„ქიმია და სიყვარული“- წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
23-04-2024
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი პროექტებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული.
მათ შორის, სკოლაში მიმდინარე ქიმიის კვირეულის - „ქიმია ჩვენ გარშემო“ დასკვნითი დღის თემა იყო „ქიმია და სიყვარული“. ამასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია X-XI კლასების მოსწავლეთა გუნდმა გამართა. მის შემადგენლობაში იყვნენ: ლიზი კეთილაძე, ლუკა კოპალიანი, თამაზ დუნდუა, მარიამ სილაგაძე, ნიკა ტალიაშვილი, ლილე ჩხაბერიძე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს, როგორ დაწესდა ქართული სიყვარულის დღე - 15 აპრილი; რა არის სიყვარული; რამდენი სახის სიყვარულს იცნობს კაცობრიობა; რა სტადიები ახასიათებს მას და რა ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს სიყვარულის დროს ადამიანის ორგანიზმში და რომელი ჰორმონები გამოიყოფა თითოეული სტადიის დროს. ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რას იწვევს თითოეული ეს ჰორმონი.
გარდა ამისა, პრეზენტაციაზე ადამიანის ტვინში კოცნის, ჩახუტების, სიყვარულის დროს მიმდინარე პროცესების შესახებ ვიდეორგოლები უჩვენეს. ბოლოს კი, ნორჩმა ქიმიკოსებმა ქიმიური ექსპერიმენტები: „სპილოს ხორთუმი“, „ვულკანი“, „წვა უცეცხლოდ“, ჩაატარეს. პრეზენტაციამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლის დირექტორმა - მაია ქობულიამ ქიმიის კვირეულისა და დასკვნითი დღის პრეზენტაციის - „ქიმია და სიყვარული“ შეფასებისას აღნიშნა, რომ ნორჩმა ქიმიკოსებმა საინტერესო, მრავალფეროვანი თეორიული მასალით გაჯერებული პრეზენტაციები, სახალისო და საჭირო ექსპერიმენტები მაღალ დონეზე წარადგინეს და თავიანთი შრომისმოყვარეობა, ანალიზისა და შეფასების უნარები და ინტერესი ქიმიის შესწავლისადმი ნამდვილად წარმოაჩინეს. მან კვირეულის ყველა მონაწილესა და კვირეულის ორგანიზატორს - ქიმიის მასწავლებელს მარინა გურეშიძეს წარმატებები უსურვა.
„მართალია, ადამიანებს სულაც არ აინტერესებთ, რა ქიმიური პროცესები ხდება მათ ორგანიზმში შეყვარებულობისას, მაგრამ ვერ უგულებელვყოფთ, რომ სიყვარული - ქიმიაა! ენდორფინები, ფერომონები, დოფამინი, ოქსიტოცინი, ადრენალინი, სეროტონინი - მოსწავლეებმა განმარტეს, რომ ეს ჰორმონთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ურთიერთობებზე, რომ გულისცემის გახშირება, მადის დაკარგვა, ხელების კანკალი, გაფანტულობა, ამაღლებული განწყობა, სხეულში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება და ა.შ. სწორედ ქიმიური რეაქციებისა და ჰორმონების „დამსახურებაა“, - ამბობენ სკოლაში.