მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ალბათ, ყველას ძალიან გაუმართლა, ვისაც ცხოვრების გზაზე ისეთი ადამიანი შეხვდა, ვინც მისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივაციაა. შეიძლება ითქვას, რომ ასევე გაუმართლა თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორ მიმოზა ტყებუჩავას, რომლის შემდგომი ცხოვრების ფორმირებაშიც უდიდესი როლი იმ მასწავლებელმა შეასრულა, რომელიც მას მათემატიკას ასწავლიდა. ეს ადამიანი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ლაშხია გახლავთ.
როგორც მიმოზა ტყებუჩავა გვიყვება, მისთვის საყვარელ მასწავლებელთან შეხვედრა ახლაც იმდენად ამაღელვებელია, რომ თავს პატარა მოსწავლედ გრძნობს. მასთან ყოფნის დროს, თითქოს წლები უკან ბრუნდება და გულიც სხვანაირად ძგერს. ახლა კი, წარმოიდგინეთ შემთხვევა, როდესაც მიმოზა ტყებუჩავა, ტრენერის ამპლუაში, სამეგრელოს ეწვია და ტრენინგზე რუსუდან ლაშხიაც დახვდა. „როგორც წესი, სხვა დროს არ ვღელავ, მაგრამ ეს საოცარი შეგრძნება იყო. მე იმ მასწავლებლის ტრენერი უნდა ვყოფილიყავი, რომელმაც ამ გზაზე დამაყენა“,- იხსენებს თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ რუსუდან ლაშხიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება მიენიჭა, რასაც მიმოზა ტყებუჩავა ულოცავს და მომავალშიც დიდი წარმატებას უსურვებს.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ თავად თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი, სასკოლო საზოგადოების ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი, რასაც, პირველ რიგში, უდიდეს პასუხისმგებლობად აღიქვამს.
მიმოზა ტყებუჩავამ საყვარელ პედაგოგზე, მოსწავლეთა ცხოვრებაში მასწავლებლის როლსა და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-სთან ისაუბრა.
- როგორ იქცა რუსუდან ლაშხია თქვენთვის ასეთ დასამახსოვრებელ მასწავლებლად?
- რუსუდან ლაშხია მათემატიკას მე-5 - მე-6 კლასებში მასწავლიდა. დღესაც ვერ ვხსნი, რა იყო ის ძალა, რისი წყალობითაც მან ეს პროფესია და საგანი იმდენად შემაყვარა, რომ მომავალი სკოლას დავუკავშირე. ყოველთვის მინდოდა, რომ მისნაირი მასწავლებელი ვყოფილიყავი - ადამიანი, რომელსაც კლასი მოუთმენლად ელოდება. რუსუდან მასწავლებლის ყოველი გაკვეთილი ახლის მოლოდინი იყო.
- ჩანს, რომ ის თქვენთვის დღესაც მისაბაძი მაგალითია...
- ის ორი წელი, როდესაც მათემატიკას რუსუდან ლაშხია მასწავლიდა, ჩემთვის საოცრება იყო. მაშინ ჩავიბეჭდე გონებაში, რომ ამ მასწავლებელს უნდა მივბაძო, ამ ყველაფერმა კი ბოლომდე გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და პედაგოგები სხვდასხვა პროფესიას მირჩევდნენ, ჩემში მასწავლებლობის სიყვარული იმდენად მტკიცე აღმოჩნდა, რომ მაინც ეს პროფესია ავირჩიე. მას ბავშვებისადმი საოცარი სიყვარული და მიდგომა ჰქონდა. მათემატიკის გაკვეთილზე მთელი კლასი მობილიზებული და მომზადებული იყო. მისი გაკვეთილები დღემდე თვალწინ მიდგას და მიმაჩნია, რომ ნამდვილად დამსახურებული ჯილდო მიენიჭა. მინდა, მას მივულოცო და ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მე თუ რამეს მივაღწიე, მისი დამსახურებაა.
- დღესდღეობით, სასწავლო პროცესში მის მიდგომებს რამდენად იყენებთ?
- რასაკვირველია, ვიყენებ. მეც მათემატიკის პედაგოგი ვარ. ყველაზე მთავარი, რაშიც მინდოდა მისთვის მიმებაძა, ეს ყველას სიყვარული იყო. მეც ვცდილობ, მოსწავლეებთან ახლოს, მათ გვერდით ვიყო. მინდა იცოდნენ, რომ მე მათ მხარეს ვარ. მოსწავლეები გულწრფელად მიყვარს. ვფიქრობ, რომ, რაღაც კუთხით, მასაც ვბაძავ. მოსწავლეებსა და ჩემ შორის, არანაირი ბარიერი არ არის, მათ თავისუფლად შეუძლიათ, სხვადასხვა საკითხი გამიზიარონ და მკითხონ, თუ რამე ვერ გაიგეს.
- ახლა, უკვე წლების შემდეგ, რუსუდან ლაშხიასთან პროფესიული გადაკვეთა გაქვთ?
- მე მათემატიკის ტრენერი გახლავართ და რამდენიმე წლის წინ, მასწავლებლის სახლის ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში, სამეგრელოში ჩასვლა მომიწია. ეს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე იყო. წარმოიდგინეთ, შევდივარ აუდიტორიაში, სადაც ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საკითხებზე ტრენინგი უნდა ჩამეტარებინა და ჩემთვის მოულოდნელად, იქ რუსიკო მასწავლებელი მხვდება. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. როგორც წესი, სხვა დროს, ტრენინგებზე არ ვღელავ, მაგრამ ეს საოცარი შეგრძნება იყო. მე იმ მასწავლებლის ტრენერი უნდა ვყოფილიყავი, რომელმაც ამ გზაზე დამაყენა. ეს ორივესთვის საოცრად შთამბეჭდავი იყო.
- გამოდის, ისევ პატარა მოსწავლედ გადაიქეცით?
- დიახ, ნამდვილად ასე იყო. ცოტა მიჭირდა, რომ რუსიკო მასწავლებელთან, ტრენერის რანგში, მესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივიდა.
- საინტერესოა, ახლა, როდესაც თქვენც იმავე სფეროში მოღვაწეობთ, სკოლის დირექტორი ხართ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საყვარელი პედაგოგის მიმართ, ისევ მასწავლებლად აღიქვამთ თუ კოლეგად?
- ჩემთვის ისევ მასწავლებელია, როდესაც მასთან ერთად ვარ, თავს პატარა ბავშვად ვგრძნობ. მინდა, რომ მისგან ამ სითბოს დიდხანს ვგრძნობდე და ამის ფუფუნება მქონდეს. მიყვარს, დიდ პატივს ვცემ და კომუნიკაცია გვაქვს. თანაც, იმ სკოლას ხელმძღვანელობს, სადაც ჩემი დისშვილები სწავლობენ და ამით კიდევ უფრო მეტად ვამაყობ. რუსუდან ლაშხია ძალიან კარგი კოლეგაა და სკოლას წარმატებით უძღვება.
- თქვენთვის პიროვნება, რომელიც მე-5 და მე-6 კლასში გასწავლიდათ, დღემდე მისაბაძი მაგალითია. ამის გათვალისწინებით, როგორც სკოლის დირექტორი, რას ურჩევდით პედაგოგებს, როგორ იქცნენ მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელ მასწავლებლებად, ამისთვის რაიმე უნივერსალური ფორმულა არსებობს?
- ამისთვის, მოსწავლეების სიყვარულია აუცილებელი, მასწავლებელი მათზე ორიენტირებული უნდა იყოს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, სხვა მასწავლებლებიც ძალიან კომპეტენტურები იყვნენ. ის პედაგოგები დღემდე მასწავლებლები არიან და არანაკლებები იყვნენ. მინდა მათაც - მზევინარ ფაცაციას, მაყვალა მებონიასა და სხვებს მადლობა გადავუხადო. მე თითოეული მათგანი დღემდე ძალიან მიყვარს. ზოგადად, ძლიერი კოლექტივი იყო. მაგალითად, მე სკოლის მერხიდან პირდაპირ უნივერსიტეტში ჩავაბარე. მაშინ მიღებული ცოდნა ჩემში იმდენად ძლიერია, რომ ეს ყველაფერი უფრო სრულფასოვანს მხდის. ეს ჩემთვის წარმატების საწინდარია და მასწავლებლებს ვურჩევდი, რომ მოსწავლე და საკუთარი საქმე გულწრფელად უნდა უყვარდეთ. როდესაც მოსწავლე ამას გრძნობს, მის ნდობას იმსახურებ. სხვანაირად, მთელ საკლასო ოთახს ვერ მართავ. ბავშვს გვერდით დგომა პატარა ასაკიდანვე სჭირდება. როდესაც მის საჭიროებებზე ხარ ორიენტირებული, არ არსებობს, რომ შედეგი ვერ მიიღო.
- როგორც ვიცით, თქვენც მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ხართ წარდგენილი...
- კიდევ ერთი დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რადგან ეს მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ინიციატივა იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამაკისრეს, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთო და მათზე ორიენტირებული ვიყო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...