ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში დედაენის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
18-04-2024
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად იქ, დედაენის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე საინტერესო აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, I-IV კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის პერსონაჟები „გააცოცხლეს“. გარდა ამისა, კალიგრაფიული წერა გაიმართა, ჟიურიმ კი საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა.
საუკეთესო კალიგრაფი მე-7 კლასის მოსწავლე თამთა ღონღაძე გახდა. ასევე, შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს შემდეგმა მოსწავლეებმა:
ლიზი ტოფაძე - VIII კლასი;
ქეთო ღონღაძე - V კლასი;
ანამარია ყვავაძე - IV კლასი;
ქრისტინე საყვარელიძე - II კლასი.
სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურს - „ო, ენავ ჩემო“, გაიმართა. გამოვლინდა საუკეთესო დეკლამატორი, რომელიც III კლასის მოსწავლე თომა კობახიძე გახდა. I, II, III ადგილის მფლობელები კი ვალერიან მუმლაური, ელენე ჩხეიძე და მარიამ ბლუაშვილი გახდნენ.
მხატვრულ კითხვაში გამარჯვებულ კონკურსანტებს მცირედი საჩუქრები სკოლის ადმინისტრაციისგან, ხოლო საუკეთესო დეკლამატორს - დამრიგებლისგან გადაეცა.
„წარმატება ჩვენს მერცხლებს“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.