა რომ არ მქონდეს ბევრ რამეს გავაკეთებდი.

-  სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვესაუბროთ...

-  ჩვენ ყველა საგანში ვნიშნავთ შემაჯამებელ და დიაგნოსტიკურ წერებს. ეს იმის გამო ტარდება, რომ გავიგოთ რა მიმართულებით გვაქვს ყველაზე მეტი სამუშაო და ეფექტური სასწავლო პროცესები დავგეგმოთ. დიფერენცირებულ სწავლაზეც ვფიქრობთ და გვინდა მოსწავლეებს ეს მოდელიც შევთავაზოთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება