„მადლობა თავისუფლებისათვის! გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს!“- ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
10-04-2024
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს და ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მე-11 ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნატალია თურქაძის ხელმძღვანელობით ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს და მთელი პასუხისმგებლობით წარდგნენ მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეების წინაშე.
„9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა ისაუბრეს რა მოვლენები უძღოდა წინ 9 აპრილს, რა შეცვალა სისხლიანმა ღამემ მსოფლიო ისტორიაში, რა მოვალეობები აკისრია თითოეულ ადამიანს ამ მონაპოვრის შენარჩუნებისა და დაცვისათვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც გვიყვებიან, მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს და აზუსტებდნენ ბუნდოვან საკითხებს.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ამ დღის მნიშვნელობა და თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე.
„აღნიშნულ დღეს, ასევე, ვნახეთ დოკუმენტური კადრები, რამაც კიდევ უფრო დაგვაფიქრა ჩვენი გმირების თავგანწირვაზე.
9 აპრილი არის დღე, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ დამოუკიდებლობა კონკრეტული ადამიანების გმირობისა და სიცოცხლის ფასად მოვიპოვეთ.
მადლობა თავისუფლებისათვის! გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.