მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეები, სკოლაში სწავლის პარალელურად, ხშირად სხვადასხვა წრესა და სპორტზე დადიან. მათ ნაწილს ცხოვრების დაკავშირება სწორედ ამ უკანასკნელისთვის სურს. ამ შემთხვევაში კი, მონდომებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს შესაბამისი, ხელშემწყობი გარემოც ჰქონდეთ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვების ემოციებიდან საზოგადოება ჯერ არ გამოსულა... აღარაფერს ვამბობთ სკოლებში ბავშვების ჟრიამულზე, რომელმაც გამარჯვების მეორე დღეს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლოდ დაწესებულება მოიცვა... მასწავლებლები ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, ჩახლეჩილი ხმით გაკვეთილებს როგორ ატარებთო... ასმაგად ამაყები კი იმ სკოლების წარმომადგენლები იყვნენ, სადაც ჩვენი ნაკრების საამაყო ფეხბურთელები სწავლობდნენ.
ჰოდა სანამ გამარჯვების სიმღერები მინავლდება, etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, რა ადგილი უჭირავს სპორტს და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღ წესს მოსწავლეთა ცხოვრებაში? როგორ უწყობენ ხელს მასწავლებლები მოსწავლეთა სპორტულ განვითარებას და სპორტის რომელი სახეობა მოსწონთ დირექტორებს... გთავაზობთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოსაზრებებს.
ირმა ხარაზიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტინგენტიანია და სულ 31 მოსწავლე გვყავს, სპორტის მიმართ დიდი დაინტერესებაა. ბავშვების რაოდენობა, ასაკობრივი ჯგუფები ცოტა ხელს გვიშლის, მაგრამ სხვადასხვა ღონისძიებას ვაწყობთ. ახლა 6 მოსწავლე ჭიდაობაზე დადის. გარდა ამისა, დაინტერესებული ბავშვები სკოლის ეზოსა თუ მის გარეთ, ფეხბურთში ვარჯიშობენ. შეიძლება ითქვას, რომ სპორტი ყველა მათგანს აინტერესებს. ჩვენ სკოლაში შიდა მოედანი არ გვაქვს, თუმცა გარე მოედნებით ვსარგებლობთ. მოსწავლეებს ნამდვილად ხელს ვუწყობთ. თავად მეც, მოსწავლეობის დროს, სპორტი ძალიან მიყვარდა და მუნიციპალური მასშტაბით, სირბილში წარმატებული ვიყავი. შესაბამისად, პირადადაც ვარ დაინტერესებული და რაზეც ხელი მიგვიწვდება, ყველანაირ საშუალებას ვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ სპორტის ახალგაზრდა მასწავლებელი მყავს, რომელიც ძალიან აქტიურია. ყველა შესაბამის აქტივობაში ვართ ჩართული. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება ჩვენც ვიზეიმეთ, ეს ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვანი სიხარული იყო. სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამისთვის არაერთი ღონისძიება მიგვიძღვნია, სადაც მოსწავლეები მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ იღებენ და პრაქტიკულ აქტივობებშიც ერთვებიან.
ტრისტან გუგავა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სკოლის მოსწავლეები სპორტის სხვადასხვა სახეობით - ფეხბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, შაში, ჭადრაკი... ძალიან დაინტერესებულები არიან. აღსანიშნავია, რომ შაშსა და ჩოგბურთში, ფაქტობრივად, ყოველ წელს პირველ ადგილს ვიკავებთ. როდესაც ბევრი მოსწავლე გვყავდა, ფეხბურთშიც წარმატებულები ვიყავით. ჩვენ მოსწავლეებს ყველანაირად ხელს ვუწყობთ. აღსანიშნავია, რომ იმ სიხარულს, რამაც მთელი საქართველო მოიცვა, ჩვენც შევუერთდით. სკოლაში ყველა - უფროსიც და უმცროსიც, ძალიან გახარებულია. რაც შემეხება მე, როდესაც მოსწავლე ვიყავი, ფრენბურთსაც კარგად ვთამაშობდი და ფეხბურთსაც. აქტიური ვიყავი სათხილამურო სპორტშიც, ბირთვის კვრაც ძალიან მიყვარდა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები სპორტით დაინტერესებულები იყვნენ. სოფელში მოსწავლეებს ფეხით სიარული უწევთ ხოლმე, ამ მხრივ, აქტიურები არიან. ქალაქში ბავშვმა თუ არ ივარჯიშა, ორგანიზმი მოუდუნდება. სპორტი და ვარჯიში ადამიანის მკურნალია.
რევაზ ჯოჯუა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მე-7, მე-8, მე-9 კლასებში სულ 4 მოსწავლე გვყავს. ამიტომ დაბალ კლასელებთან ვაერთიანებთ და „მხიარულ სტარტებს“ ხშირად ვატარებთ ხოლმე. ვფიქრობ, რომ ბავშვები რაც უფრო მეტ სპორტულ ღონისძიებაში ჩაერთვებიან, მით უკეთესია. ისინი უფრო ხალისიანები იქნებიან. ჩვენთან სპორტი ყველას უყვარს. როდესაც მოსწავლე ვიყავი, სპორტი მეც ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით, ფეხბურთი. ამ სახეობას გავყევი კიდეც და საქართველოს პირველობაზეც ვთამაშობდი.
მამუკა კუპატაძე, შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის დირექტორი:
ახლა სტადიონი მოვაწესრიგეთ, დავხაზეთ, მინი სტადიონი მოვაწყვეთ, ბადეები დავამონტაჟეთ - ეს ყველაფერი სწორედ თქვენს ზარს დაემთხვა. ზოგადად, ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოსწავლეებს ხელი შევუწყოთ. ვზრუნავთ, ჯანსაღი მომავალი თაობა გვყავდეს. მიმაჩნია, რომ მოსწავლეები სპორტულად აქტიურები უნდა იყვნენ, ეს ჯანმრთელობაცაა. თუ ჯანსაღი ახალგაზრდა თაობა არ გვეყოლება, ისე ფასი არაფერს ექნება. ამიტომაც, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. მოსწავლეები ჭადრაკით, ტენისით, მაგიდის ჩოგბურთითა და ფეხბურთით დაინტერესებულები არიან. ერთი მოსწავლე - მეექვსეკლასელი დათო ცერცვაძე ფეხბურთს უფრო სერიოზულად მიჰყვება.
ელისო დოღაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:
თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ. ბავშვები ჭადრაკით, მაგიდის ჩოგბურთით, ფეხბურთითა და კალათბურთით არიან დაინტერესებული. მოსწავლეებს ხელს მაქსიმალურად ვუწყობთ, შესაბამისი ინვენტარი გვაქვს, სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს. სოფელში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონიც არის. შესაბამისად, სკოლაში ნამდვილად ხელშემწყობი პირობებია. რაც შემეხება პირადად მე, როდესაც მოსწავლე ვიყავი, სპორტს აქტიურად არ მივდევდი, თუმცა სპორტის გაკვეთილებს აქტიურად ვესწრებოდი. ვფიქრობ, ბავშვების ჯანმრთელობისა და გაჯანსაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტით დაინტერესდნენ.
ბესარიონ სიხარულიძე, თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეები სპორტით ძალიან დაინტერესებულები არიან და პერიოდულად, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და დირექციის ხელშეწყობით, არაერთი თემატური ღონისძიება იმართება. ეწყობა შეჯიბრებები ფეხბურთში, კალათბურთში, მხიარულ სტარტებში და ა.შ. მოსწავლეებს ნამდვილად მნიშვნელოვანი ხელშეწყობა აქვთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვები სწავლის გარდა, სპორტის მიმართულებითაც განვითარდნენ. ამიტომაც, მოსწავლეებს თემატურ აქტივობებში აქტიურად ვრთავთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები