მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება გაიმართა
04-04-2024
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს თემატური აქტივობები ეძღვნება.
ახლახან, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრა სკოლის თვითმმართველობისა და სპეციალური მასწავლებლის - ნანა ჟორჟოლიანის ინიციატივით, ჩატარდა. მის მიმდინარობაში ყველა დიდი ინტერესით ჩაერთო, მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფერად გაატარეს.
შეხვედრაზე ამ დღისა და დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს: „2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. დაუნის სინდრომი განპირობებულია ქრომოსომათა რაოდენობის ცვლილებით. ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს სინდრომს და არა დაავადებას. სინდრომს, ანუ ერთობლივად გამოვლენილი ნიშნების კომბინაციას, რომლებსაც საერთო მიზეზი აქვთ. დაუნის სინდრომი არ გადაეცემა მემკვიდრეობით. სტატისტიკის მიხედვით, მთელს მსოფლიოში ყოველი რვაასი ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ყველგან გვხვდებიან, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ეთნიკურ, კულტურულ და სოციალურ ჯგუფში. საბოლოოდ ერთხმად უნდა ვთქვათ რომ „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.