მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N89 საჯარო სკოლის საზოგადოებამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე, მათემატიკის პედაგოგი და იმავდროულად, სკოლის ხელმძღვანელი მიმოზა ტყებუჩავა წარადგინა და ორმაგად საამაყოა ის, რომ ინიციატივა მოსწავლეებისგან წამოვიდა.
რას ნიშნავს სასკოლო საზოგადოების აღიარება, მოსწავლეების ნდობა და სიყვარული, რა განცდაა, იყო მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატი - Etaloni.ge-სთან ქალბატონი მიმოზა გულახდილად საუბრობს, ემოციებს გვიზიარებს და ეამაყება, რომ მის შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია.
„პირველ რიგში ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინიციატივა ჩემი მოსწავლეებისგან წამოვიდა, ეს კი, კიდევ ერთხელ მაფიქრებს იმაზე, რომ მეტი და მეტი უნდა გავაკეთო.
დიდი ბედნიერებაა, როცა შენს შრომას აფასებენ, განსაკუთრებით მოსწავლეები - პირველ რიგში ხომ ისინი არიან მასწავლებლის შემფასებლები. ჩემს მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ვუთხარი კიდეც - ჩათვალეთ, უკვე ვარ ამ პრემიის მფლობელი-მეთქი.
ზოგადად, როგორც დირექტორი და ამავდროულად პედაგოგი, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი საქმიანობა შედეგიანი და ეფექტური იყო, როდესაც ხელმძღვანელობ პედაგოგიურ კოლექტივს და მის მუშაობას, ხარისხს აფასებ, უნდა იყო საუკეთესო და მაგალითის მიმცემი; სხვაგვარად არ გაქვს უფლება, მოითხოვო მასწავლებლისგან ის, რასაც თავად არ გააკეთებ - ამ პრინციპით ვმუშაობ და დიდი მადლობა სასკოლო საზოგადოებას დაფასებისთვის“, - ასე ეხმაურება ჯილდოზე წარდგენას პედაგოგი, რომელიც მათემატიკას ასწავლის და გვიმხელს, მოსწავლეებში საგნისადმი სიყვარულის გასაღვიძებლად ერთი რამაა საჭირო - პედაგოგს თავისი ბავშვები უპირობოდ და უკიდეგანოდ უნდა უყვარდესო.
„მასწავლებელს უნდა უყვარდეს მოსწავლე, უყვარდეს ბავშვი. საგნისადმი სიყვარული ჩემი პროფესიის საწინდარია, მიყვარს ბავშვები და ეს მეხმარება, ვაგრძნობინო, რომ მათიანი ვარ; მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ჩემი ნდობა და არა ის, რომ მხოლოდ მათემატიკის სწავლა მოვთხოვო. როდესაც მოსწავლეების ნდობას მოიპოვებთ, ჩათვალეთ, რომ ნებისმიერ საგანს ასწავლით. რაც დედა გავხდი კიდევ უფრო ვცდილობ ყველაფერს ბავშვის თვალით შევხედო, ერთმა მოსწავლემ თქვა კიდეც ჩემზე: „პირველ რიგში ის არის დედა და ეს ეხმარება ბავშვებთან კომუნიკაციაშიო“, ამით ზუსტად შეაფასა ჩემი შინაგანი ბუნება და მიდგომა“, - აღნიშნავს მიმოზა ტყებუჩავა.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ N89 საჯარო სკოლის დირექტორი მეცნიერულ საქმიანობასაც ეწევა, როგორც მათემატიკის მიმართულებით, ასევე მათემატიკის სწავლების მიმართულებითაც, და ერთ-ერთი მიმართულებაა - „ალბათობის თეორია მათემატიკური სტატისტიკის ელემენტების სწავლება სკოლაში“, - „ეს იყო პირველი ჩემი ნაბიჯი განათლების სისტემაში, ჩემს ხელმძღვანელთან, ბატონ გია ნოზაძესთან ერთად, რისთვისაც მას მადლობა მინდა გადავუხადო, ამ კუთხით ვაგრძელებ მუშაობას, როგორც კათედრაზე, ისე მეთოდიკის მიმართულებით და ვცდილობ, მოსწავლეს მარტივად დავანახო საგანი, მისი კავშირი ყოფით ცხოვრებასთან... ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული აქტივობა ჩავატარო და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიები აქტიურად გამოვიყენოთ - ალბათ ეს მიდგომები საინტერესოა მოსწავლეებისთვის, რამაც განაპირობა მათი სურვილი, პრემიაზე ჩემი კანდიდატურა წამოეყენებინათ“.
პედაგოგი თავის საქმიანობასაც აფასებს და გვიზიარებს თვლის თუ არა, რომ ეს ჯილდო დამსახურებული იქნება: „ჩემთვის ფულადი ჯილდო იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, მე უკვე დავიმსახურე ჩემი მოსწავლეებისგან პრემია, მათი მხრიდან ეს ძალიან დიდი მოტივაცია და სტიმულია. როცა მოსწავლე, მშობელი და კოლექტივი გაღიარებს, ეს უკვე დიდი ჯილდოა. მე ვთვლი, რომ არ ვარ საუკეთესო პედაგოგი, ძალიან ბევრ კარგ პედაგოგთან მაქვს ურთიერთობა ჩემი სატრენერო გამოცდილებიდან გამომდინარე და მინდა გითხრათ, რომ წლევანდელ კომისიას, ძალიან რთული მისია დაეკისრება, საუკეთესოზე საუკეთესო პედაგოგები გვყავს საქართველოში და ყველას წარმატებას უსურვებს“.
სკოლის ხელმძღვანელი გულახდილად გვიმხელს, თუ ვის გადასცემდა ამ პრემიას თავად და ვინ არის მისთვის სამაგალითო, ღირსეული და საუკეთესო მასწავლებლის სიმბოლო: „ძალიან კარგი პედაგოგები მყავდნენ, მე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლესიჭინეს N2 საჯარო სკოლა დავასრულე და ვამაყობ დღემდე მათით, არა მარტო მათემატიკის, ნებისმიერი საგნის მასწავლებლით. იქ მიღებული ცოდნა დღესაც სანთელივით მინათებს გზას, როცა ხარ დირექტორი არა მარტო შენს, არამედ სხვა საგნებშიც უნდა ერკვეოდე, მათგან იმდენად მყარი საფუძველი მივიღე, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბევრი გამოწვევის გამკლავებაში მეხმარება. თუმცა მაინც, ვინც ჩემში მასწავლებლობის „კოდი“ ჩადო, ეს იყო ჩემი მათემატიკის პედაგოგი რუსუდან ლაშხი, რომელიც დღესაც ასწავლის და ამასთანავე ხელმძღვანელობს ჩემს მშობლიურ სკოლას. მას რაღაც საოცარი მიდგომა ჰქონდა, მე-5 კლასში, რომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი მათემატიკის მასწავლებელი, ისეთი როგორიც რუსიკო მასწავლებელი იყო, ვერაფერმა ვერ შემაცვლევინა აზრი. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი და მერე დავუბრუნდი სკოლას ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მათემატიკის მასწავლებლობა იყო ჩემი, მოსწავლეებთან ურთიერთობა არის ჩემი ცხოვრების პროფესიული ჟანგბადი. ამ ყველაფრისთვის კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რუსიკო მასწავლებელს, იყოს ჯანმრთელი და ვუსურვებ, რომ კიდევ დიდხანს იდგეს განათლებული თაობების აღზრდის სადარაჯოზე. ვთვლი, რომ სწორედ ის იმსახურებს მასწავლებლის ეროვნულ პრემიას“.
პედაგოგის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: ბმული 1, ბმული 2. ასევე, გაეცანით სასკოლო საზოგადოების წერილებს: წერილი 1; წერილი 2.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა