ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა შეისწავლეს, რას ფიქრობენ თემში გენდერულ თანასწორობაზე
05-04-2024
დაკოპირებულია
-
+
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც ყურადღებას საზოგადოებრივ პრობლემებზეც ამახვილებენ.
1-ელი-3 აპრილის ჩათვლით, სკოლის ეკოკლუბელებმა შეისწავლეს, რას ფიქრობენ თემში გენდერულ თანასწორობაზე და რამდენად სწორად ესმით მეზობლებს, ნათესავებსა თუ თანასკოლელებს გენდერული თანასწორობის არსი.
ამისათვის გუნდის ხელმძღვანელთან ერთად საგანგებო კითხვარი შეიმუშავეს, რომელიც აერთიანებდა შემდეგ კითხვებს:
1. რას წარმოადგენს თქვენთვის გენდერული თანასწორობა?
2. როგორ ფიქრობთ, გენდერული თანასწორობა თანაბრად ეხება ორივე სქესს თუ მხოლოდ
ქალთა უფლებებთან ასოცირდება?
3. რამდენად ხშირად ხართ გენდერული უთანასწორობის მოწმე?
4. რომელი პროფესიები გახსენდებათ, სადაც გენდერული დისბალანსი მკვეთრადაა
გამოხატული?
5. რომელი ასაკიდან არის უმჯობესი გენდერული განათლების მიღება?
6. რას იწვევს გენდერული უთანასწორობა?
თანაბარი რაოდენობით გამოიკითხა ორივე სქესის ადამიანი. მოსწავლეებმა ყურადღებით მოისმინეს რესპოდენტების მოსაზრებები და გაანალიზეს.
„საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა; მაღალია ადრეულ ასაკში ქორწინების რიცხვი, ქალები წარმოადგენენ უმცირესობას გადაწყვეტილების მიღების დონეზე და ხშირია გენდერული იდენტობის უფლებადარღვევის შემთხვევები.
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამ საკითხზე განათლებას ბავშვები უნდა იღებდნენ 14-15 წლიდან. იცოდნენ, რომ ქალებს, კაცების მსგავსად, შესწევთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარი, თუმცა ასე უფრო მეტი ქალი ფიქრობს, ვიდრე კაცი. აღნიშნეს ისიც, რომ გენდერული უთანასწორობა საზოგადოებაში ზრდის ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ, ემოციურ და ეკონომიკურ ძალადობას“,- ამბობენ სკოლაში.