მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად, აპლიკაციების მიღება გრძელდება; პედაგოგის წარდგენა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს. თბილისის N219 საჯარო სკოლამ კი, დიდი სიამაყით წამოაყენა დირექტორისა და მათემატიკის მენტორი მასწავლებლის - შალვა ხუციშვილის კანდიდატურა.
etaloni.ge არაერთხელ სტუმრობდა თბილისის N219 საჯარო სკოლაში და ყოველთვის სასიამოვნოდ გაოცებულები ვრჩებოდით იმ დამოკიდებულებებით, რაც იქ გვხვდებოდა - შეკრული კოლექტივი, ჰარმონიული გარემო, ერთმანეთის ნდობით აღვსილი, განვითარებაზე ორიენტირებული კადრები, რაც სკოლის ლიდერის შალვა ხუციშვილის დიდი დამსახურებაა.
იყო დირექტორი და ამავე დროს სამაგალითო მასწავლებელი, რომლის ღვაწლსაც მთელი კოლექტივი ერთხმად, დიდი სიამაყით აღიარებს - რა პასუხისმგებლობაა ეს მისთვის? როგორ მოიპოვა პედკოლექტივის ამხელა ნდობა და მხარდაჭერა? და ბოლოს, თვლის თუ არა, რომ პრემია დამსახურებული იქნება? - ამ საკითხებზე, თბილისის N219 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი შალვა ხუციშვილი, ახლა, როგორც მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატი, საუბრობს:
„სკოლაში გვაქვს ოჯახური გარემო, ყველამ ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ, ყველას გვიხარია სკოლაში მისვლა და ეს ძალიან მახარებს. პრობლემებს ძალიან სწრაფად ვუმკლავდები, რაც მაძლევს სტიმულს, რომ მეტი ენერგიით ვიმუშაო, რასაკვირველია ამას მასწავლებლებიც ამჩნევენ, ხუმრობით მეუბნებიან კიდეც არც შენ ისვენებ და არც ჩვენ გვასვენებო. ხან ჩემი საქმიანობა მოითხოვს ვიყო პრინციპული და შესაძლოა ეს ბევრისთვის არ იყოს სასიამოვნო, თუმცა იციან, რომ ვარ სამართლიანი და როცა მათ დასჭირდებათ გვერდში დავუდგები. ჩემს მასწავლებლებს ვაძლევ მოტივაციას იყვნენ მეტად განვითარებულები და ჩემი მონდომება უშედეგო ნამდვილად არ არის.“
სკოლის ხელმძღვანელი, ლიდერობასთან ერთად მასწავლებლობის მნიშვნელობაზე გვიყვება, აღნიშნავს, თუ როგორი მიდგომები აქვს მოსწავლეებთან და რამ განაპირობა მისი ღვაწლის აღიარება: „ერთია იყო დირექტორი და მეორეა იყო პედაგოგი, თან ისეთი, რომ იქცე სამაგალითო სხვებისთვის. მე მხოლოდ საგანს არ ვასწავლი, ბავშვებს ვასწავლი ზრდილობას, მისალმებას, დამშვიდობებას, ბოდიშის მოხდას, ვენდობი მათ და თან მუდმივად ვამოწმებ. ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებელია 21-ე საუკუნეში იყვნენ განათლებულები და ყველა ჩემს მოსწავლეს ვაძლევ ამის მაგალითს და მოტივაციას. ბავშვებს ძალიან უყვართ ჩემი საგანი, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ გაკვეთილის დაწყებისთანავე ისინი ხალისიანად ერთვებიან სამუშაო პროცესში, მშობლებიც მეუბნებიან: „მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა რთული საგანია, თქვენ ისე ასწავლით, რომ ბავშვებს საშინაო დავალების სახლში შესრულება არ უჭირთ“. რთულია ვისაუბრო საკუთარ თავზე და იმაზე, თუ როგორი მასწავლებელი ვარ... მაქვს მოსწავლეების წერილები საოცრად თბილი, ახლახან კურსდამთავრებულმა მომწერა, ის მადლობას მიხდის, რათა მივეცი სტიმული ჩაებარებინა პედაგოგიურზე. ვთვლი, რომ მაქვს მახვილი თვალი, რაც მაძლევს იმპულსს სწრაფად გამოვიცნო ბავშვის შესაძლებლობები და ვაჩვენო კურსი, თუ რა მიმართულებით გააგრძელოს სწავლა.
მე არანაირი გამოწვევის არ მეშინია, ვუმკლავდები ყველა დაბრკოლებას, ვეცნობი ყველა სიახლეს ჩვენს სფეროში და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს გარშემო შემოვიკრიბო ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან სიძნელეების დაძლევაში, ინოვაციების დანერგვაში და ახალი მიდგომებით, სწავლების ხარისხის ზრდაში - ყოველივე ეს მაძლევს საბაბს, ვიყო აღიარებული მასწავლებელი.“
რა პასუხისმგებლობაა იყოს გამორჩეულ მასწავლებელთა შორის, როგორ აფასებს თავის პროფესიულ მოღვაწეობას და მეტიც, თვლის თუ არა დამსახურებულად, რომ წარდგენილია მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე: „ვიმსახურებ თუ არა მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ჩემი კანდიდატურის წამოყენებას, საკმაოდ რთული შესაფასებელია ჩემი მხრიდან, მიჭირს ვისაუბრო საკუთარ თავზე და თავად განვსაჯო - ეს ჩემი თანამშრომლების განსახილველი და გადასაწყვეტია, ალბათ, ვიმსახურებ კიდეც, რათა სწორედ ამხელა პედაგოგიურმა კოლექტივმა, მოსწავლეებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ და თემმა წამოჭრა საკითხი და ჩათვალა, რომ ვიმსახურებ... ხმამაღალი ნათქვამია - „ვიმსახურებ“, შესაძლოა ვერც მოვხვდე პრემიის მფლობელ რჩეულ მასწავლებლებს შორის, თუმცა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ადამიანების აღიარება, ჩემი შრომის დაფასება და ჩემი კანდიდატურის სიამაყით წარდგენა.“
შალვა ხუციშვილის პროფესიული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
იხილეთ მოსწავლეების წერილები: წერილი 1; წერილი 2; წერილი 3; წერილი 4; წერილი 5.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც