TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ინტერვიუ გუმბათის საჯარო სკოლის გახსნის მთავარ ორგანიზატორთან და ისტორია, რომელიც თაობებს გადაეცემა 
07-06-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა წელს დაარსებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს. სკოლის მატიანე არაერთ წარმატებულ ფურცელს ინახავს. სკოლის ისტორიის თაობებისთვის გადაცემა კი მეტად მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც საკუთარ თავზე მასწავლებელმა ციცინო გობაძემ აიღო. პედაგოგი სკოლის ისტორიას აგროვებს, რომელიც ბლოგზე განთავსდება და თაობებს გადაეცემა.

სწორედ ამ მიზნით, პედაგოგმა ინტერვიუ ჩამოართვა სკოლის გახსნის მთავარ ორგანიზატორს, იმ დროისათვის წალკის რაიონის ხელმძღვანელს - ბატონ გიორგი კვალიაშვილს.

ინტერვიუს etaloni.ge უცვლელი სახით გთავაზობთ:

- ბატონო გიორგი,  მოგვიყევით თქვენ შესახებ,  როგორი იყო თქვენი გზა წალკის რაიონის ხელმძღვანელობამდე?

- 90-იანი წლების დასაწყისში  ვმუშაობდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირველი მდივნის თანამდებობაზე, იმ დროს სამხრეთ საქართველოში დღის წესრიგში იდგა  მეორე მსოფლიო ომის დროს სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული ე. წ. „თურქი მესხების“ ჩამოსახლების საკითხი,  ამ პროცესებს აქტიურად ხელმძღვანელობდა აწგანსვენებული პროფესორი გურამ მამულია, რომელთანაც  ვთანამშრომლობდი. 1992 წელს გურამ მამულია გახდა პარლამენტის წევრი, ხოლო მე დავინიშნე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად, მაშინ უფრო აქტიურად დავიწყეთ მუშაობა „თურქი მესხების“  წალკაში ჩამოსახლებაზე, რომლებიც იმ დროისათვის რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდნენ, ამ საკითხთან დაკავშირებით მე და ბატონი გურამი წალკაშიც ვიყავით ჩამოსულები,  დასათვალიერებლად ჩამოყვანილი  გვყავდა ოცდაათამდე  დეპორტირებული მესხი,  რომლებსაც ღამე რეხაში გავათენებინე, რადგან იმ დროისათვის ის იყო ერთადერთი  ქართული  სოფელი და მინდოდა ენახათ.  მათ მოეწონათ აქაურობა,  ძალიან უნდოდათ,  რომ რუსეთში გაეყიდათ თავიანთი საცხოვრებელი სახლები, შეეძინათ წალკაში და აქ დაფუძნებულიყვნენ

 ამ დროისათვის ბატონი ედუარდ შევარდნაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ასევე  მითხრა, რომ  მეფიქრა წალკაში ,,თურქი მესხების“  განსახლების თაობაზე,  მას არ უთქვამს, რომ უნდა განვასახლო, მითხრა, რომ მეფიქრა...

1993 წელს გაუქმდა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი და მე დავინიშნე წალკის გამგეობის თავმჯდომარედ, იმ დროისათვის აქ იყო საშინელება, ყაჩაღობა, ძარცვა-გლეჯა, კარგა ხანი მოვანდომეთ ყოველივე ამასთან ბრძოლას, იძულებით გავიყვანეთ მხედრიონი, იგივე მაშველთა კორპუსი და სხვა უკანონო სამხედრო შეიარაღებული ფორმირებები. 

- როგორ დაიწყო წალკის რაიონში ეკომიგრანტების დასახლება და რა იყო თქვენი როლი?

- რაიონში ხალხის ჩამოყვანის, საკითხი ისევ მწვავედ იდგა, რადგან ბერძენი  მოსახლეობა მიდიოდა, სოფლები იცლებოდა, მოგეხსენებათ, ,,უპატრონო ეკლესიას ეშმაკი ეპატრონება“,  რუსეთის ფედერაციიდან იყო დიდი ზეწოლა ,,თურქი მესხების“ წალკაში ჩასახლების თაობაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთიდან ჩამოვიდა  დელეგაცია, ისინი მოვიდნენ რეგიონში,  შევხდით მოსახლეობას, ბერძენმა მოსახლეობამ უარი თქვა სახლების გაყიდვაზე, რადგან ისინი  გარკვეული დროის გასვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას ფიქრობდნენ,  ამის გამო  პროცესი შეჩერდა, რაც, ჩემი აზრით, ხელსაყრელი იყო სახელმწიფოს ინტერესებისათვის.  

დავიწყეთ სხვა გამოსავლის ძიება, რადგან  ფაქტობრივად რაიონს ვკარგავდით, გადავწყვიტეთ, რომ  სოფლები შეგვევსო მაღალმთიანი რეგიონების სოფლებიდან, რადგან მოსახლეობა შეგუებული ყოფილიყო  მკაცრ კლიმატურ პირობებს,   პირადად მე არჩევანი ხულოს რაიონსა და სვანეთზე გავაკეთე, რადგან აქ მოსახლეობა ზვავ და მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდა და ჰქონდათ საცხოვრებელი ფართის პრობლემები. 1993 წლიდან დავიწყეთ წალკაში ოჯახების ჩამოსახლება. საჭიროებიდან გამომდინარე, დავაყენეთ ქართული სკოლის გახსნის საკითხი, ამ მხრივ  უდიდეს მხარდაჭერას გვიწევდა პრეზიდენტი შევარდნაძე და, ზოგადად, მაშინდელი ხელისუფლება. მივაღწიეთ იმას, რომ 1997 წლის 17 სექტემბერს წალკაში გავხსენით ქართული სკოლა. ეს გახლდათ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა წალკის ისტორიაში, სკოლის პირველი დირექტორი გახლდათ არაჩვეულებრივი პიროვნება, შესანიშნავი ფილოლოგი,  აწგარდაცვლილი ბატონი თამაზ შეშაბერიძე. გვქონდა პედაგოგების პრობლემა, ამის გადასაჭრელად   შიდა ქართლიდან  ჩამოვასახლეთ მასწავლებელთა 15 ოჯახი, რომლებიც  სკოლაში დასაქმდნენ, ისინი  დანამატის სახით იღებდნენ 200 ლარს. 

მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი,  შემდეგი ჩემი სამიზნე გახდა გუმბათი, იმიტომ რომ გუმბათი ფაქტობრივად გაძარცვული იყო, ამ მხრივ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული სოფელი, ამ სოფელში ჩამოსახლებისათვის არჩევანი გავაკეთე ხულოს მოსახლეობაზე, მათთან   მოვილაპარაკეთ,  ჩამოვიყვანეთ მოსანახულებლად და მოეწონათ. 

- რა გამოწვევები იყო და როგორ უმკლავდებოდით?

- როდესაც პირველი 35 ოჯახი ჩამოვიდა გუმბათში, ეს იყო ძალიან მძიმე და რთული დღე,  მართალია, ჩვენ მათ ველოდებოდით და ტრანსპორტიც გამოვუყავით,   მაგრამ  იყო ამ ხალხის  დაბინავების პრობლემა, სახლები იყო დაკეტილი,  რომლებსაც ყარაულობდნენ საბერძნეთში  წასული ადამიანების მეგობრები და ნათესავები...

ავედით გუმბათში, მახლდნენ პოლიციის თანამშრომლები, შევხვდით  ჩამოსულ ხალხს,  რომლებიც ოჯახებით, ბავშვებით გარეთ იყვნენ,  დავიწყეთ ჩამოვლა,  ვხსნიდით ბერძენი მოსახლეობის დაკეტილ სახლებს და ვასახლებდით ეკომიგრანტებს,  ეს არ იყო სისხლის სამართლის რაიმე დანაშაული, მაგრამ  არ იყო კანონიერი ქმედება, არავის არა აქვს უფლება სხვის საკუთრებას შეეხოს, თუმცა  ეს გავაკეთეთ, რამდენად სწორად ვიქცეოდით, ვერ გეტყვით,  ეს ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე,  ძალას მაძლევდა ისიც, რომ სოფლის გამგებლად მყავდა დანიშნული იმ ეტაპზე ჩემთვის სანდო პიროვნება შოთა ჩამჩიევი, რომელმაც იცოდა ქართული ენა,  ჰქონდა ავტორიტეტი ბერძნულ მოსახლეობაში და ამავე  დროს  კარგად ესმოდა, რომ  სოფლის შენარჩუნებისთვის ეს აუცილებელი იყო.  ასე ჩავასახლეთ ეს 35 ოჯახი, შემდეგ ჩამოიყვანეს საქონელი, თანდათან მოემატა ხალხი, გაგრძელდა სახლების გახსნის პროცესი, რასაც მოჰყვა ხმაური,  იყო დაპირისპირება საბერძნეთის საელჩოსთან, საბერძნეთის  ხელისუფლებისგან მოდიოდა საპროტესტო ნოტები  ედუარდ შევარდნაძესა  და საგარეო საქმეთა მინისტრთან,  მწვავდებოდა   დიპლომატიური კონფლიქტი,  მიდიოდა უმარავი საჩივარი საბერძნეთში, გარდა ამისა, დაიწყო თავდასხმები, შეტევები, მუქარა, იყო პერიოდები, როდესაც გუმბათის დასაცავად შეყვანილი მყავდა  თბილისიდან პოლიციის გაძლიერებული კონტინგენტი, ფაქტობრივად სოფელს ვდარაჯობდით, ამას ემატებოდა ისიც, რომ თვითონ ჩამოსახლებულებშიც იყვნენ შემოგზავნილები, რომლებიც პროვოკაციას და პანიკას თესავდნენ,  ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხალხი დაეფრთხოთ და ეს პროგრამა ჩაეშალათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ამ პროცესების   განვითარებით ძალიან დაინტერესებული იყო ბატონი  ჯემალ გოგიტიძე,  გამორჩეულად  წესიერი პიროვნება , ასევე  ჩართული იყო აჭარის ხელისუფლება , თვით ასლან აბაშიძე, მსგავსი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მანამდე არასოდეს განხორციელებულა.

- რას იტყვით გუმბათში  სკოლის გახსნის პროცესზე?

- წალკაში ერთადერთი უძველესი ქართული სკოლა  ფუნქციონირებდა ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფელ რეხაში

როგორც უკვე ვთქვი, თავდაპირველად გავხსენით წალკის N1  ქართული  სკოლა,   რომელიც განვათავსეთ რუსული სკოლის შენობაში,  ჩვენ  შეგვეძლო ამისათვის სხვა ფართიც მოგვენახა, მაგრამ ეს საჭირო იყო, რადგან  სკოლა ასე  დაცული იყო,  მძიმე პერიოდები ამ სკოლასაც ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ  ერთადერთხელ  დაარბიეს. 

როდესაც სოფელი გუმბათი  ასე თუ ისე შეივსო, დადგა სკოლის გახსნის საკითხი,   აქ მოგვიხდა კომპრომისზე წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კადრი გვყავდა, დირექტორად დავნიშნეთ შოთა ჩამჩიევის მეუღლე, დარიკო გურჯიევა,  ამის  მიზანი ის   იყო, რომ მას და მის ქმარს მიექციათ ყურადღება   ახლადჩამოსახლებულთათვის და  დაეცვათ არა ფიზიკურად, არამედ მორალურად,   გაეწიათ აგიტაცია  ბერძნულ მოსახლეობაში, რათა ეს ხალხი ყოფილიყო  მშვიდად,  მანამ, სანამ ჩვენი სახელმწიფო და ჩასახლებული მოსახლეობა უფრო გაძლიერდებოდა.

შემდეგში გუმბათიდან მოსახლეობის ნაწილი წავიდა ქვემო ხარაბაში, იქაც გავხსენით სკოლა, შემდეგი იყო ჩაპაევკა

 ამ პროცესების აქტიური მონაწილეები იყვნენ  ანდრო ანთაძე, მამია ირემაძე, ავთო დავლაძე,  თენგო შავაძე, ნოე  ხოზრევანიძე.

შემდეგ გაიხსნა სოფელი ხანდო, სოფელ ხანდოშიც და გუმბათშიც უდიდესი დახმარება გაგვიწია სოფელ  რეხის მკვიდრმა რუსლან ხუციშვილმა,  რომელიც მაშინ იყო ხანდოს მეურნეობის დირექტორი. 

გუმბათის სკოლის გახსნამ მოგვცა დიდი გამოცდილება, ხანდოს მოსახლეობასაც რომ საცხოვრებელი სახლების პრობლემები არ შექმნოდა,  ასეთი გეგმა განვახორციელეთ,  იმ დროისათვის  ხანდოში მეურნეობის ქონება, მათ შორის პირუტყვიც,  _  გავყიდეთ,   შემოსული ფულით   სახლები ვიყიდეთ ეკომიგრანტებისთვის.   რუსლან ხუციშვილი უშუალოდ  ჩავიდა საბერძნეთში, ნახა   ხანდოელი ბერძნები,  მოელაპარაკა, დადო მათთან ხელშეკრულებები   და  ეკომიგრანტები უპრობლემოდ შესახლდნენ დატოვებულ სახლებში, იგივე გავაკეთეთ ჩაპაევკასა და კარაკომშიც, საბოლოო ჯამში, ის რეგიონი, რომელზეც  მე ვაგებდი პასუხს, გაძლიერდა,  გაიხსნა ქართული სკოლები,  გავხსენით  საბავშვო ბაღებიც,  გუმბათში საბავშვო ბაღი  ქალბატონი ეთერი ყიფიანის  თაოსნობით გაიხსნა მისივე სახლში. 

რა თქმა უნდა, ყველაფერი დალაგებული ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ  როგორც ვხედავთ, ხალხი უკვე თავს ისე გრძნობს,  როგორც  მშობლიურ სახლში.

- რას იტყვით სოფელ გუმბათში  სკოლის გახსნის მნიშვნელობაზე?

_ ჩვენ გვაქვს იმის მაგალითი, თუ როგორ განადგურდა სოფელი ტარსონი, რომელსაც მე ვერ ჩამოვუსწარი, სამწუხაროდ, ამ სოფლის მხოლოდ  საძირკვლებია დარჩენილი  და ეკლესია, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს,  _ ასე იქნებოდა გუმბათიც და შემდეგ სხვა სოფლებიც, თუ იქ სხვა არ შესახლდებოდა. 

 გუმბათის სკოლა იყო ფაქტობრივად მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი,   მან   საფუძველი ჩაუყარა სხვა სოფლებისა და სკოლების გახსნას. 

ამ სკოლაშიც იყო ბევრჯერ არასასიამოვნო ფაქტი, მაგალითად, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, მე მყავდა კანდიდატი, მაგრამ იყვნენ ადგილობრივი   მოწინააღმდეგეები, რომლებსაც ჰქონდათ ქართველი  მოსახლეობისა და ჩემი საწინააღმდეგო პროგრამა, მათ,  სამწუხაროდ, მომხრეები ჰყავდათ  გუმბათის ადგილობრივი მოსახლეობისგანაც, ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, რადგან   მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მისი  მომხრეები მიდიოდნენ სახელმწიფო პოლიტიკის, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, შემდეგ, როდესაც  ბატონი ნოდარ შავაძე დავნიშნეთ დირექტორად, ის  დაგვეხმარა და ყველაფერი დალაგდა, დეპუტატი გახდა ის, ვინც უნდა გამხდარიყო და  ჩასახლების პროგრამაც გაგრძელდა,  რაშიც სწორედ მაშინდელ  დეპუტატ აიდინოვს მიუძღვის დიდი წვლილი. 

ვიცოდი, რომ  ამ პროცესის შეუქცევადობაზე იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისათვის ბევრი სასიკეთო რამ, სწორედ ამიტომ   შევხვდი ედუარდ შევარდნაძეს, შევუტანე ჩასახლების პროგრამა,   სოფლებისა და კონტინგენტის  ჩვენებით, ერთ-ერთი პირველი იქ დასახელებული მქონდა გუმბათი, რადგან გუმბათი ჩემთვის მნიშვნელოვანი სოფელი იყო, ეს დოკუმენტი  შენახული მაქვს,  ძალიან საინტერესოა ედუარდ შევარდნაძის რეაქცია და მისი რეზოლუცია, როდესაც ამ დოკუმენტს ხელს აწერს, ასე მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: ,,დაუყოვნებლივ  მიიღეთ  შესაბამისი ზომები, მალე გვიან იქნება“, არასოდეს უმაღლესი რანგის დიპლომატ  შევარდნაძეს ასეთი მკვეთრი განცხადება  ხმამაღლა და, მით უმეტეს, წერილობით არ გაუკეთებია_  „მალე გვიან იქნება“_  თქვენ წარმოიდგინეთ, ვისაც ეს ეხებოდა, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ და როგორ დატრიალდებოდნენ.

1996 წელს, როდესაც ისევ  განახლდა სამხარეო ადმინისტრაციების ფუნქციონირება, მივმართე  ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით გამოვარჩევდი რწმუნებულის მოადგილეებს- გოჩა ლორიას და ელდარ ხვისტანს.   ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩასახლების პროგრამა  დადებითად წარმართულიყო,    განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია  ამ საშვილიშვილო საქმეში საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს  წვლილი,  რომლებთანაც ხშირი შეხვედრები და თანამშრომლობა მქონდა. 

მათი დახმარებით ეს ხალხი იყო დაცული, ხელისუფლება უშუალოდ იყო ჩართული, მაშინდელმა  პრემიერ-მინისტრმა ავთო ჯორბენაძემ მითხრა,   _ რასაც  მე და მთელი მთავრობა ვაკეთებთ, არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც შენ აკეთებ,   გააგრძელე ასე და შენთან ვართ ბოლომდე-ო.  

1998 წელს დამირეკა საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბორის სალარიძემ და მითხრა, რომ  პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მოდის შენთან და გზების მოწესრიგებას ვიწყებთო, უნდოდა ენახა ბატონ ედუარდს, აქ რა ხდებოდა,  წალკაში ბატონი ედუარდი გამგეობის შენობაში  შეხვდა ადგილობრივ ბერძენ მოსახლეობას  და წალკის ქართული სკოლის მასწავლებლებს. შემდეგ  მანქანებით დავიძარით, გავიარეთ სოფლებში, ჩავიყვანე  გუმბათში, შევიყვანეთ სკოლაში,  შევიდა პირდაპირ გაკვეთილებზე,   იქ ბავშვებს დაელაპარაკა, მოეფერა, მასწავლებლებს და  მოსახლეობას ელაპარაკა, გაამხნევა,  შემდეგ  შევედით გუმბათის მეზობელ ყველაზე დიდ სომხურ სოფელ აშკალაში. იქ მთელი სოფელი შეკრებილიყო, შეხვდა და მათაც ელაპარაკა. 

საშინელი გაჭირვება იყო ქვეყანაში,  გამგებლის ხელფასი შეადგენდა 80 ლარს,  მიწა მქონდა,  ვამუშავებდი, ძროხები მყავდა, თორემ როგორ შეიძლებოდა ამ ხელფასით არსებობა, მასწავლებლებს 200 ლარი ჰქონდათ დანამატი, ეს  ძალიან ეხმარებოდა მათ,  შემდეგ მიწები დავურიგეთ.   შევარდნაძემ თანხები გამოყო ამ ხალხისათვის სახლების შესაძენად  და მიდიოდა ნელ-ნელა  პროცესი, მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, როცა შეიცვალა ხელისუფლება და  მოვიდა ნაცმოძრაობა, მათ  დაუშვეს ფუნდამენტური შეცდომა, როცა სახლები შეიძინეს, სახლებს ყიდულობდნენ იმ  საკარმიდამო ნაკვეთით, რომელიც სინამდვილეში სხვებს ჰქონდათ დარეგისტრირებული, ამას დაემატა ისიც, რომ სახლებს  აფორმებდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელზე, რომლის გადაფორმებას  მოსახლეობა დღესაც ვერ ახერხებს და  პრობლემები ჯერ კიდევ  გრძელდება. 

- როგორც ვიცით, პირველი სოფელი, რომელშიც  ეკომიგრანტები დაასახლეთ,  იყო გუმბათი, რა ნიშნით შეირჩა ეს სოფელი? 

-  გუმბათი, ავრანლო, ჯინისი _ ეს ის სოფლებია, რომლებსაც საქართველოში საუკეთესო სახნავ-სათესი მიწები აქვს, გუმბათი ამ სოფლებთან  შედარებით   დაცლილი იყო, ამავე დროს, როგორც ზემოთ ვთქვი,  გუმბათში მეგულებოდა  ადგილობრივი ბერძენი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი (რაც მაშინ იშვიათი იყო),  ჩემი დანიშნული სოფლის გამგებელი, რომლის  გვერდით დგომის იმედი მქონდა.  მოგვიანებით ავრანლოსა და ჯინისშიც დავიწყეთ ხალხის შეყვანა.

- მაშინ, როდესაც მასწავლებლის ხელფასი 20-30 ლარი იყო, წალკაში დანამატი 200 ლარი ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსურად არ უჭირდათ, თუმცა პედაგოგებს გვიხარია, როდესაც  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს ვხვდებით და პრობლემებზე ვესაუბრებით, თქვენ, როგორც რაიონის ხელმძღვანელს, თუ გქონდათ შეხვედრები მასწავლებლებთან და რა პრობლემები ჰქონდათ მათ?

- მასწავლებლებს ხშირად ვხვდებოდი,  პირველი რიგის პრობლემები იყო მტრული გარემო, რომელიც მათ აქ დახვდათ,  მიუხედავად იმისა, რომ რაიონი ფაქტობრივად იცლებოდა, ჩამოსულებს სიხარულით არავინ  შეგებებია,  როდესაც ჩამოვიყვანეთ,  ჩვენ მივეცით მყარი გარანტია, რომ არაფერი  დაემუქრებოდა მათ  კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ოჯახებს,  შვილებს...

პრობლემებს ადგილობრივი ავტორიტეტების გამოყენებით ვწყვეტდით, მაგალითად, სომხურ მოსახლეობაში გვეხმარებოდა აიკ მელტონიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, მას უსმენდნენ,   თუ  წინააღმდეგობას წააწყდებოდა,  აგვარებდა. ბერძნულ მოსახლეობაში მუშაობდა ბეშთაშენელი ბორის კარიბოვი, ენერგიული და მხნე  ადამიანი. ის დადიოდა სოფლებში, ეუბნებოდა იმ სიკეთეზე, რომელიც სოფლების გაცოცხლებას მოსდევდა, უხსნიდა,  რომ ამის გარეშე სახლები დაინგრეოდა და გაპარტახდებოდა

 ამ დამსახურების გამო ეს ორივე წარვადგინე და დაჯილდოვდა პრეზიდენტის ღირსების ორდენით, მერე ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ ორი დეპუტატი გავიყვანეთ არჩევნებში, აიდინოვი და იურიკ ხჩოიანი, შემდეგ კი- აიკ მელტონიანი.  დეპუტატები  რომ გახდნენ,  მათ უფრო მეტი ძალა და ავტორიტეტი მიეცათ და ეხმარებოდნენ ხალხს.

მალე ყველამ დაინახა,  რომ ჩამოსახლებული ხალხი შრომობს, მუშაობს, ესენი არ ჩამოსულან საყაჩაღოდ, საძარცვავად, მისდევენ მესაქონლეობას, მიწას ამუშავებენ, გადასახადებს იხდიან, არაფერს  აშავებენ, პირიქით, ზრდილობიანად იქცევიან, დაწყნარდა ყველა,  მიხვდნენ, რომ ეს ხალხი არავის არ უქმნიდა საფრთხეს, პირიქით, კარგი მეზობლობა და ურთიერთობა უნდოდათ,  ჩვენ ხულოზე იმიტომ  გავაკეთეთ აქცენტი, რომ ხულოს მოსახლეობაში  განსაკუთრებით არის შემორჩენილი სოფლად ცხოვრების,  სოფელში მუშაობის სიყვარული,  მესაქონლეობის სიყვარული, ხულოელ აჭარელს არ ეზარება შეინახოს პირუტყვი, არ არიდებს ფიზიკურ შრომას თავს. 

ყველა მიხვდა, რომ ამ ხალხს შრომის გარდა არაფერი აინტერესებდა, თუმცა ამას დასჭირდა დრო.. დღეს ყველაფერი დალაგებულია და იმედია  მომავალშც უკეთესად წავა. 

არ შეიძლება არ გავიხსენო მაშინდელი  განათლების განყოფილების გამგე, ნამდვილი ინტილიგენტი და კეთილშობილი პიროვნება- თევდორე ემინოვი, ამ შესანიშნავმა ადამიანმა ყველაფერი გააკეთა   ჩამოსახლებული მასწავლებლების, მათი ოჯახების დასახმარებლად, მათ ეხმარებოდა სახლების მიღებაში,  ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობების დალაგებაში,   მასწავლებლებისადმი მისი მხარდაჭერა იყო  მუდამ უანგარო და სახელმწიფოებრივი   ცნობიერებით გამსჭვალული,  ყველა მასწავლებლისთვის ნამდვილი ფარი იყო. მისი კეთილი საქმეები არასოდეს დაავიწყდებათ წალკაში ჩამოსულ პედაგოგებს.

- თქვენი, როგორც რაიონის ხელმძღვანელის გადმოსახედიდან,  რა იყო გუმბათის მოსახლეობის ძლიერი და სუსტი მხარეები?

ეს ხალხი დედაბუდიანად აიყარა თავიანთი მამაპაპისეული სამკვიდროდან, გადმოსახლდა უცხო, არაქართულ გარემოში,  უმძიმეს პირობებში, იქიდან ხალხი ჩამოვიდა გაჭირვების და შიშის გამო, არავინ იცოდა, მეწყერი და ღვარცოფი როდის დაატყდებოდა თავს, მათი აქ ჩამოსვლა  იყო დიდ გამბედაობა, მით უმეტეს, მაშინ  იყო რთული პირობები, სახელმწიფოს არაფერი  გაგვაჩნდა, რომ დავხმარებოდით, ვეხმარებოდით მხოლოდ თანადგომით და  მასწავლებლის იმ ორასლარიანი   დანამატით....

მახსოვს,  პირველ ნაკადზე ვინც ჩამოვიდა, იმ ხალხმა გადაწყვიტა, რომ აქ უნდა დაფუძნებულიყო,  მათ დაინახეს მხარდაჭერა არა მხოლოდ ჩემგან, არამედ სახელმწიფოსგან,  ამ ხალხმა ბევრი  გადაიტანა...

სუსტი მხარე არ დამინახავს,  იყო უსიამოვნო ფაქტებიც, მაგრამ ეს წვრილმანებია, მაგალითად,  სანამ ეს ჩასახლება დაიწყებოდა, როდესაც მეურნეობა დაიშალა,  გუმბათის ბერძენ  მოსახლეობაზე იყო დანაწილებული მიწები, მაგრამ ეს ხალხი  სოფლიდან წავიდა,  დიდი საშიშროება იყო რომ გუმბათის მიწები სახელმწიფოსათვის არასასურველი ადამიანის მფლობელობაში გადასულიყო, ამიტომაც მიწების გარკვეული ნაწილი იჯარით  გადავეცი ნოდარ ოსეფაიშვილს,  მან დაასაქმა იქ აჭარლები,  გაუჩინა  მათ ლუკმაპური. მაგრამ ვიღაცამ მოაწყო პროვოკაცია და მიუცვივდნენ ოჯახში, თუმცა მოსახლეობა მიხვდა შეცდომას და, საბოლოდ,  გუმბათლებმა ყველა გამოცდა  წარმატებით ჩააბარეს, ყველა განსაცდელს გაუძლეს,  ჩამოყალიბდა ძლიერი,  გამართული, ჯანსაღი, მშრომელი თემი  გუმბათის საჯარო სკოლით და,  იმედი მაქვს, რომ  ის  მრავალ სასახელო თაობას აღზრდის,  არ არის  გუმბათის ისტორია საუკუნოვანი, მაგრამ ის, რაც დაიწერა 90-იანი წლებიდან, ძალიან საინტერესო  და ბევრისათვის ჭკუის სასწავლებელია,  ამავე დროს მიუთითებს იმაზე,  რომ თუ არის სურვილი, ზოგჯერ შეუძლებლის გაკეთებაც  შესაძლებელია. არავინ  დაიჯერებდა, რომ ეს პროექტი წალკაში განხორციელდებოდა, თავიდან, ამ გეგმას რომ  ვალაგებდი, მეც  საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი პერსპექტივას, მაგრამ ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდა. 

- იმავე  პირობებში, იმავე დროს, არჩევანის საშუალება რომ მოგცენ, წალკის რაიონის ხელმძღვანელად წამოხვიდოდით?

-  სადაც სახელმწიფომ დამავალა და მომცა მიმართულება, იქ წავედი, მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობდი ვერაზე, პაპაჩემის აშენებულ სახლში და  წამოვედი მთაში, რეგიონში, სადაც ქართულად  თითქმის არავინ  ლაპარაკობდა, გარდა რეხელებისა, რომლებთანაც ასვლა მათი ქართული ენის გამო მიხაროდა.

 აქ  იმიტომ არ წამოვსულვარ, რომ ჩემთვის სასურველი და სანატრელი იყო,  იქ წავედი, სადაც ქვეყანას  ვჭირდებოდი  და  სადაც საჭირო ვიქნები, იქ წავალ კიდევ.  შევეცდებოდი ის შეცდომები არ გამემეორებინა, რომელიც ნებისმიერი საქმის თანმდევია რასაც ვერავინ გაექცევა.

გარდა ამისა, აქაურობასთან ისტორიული ფესვებიც მაკავშირებს _ ქალაქ წალკიდან, რომლის ისტორიული სახელია ეძანა, ერთი საათის სავალზე, მაღალ მთაში, სოფელ კლდეკარის( დღევანდელი გოდაკლარი) თავზე შემორჩენილია თრიალეთის ერისთავების ბაღვაშების საგვარეულო ციხის ფრაგმენტები. ამ გვარის ყველაზე დიდი წარმომადგენელი, დიდი ამირა ლიპარიტ ბაღვაში დაპირისპირებული იყო  მეფე ბაგრატ III ბაგრატიონთან, თუმცა ლიპარიტი არის ერთადერთი სარდალი ისტორიაში, რომელმაც ბრძოლის ველზე დაამარცხა საქართველოში შემოსული ვიკინგების( ქართულად-ვარაგების) არმია, რომელსაც შვედეთის მეფის დისწული ინგვარი სარდლობდა, ბაღვაშების მმართველობას დავით აღმაშენებელმა დაუსვა წერტილი. შემდეგ ეს მოდგმა ორბელიანების გვარით პირუთვნელად ემსახურა საქართველოს. თამარ მეფის შვილიშვილს, მეფე დავით ულუს ცოლად ჰყავდა გვანცა ბაღუაში, რომელიც მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მათი ვაჟის- მეფე დემეტრე II თავდადებულის პირდაპირი  ხაზით შთამომავალი იყო ჩემი ბებია- ნინო მუხრან-ბაგრატიონი. 

...საუკუნეების შემდეგ, თრიალეთის მიწაზე ბაღუაშების შთამომავალს ისევ მოუხდა 12 წლის განმავლობაში სახელმწიფოს და ერის მსახურება თავისი მოკრძალებული შესაძლებლობებით. ასეთი იყო ღვთის ნება.

- მიმდინარე წელს გუმბათის საჯარო სკოლის დაარსების 25-ე წლისთავს აღვნიშნავთ, სადაც თქვენ იქნებით მოწვეული, როგორც საპატიო სტუმარი... მანამდე კი,  რას გვეტყვით გუმბათის სასკოლო საზოგადოებას? 

გუმბათი ჩემთვის განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს იყო ჩემ მიერ გახსნილი პირველი სოფელი და  ზემო წალკაში პირველი სკოლა, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ. სწორედ ამიტომ მინდოდა,  ყველას დაენახა, რომ პრეზიდენტი იქ ჩავიდა, ეს დაინახეს და მიხვდნენ, რომ ეს არის სახელმწიფოს ინტერესები და მის წინააღდეგ ვერავინ ვერ წავა.

როდესაც შევარდნაძე მოდიოდა, მითხრეს, რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად გადაუკეტავენ გზას, სად რა ინციდენტი და თავდასხმა იქნება, რა მოთხოვნებს წაუყენებენო,  იმიტომ რომ ასე ხვდებოდნენ მას თითქმის ყველა რაიონში, მე ვუთხარი, რომ აქ მას შეხვდებოდნენ ყვავილებით და ზეიმით, იმიტომ, რომ აქ არის პრობლემები, მაგრამ არა ისეთი, რომ  ამად ღირდეს,  ვისაც შრომა არ ეზარება, მას მინიმუმ არ შია, თავის ოჯახსაც ინახავს და ბაზარსაც მიაწოდებს, არ დაიჯერეს, მაგრამ როცა ჩამოვიდა და ზეიმით შეხვდნენ, გაოცებულნი დარჩნენ.

 ეს ყველაფერი ჩემს წიგნში  აუცილებლად დაიწერება.

მიხარია, რომ დღეს გუმბათი ძლიერი სოფელია, სკოლას ვუსურვებ წარმატებას და მრავალი სასახელო თაობის აღზრდას!

პედაგოგი ციცინო გობაძე რესპონდენტს დიდ მადლობას უხდის საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება