მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს.
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.
კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა, ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.
დღეს ასევე, მართლმადიდებლები ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს ზეიმობენ.
წმინდა სინოდმა 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. პარლამენტმა კი 2019 წელს დაამტკიცა და სწორედ ამ დროიდან დაწესდა ეს დღესასწაული. მანამდე კი მხოლოდ ანდრია მოციქულის ხსენების დღე აღინიშნებოდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს.
რაც შეეხება, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.
12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე