მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ორიოდე დღის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა მოგვმართა და გვითხრა, რომ ადგილობრივი სკოლამდელი გაერთიანების ხელმძღვანელმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით შეატყობინა დასაქმებულებს, რომ სამუშაო საათები 18:00 საათამდე გაუხანგრძლივდებათ (ადგილობრივ ბაღებში სამუშაო საათები იყო 09:00-17:00).
ეს გადაწყვეტილება კი ბაღის პერსონალისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისიდან გამომდინარე - „ბაღის მასწავლებლების ანაზღაურება 570 ლარია - დილის 9-საათიდან საღამოს 5 საათამდე ვმუშაობთ. არ გვაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, მხოლოდ ერთი ცვლაა და ამ ყველაფერთან ერთად, სოციალური ქსელით გავიგეთ, რომ სამუშაო დრო დამატებით 1 საათით იზრდება, რაც მიუღებელია“, - აღნიშნა etaloni.ge-სთან საუბრისას აღმზრდელმა.
საგარეჯოს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა - ნაილი ალექსაშვილმა მართლაც გაავრცელა სოციალურ ქსელში აღნიშნული ინფორმაცია. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამუშაო საათებია 9:00- 18:00“ - სწორედ ეს ფეისბუქსტატუსი გახდა ბაღის პერსონალის უკმაყოფილების მიზეზიც.
დეტალებში უკეთ გასარკვევად, etaloni.ge საგარეჯოს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელს დაუკავშირდა:
- ქალბატონო ნაილი, იქნებ გვითხრათ, რატომ გაეზარდათ სამუშაო საათები ბაღებში დასაქმებულებს?
- არასწორი ინფორმაცია გავრცელდა... უბრალოდ, მშობელთა ნაწილს, სამსახურებიდან გამომდინარე, სურს ბავშვები 6 საათამდე დარჩნენ. ამიტომ დამატებითი ჯგუფების შექმნაზეა საუბარი, საკითხს ვიკვლევთ და შესაძლოა ეს ჯგუფები დაემატოს.
- როდიდან გეგმავთ?
- ჯერ არ ვიცით, მშობელთა სურვილიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ...
- იქიდან გამომდინარე, რომ პერსონალის ნაწილისთვის სამუშაო საათები გაიზრდება, ეს აისახება მათ ხელფასებზეც?
- რა თქმა უნდა! ასეთ შემთხვევაში ხელფასი მოიმატებს.
- ერთცვლიანია თქვენთან ბაღები?
- დიახ, თუმცა ვგეგმავთ სამომავლოდ, ორ ცვლაზე გადავიდეთ.
- ეს ხომ ხელფასზეც აისახება - დათანხმდებიან ბაღებში დასაქმებულები, ორად გაიყოს მათი ანაზღაურება?
- პირველი ცვლის მასწავლებელს თავისი ხელფასი ექნება და მეორე ცვლას თავისი!
- ისე, საკმაოდ დაბალი ანაზღაურება ჰქონიათ თქვენს მუნიციპალიტეტში აღმზრდელებს?
- 747 ლარი აქვთ...
- დარიცხული?
- დიახ, დარიცხული და ხელზე იღებენ 597 ლარს.
- ქალბატონო ნაილი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ანაზღაურების ზრდა, რომელიც მუნიციპალიტეტებშიც ითვალისწინებდა ბაღის პერსონალისთვის 100 ლარიან მატებას, შეეხოთ თქვენთანაც?
- რა თქმა უნდა, ყველას მოემატა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური