სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

სკოლის დირექტორები კურსდამთავრებულებს გზას ულოცავენ, პირველკლასელებს კი მოუთმენლად ელიან
18-07-2024
-
+


ხელმძღვანელობდე სკოლას და იდგე განათლების სადარაჯოზე დიდად საპასუხისმგებლო და ამავდროულად ემოციურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ თვალწინ თაობები იცვლებიან. როცა ერთნი ტოვებენ მშობლიური სკოლის კედლებს, მეორენი კი, პირველად შეაბიჯებენ ცოდნის ტაძარში, სკოლის დირექტორები ამ სამყაროში მოსწავლეთა მეგზურები ხდებიან, მათთვის ქმნიან გარემოს, სადაც მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებენ, ჩამოიყალიბებენ მსოფლმხედველობას, აირჩევენ მომავლის გზას და სკოლიდან წასულები, თავიანთი პროფესიებით ემსახურებიან ქვეყანას. 

მოსწავლეებისთვის ორ ცხოვრებისეულად უმნიშვნელოვანეს პირველ და უკანასკნელ სკოლის დღეს - სკოლის ხელმძღვანელები აბიტურიენტებს გზას ულოცავენ, პირველკლასელებს კი, ხელგაშლილები ეგებებიან. 

ელიონორა მამედოვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ტალავერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

წელს ჩვენ 17 აბიტურიენტი გვყავს, რომლებიც 4+1 საგანმანათლებლო პროგრამაზე აბარებენ, ეს პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე. ეს ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის ძალიან საამაყოა, მიხარია, რომ უნდათ სახელმწიფო ენა მაღალ დონეზე ისწავლონ და საქართველოში, ხარისხიანი განათლება მიიღონ. ამ ეტაპზე არ აქვთ მოფიქრებული ზუსტად რა განხრით გააგრძელებენ სწავლას, თუმცა იმდენად მონდომებულები არიან, მჯერა, რომ ყველა დასახულ მიზანს მიაღწევენ და თავიანთ არჩევანს ბოლომდე დიდი პატივისცემით და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. ჩვენი სკოლის 3 მასწავლებელიც გადის გამოცდაზე, აპირებენ მეორე საგანიც აირჩიონ და ჩააბარონ. როგორც აბიტურიენტებს ასევე მასწავლებლებს დიდ წარმატებას ვუსურვებ, იყვნენ მიზანდასახულები და მუდმივად ისწრაფოდნენ განვითარებისკენ.

წელს 16 პირველკლასელს ველოდებით, რაც ასევე ძალიან გვახარებს, ყველა თაობა უკეთესით და უკეთესით იცვლება. მათ ვურჩევ, რომ იყვნენ მოწესრიგებულები, დაემორჩილონ სკოლის წესებს, ისწავლონ და ქვეყნისთვის სამაგალითონი აღიზარდონ.

ზალიკო მაისურაძე, თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორი: 

წელს მხოლოდ  ერთი აბიტურიენტი გვყავს,  ისტორიულზე აბარებს და ძალიან მიხარია. ყველაზე მთავარი რასაც ვურჩევდი სოფელში დაბრუნებაა, სამწუხაროდ ძალიან დაცლილია ჩვენი მხარე და ეს დასანანია. იმედი მაქვს, რომ კურსდამთავრებულები, უმაღლეს განათლებას მიიღებენ და თავიანთ ცოდნას, მშობლიურ კუთხეს სასიკეთოდ მოახმარენ.

ამავე დროს, წელს 4 რეგისტრირებული პირველკლასელი გვყავს, მათაც დიდი იმედებით ველით, სამწუხაროა, რომ ეს რიცხვი უფრო დიდი არ არის. სასიხარულო არის ის, რომ ჩვენი სკოლა რემონტდება და განახლებულ გარემოში, პატარებისთვის სწავლა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო იქნება.

ჯუმბერ ბორჯოდაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სიონის საჯარო სკოლის დირექტორი: 

წელს სკოლა 2-მა ახალგაზრდამ დაამთავრა, აქედან კი 1 აბიტურიენტია. იყო გასული გამოცდებზე და ველით შედეგებს მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩააბარებს. სამწუხაროდ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, მარნეულში ძველი ქართული სოფელია სიონი და დასანანია, რომ ასე ცოტა ახალგაზრდა გვყავს. სწორედ ამას ვურჩევ ჩემს აბიტურიენტებს, რომ დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში და თავიანთი ცოდნით გააგრძელონ სოფლის და შესაბამისად ქვეყნის აღმშენებლობა. წელს მხოლოდ 1 პირველკლასელი გვყავდა, სექტემბრიდან კი არც ერთს არ ველოდებით - ეს ძალიან მაწუხებს, დიდი პრობლემაა რომ სოფლიდან გასული თაობა უკან აღარ ბრუნდება.

ფიქრია კოპალიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ძალიან ვწუხვარ, რომ წელს ჩვენს სკოლას არ ჰყავდა კურსდამთავრებულები, შესაბამისად არც ერთი აბიტურიენტი არ გვყავს - მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და ეს ძალიან დასანანია. თუმცა 2 პირველკლასელებს ველით, მართალია ძალიან მცირე რაოდენობაა, თუმცა იმის, ფონზე, რომ წელს საერთოდ არ გვყავდა დამამთავრებელი კლასი, ესეც ძალიან გვახარებს, რასაკვირველია, მეტს და მეტს ვისურვებდით, იმედია სოფელში ბავშვების რაოდენობა გაიზრდება და ჩვენს სკოლაშიც იქნება დიდი ჟრიამული. მოსწავლეებს ვეტყოდი, რომ განათლება ყველაზე დიდი ბერკეტია, ცოდნა ადამიანის სიძლიერეა - არ დაივიწყონ ეს, ისწავლონ და შექმნან წარმატებული მომავალი.

ჩვენი სკოლიდან მასწავლებლების უმრავლესობა გამოცდებს აბარებს, მათ შორის მეც გავდივარ მეორე საგნის გამოცდაზე და ყველა დიდი იმედებით ველით შედეგებს. მიხარია, რომ ძალიან მონდომებული კოლექტივი მყავს და მუდმივად განვითარებაზე არიან ორიენტირებულები.

მზექალა მინაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლის დირექტორი: 

სამწუხაროდ წელს არც ერთი აბიტურიენტი არ გვყავს, მე-12 კლასი საერთოდ არ გვყავდა და ამაზე ძალიან ვწუხვარ, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სკოლის კონტინგენტი გაიზრდება და სოფელი ბავშვებით  გაივსება. წელს 2 პირველკლასელს ველით დიდი სიხარულით, მათთვის სკოლა ახალი გამოწვევაა და ვურჩევ, რომ კარგად ისწავლონ და მომავალში, თავიანთი ცოდნა სასიკეთო საქმეებს მოახმარონ.

ჩვენი სკოლის რამდენიმე პედაგოგი აბარებს წელს გამოცდებს და მათაც წარმატებას ვუსურვებ, დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი სასურველ შედეგს დადებს.

ეთერი ნადირაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს 6 კურსდამთავრებული გვყავდა, აქედან 5 აბარებს უნივერსიტეტში, ძირითადად სამართალზე სურთ სწავლის გაგრძელება. სამწუხაროდ წელს არ გვეყოლება, მე-12, მე-5 და 1-ელი კლასები, რაც გულდასაწყვეტია. არც ერთი რეგისტრირებული არ გვყავს... დიდი იმედი მაქვს, რომ სოფელი შეივსება და მეტი ბავშვი გვეყოლება.

მასწავლებლები ყველა სტატუსიანი გვყავს, წელს მხოლოდ 1, უცხო ენის პედაგოგი გადის გამოცდაზე და დიდ წარმატებას ვუსურვებ მას, დარწმუნებული ვარ, რომ კარგ შედეგს დადებს.

აბიტურიენტებს კი ვეტყოდი, რომ ძალიან სწორად აირჩიონ პროფესია და ბოლომდე ერთგულად ემსახურონ მას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება