კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იმართება.ახლახან, სკოლაში გამოფენა - „წინარეხის სკოლის ისტორიიდან“ მოეწყო, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების 145 წლისთავს მიეძღვნა. გამოფენაზე, წინარეხის სკოლის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული ასლები გამოფინეს. ისინი 1879-1916 წლების პერიოდს მოიცავდა.
აღნიშნული გამოფენა არქივის წარმომადგენელმა ვანო ჯახუამ მოაწყო. მან საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საარქივო ფონდი დაამუშავა და ამ მასალების ნაწილი ღონისძიებაზე ბანერების სახით წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზება და ფინანსური მხარდაჭერა წინარეხის საჯარო სკოლამ ითავა.
წინარეხის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს დაიწყო სასკოლო პროექტის - „ფესვები“ განხორციელება, რომელიც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კულტურულ მემკვიდრეობის, თვითშეგნების ჩამოყალიბებასა და შექმნილი სულიერი და მატერიალური ფასეულობების თვითმყოფადი ეროვნული კულტურის განვითარების პროცესში შექმნილი სულიერი და მატერიალური ფასეულობების დაცვას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეების, მშობლების, სკოლის თემის დახმარებით. შეგროვდა ფოტო, ვიდეო, საარქივო მასალები. გამოიცა სასკოლო გაზეთი „ფესვები“. შეგროვილი მასალები კი ალბომის სახით დაიბეჭდა და ინტერნეტში განათავსეს, რათა დაინტერესებულ პირებს წინარეხის სკოლის ისტორიის გაცნობა შეეძლოთ.
ამ პროექტის ფარგლებში, შეგროვდა ქვათახევის მონასტრის წიგნთსაცავის ისტორიაც, რომელიც ამავე მონასტერს გადასცეს. მუსიკის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, თოჯინების თეატრი გამართეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. VIII კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ. მუზეუმებში ვიზიტი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის მხარდაჭერით დაიგეგმა.
სკოლაში გამართულ ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სოფლის თემის წარმომადგენლები, სკოლის მოქმედი და ყოფილი პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები ესწრებოდნენ.
„ბატონ ვანო ჯახუას წარმოდგენილი საარქივო მასალები, ბანერების სახით, ჩვენი სკოლისთვის დიდი შენაძენია. ისინი გამოფენილი იქნება სკოლის სივრცეში და იქნება ჩვენი სკოლის ისტორიის შეხსენება. დიდი მადლობა ბატონ ვანო ჯახუას ამისთვის.
ღონისძიებაზე ბატონმა ვანო ჯახუამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სკოლის ისტორია, რომელიც გადმოცემული იყო საარქივო დოკუმენტებითა და საგაზეთო პუბლიკაციებით. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციები სკოლის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს სკოლის პედაგოგებმა და ასევე დამსწრე საზოგადოებამ.
ღონისძიების ბოლოს, კასპის მერმა სკოლას გადასცა მილოცვა, მან სკოლას 145 წლის იუბილე მიულოცა და პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის, მადლობა გადაუხადა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: