ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა
02-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლაში, სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. სკოლაში, ტრადიციულად, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლაში, გარემოს დაცვის მიმართულებით ორმა პედაგოგმა ისტ-ის მენტორმა მასწავლებელმა - ნათია კამკამიძემ და მუსიკის წამყვანმა პედაგოგმა - ნანა ჭირაქაძემ ერთობლივად ჩაატარეს საინტერესო შეხვედრა მე-6ბ კლასის მოსწავლეებთან.
გაიხსენეს რომ 22 აპრილი, დედამიწის დღედ გამოცხადდა გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით. შეხვედრაზე წარდგენილი იყო ცნობილი ანიმაციები დედამიწის დაცვაზე, ასევე ჩატარდა მცირე ტრენინგი „გარემოს დაცვის პრინციპებზე“, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ცოდნა გარემოსდაცვითი პრობლემის შემთხვევაში რომელ სამსახურებს ევალებათ ამ საკითხის პრევენცია და აღკვეთა. ბავშვებმა, ასევე მუსიკის მიმართულებით მოისმინეს პოპ ვარსკვლავის ლუი არმსტრონგის ცნობილი სიმღერა, რომელიც საზოგადოებას დედამიწის სიყვარულისა და გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.
„ამ დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები დედამიწაზე უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მოვლას ასწავლის.