თეთრიწყაროს N1 სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
26-03-2024
დაკოპირებულია
-
+
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება.
ამჯერად, საინტერესო აქტივობები წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, იმისათვის, რომ მოსახლეობა წყლის 24-საათიანი მომარაგებით უზრუნველყოფილი იყოს, მუნიციპალიტეტის ძალისხმევით მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც უკვე დასრულების ფაზაშია. სწორედ ეს სამუშოები მონახულეს გეოგრაფიის მასწავლებელმა და მოსწავლეებმა.
გარდა ამისა, ესტუმრნენ თეთრიწყაროს წყალმომარაგების კომპანიას, სადაც გაეცნენ, თუ როგორ ტარდება წყლის ანალიზი. ასევე, ჩატარდა კონფერენცია, მოსწავლეებმა პრეზენტაციები აქტუალურ თემებზე გამართეს და ხაზი გაუსვეს, რომ წყლის რესურსების დაცვა და ჰიგიენის საკითხებზე სასკოლო საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი შესაბამისი სლოგანები შექმნეს.
„წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით, 1993 წლიდან აღინიშნება. ამ დღის დანიშნულებაა მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის „სუფთა წყალი და სანიტარია“ მიღწევის მხარდაჭერა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ 2030 წლისთვის ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
დაბინძურებული წყალი და ცუდი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დაკავშირებულია მრავალი დაავადებების გადაცემასთან. წყლისა და სანიტარიული სერვისების არარსებობა და არაადეკვატური მართვა ადამიანთა ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.
სასმელ წყალსა და წყლის რესურსებს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს, რათა დაცული იყოს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
საქართველო ტყით და წყლით მდიდარი ქვეყანაა და მათი დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც მდიდარია წყლის რესურსით და იმისათვის, რომ მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალურად 24-საათიანი მომარაგებით მუნიციპალიტეტის ძალისხმევით მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც უკვე დასრულების ფაზაშია“,- ამბობენ სკოლაში.