მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სწავლა რომ გვიანი არასოდეს არის, ამაზე ადამიანები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად საუბრობენ, თუმცა მთავარი მაინც მოქმედებაა. ამაში კი კონკრეტული პირების გაბედული ნაბიჯები მოიაზრება; მათი, ვინც სტერეოტიპებსა და სტიგმას არღვევს და ე.წ. მოჯადოებული წრიდან გამოდის.
ასეთივეა აბიტურიენტ მაყვალა გორგაძის შემთხვევაც, რომელმაც ატესტატი შარშან, 39 წლის ასაკში აიღო, წელს კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. მას ფსიქოლოგიის სწავლა და რაც მთავარია, იმ ქალების დახმარება სურს, ვინც ფიქრობს, რომ მათთვის განვითარება და განათლების მიღება გვიანია. როგორც თავად etaloni.ge-ს უყვება, 16 წლისა დაოჯახდა და საკუთარი თავისთვის მხოლოდ ახლა მოიცალა.
მაყვალა გორგაძე შემდგარი ადამიანია, რომელსაც კარიერა აქვს, ბუღალტერია და ცოდნას თავის მოსწავლეებსაც უზიარებს. როგორც ამბობს, მასთან ის ქალებიც სწავლობენ, ვისაც ბავშვები ჰყავთ და ფეხზე მყარად დადგომა სურთ.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს 3 შვილის დედა აბიტურიენტი ვრცლად ესაუბრა.
- რატომ გადაწყვიტეთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები ახლა ჩაგებარებინათ?
- ჩაბარება ახლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავისთვის დროის დათმობა ახლა შევძელი. აღსანიშნავია, რომ არ მოვმზადებულვარ და გამოცდაზე ისე გავედი. მინდა, რომ სწავლა ფსიქოლოგიის მიმართულებით გავაგრძელო. როგორც იცით, მოსწავლეები სკოლაში 12 წელი დადიან, თან ემზადებიან, მე კი გამოცდაზე, მინიმუმ გამოცდილებისთვის, გავედი. მინდოდა, გამეგო რაში უნდა მოვემზადო. სკოლაში ბოლოს, 24 წლის წინ ვიყავი, ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
- როგორც ვიცით, ბუღალტერი ხართ...
- დიახ, ჩემი კარიერა მაქვს, ბუღალტერი ვარ. ამ მხრივ განვითარებას უფრო დიდ დროს ვუთმობდი, სამჯერ ვისწავლე კოლეჯში, რათა სრულფასოვანი ცოდნა დამეგროვებინა. ეროვნულ გამოცდებზე გასვლა შარშანაც მინდოდა, მაგრამ მე მოსწავლეები მყავს, ბუღალტერიას ვასწავლი და ისე მოხდა, რომ მათი გამოცდებიცამ პერიოდში იყო. ახლაც, მოუმზადებლობის მიზეზი ისევ მოსწავლეებია. წელს, 20 ივნისს, ჩემმა ოცმა მოსწავლემ ჩააბარა გამოცდა. მე მათ დავუთმე ჩემი თავისუფალი დრო, რადგან მათ ეს ძალიან სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 4 სადღაც ერთი თვის შუალედში, უკვე დასაქმდა, რაც მე ძალიან მაბედნიერებს.
- შეიძლება ითქვას, რომ ბუღალტერია და ფსიქოლოგია განსხვავებული მიმართულებებია. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა - რატომ მაინცდამაინც ფსიქოლოგია?
- ადრე, მე ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვიყავი, როგორშიც ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ქალბატონების ნაწილი დღესაც არის. კერძოდ, სხვაზე დამოკიდებულების გამო, საკუთარ ცხოვრებაში ვერაფერს ვცვლიდი. მათ შორის, განათლებაზეც ვერ ვფიქრობდი. ცხოვრების დინებას მოტივაციადაკარგული და იმედგაცრუებული მივჰყვებოდი. მე, ძირითადად, ქალბატონებს ვასწავლი. ქალებს, რომლებმაც თავის დროზე ვერ ისწავლეს. Naec-ის პოსტის შემდეგ, ბევრმა მომწერა, მოტივაცია გამიღვიძეო. ისიც კი მკითხეს, თუ ექსტერნი რას ნიშნავდა. ჩემი მიზანი მათი დახმარებაა. ფსიქოლოგია ამაში მჭირდება, რადგან მქონია შემთხვევები, ჩემამდე ახალგაზრდა მომიყვანია და ვერ დამირწმუნებია, რომ ესწავლა და ბოლიმდე მიეყვანა დაწყებული საქმე. გამოცდილება არ მყოფნის, დავაჯერო, რომ განათლება და შრომა აუცილებელია წარმატებული მომავლითვის. მინდა, საკუთარი ცხოვრების მწერალი თავად იყვნენ.
- გამოდის, მათ მოუწოდებთ, რომ სწავლა გვიანი არასოდესაა...
- დიახ, ასე ვფიქრობ და ფსიქოლოგია დამეხმარება, რომ ისეთ ქალებს, რომელთა მდგომარეობაში მეც ვიყავი, საკუთარი თავის რწმენა გავუღრმაო.
16 წლის ასაკში გავთხოვდი და სხვაზე დამოკიდებული ვიყავი. ეს იყო ნაადრევი ქორწინება და განათლებაზე უარის თქმა. რა თქმა უნდა, ოჯახი უპირველესია, მაგრამ განათლებასა და განვითარებაში ოჯახი ხელს არ უნდა გიშლიდეს. მაგალითად, მე არ მიშლის ოჯახი ხელს, რადგან ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებ. ჩემს ლექციაზე ბავშვიანი ქალებიც დადიან.
- როგორც ფიქრობთ, საზოგადოებაში დაოჯახებული და შვილიანი ქალების მიმართ, სტიგმა არსებობს?
- დიახ, არის სტიგმა, რომ ბავშვიანი ქალი ხარ და ოჯახს მიხედე. არადა, რეალურად, ეს ყველაფერი დაბრკოლება არ არის. ბავშვიანი ქალებიც რომ მწერენ, სწავლა მინდა, მაგრამ, შვილი მყავსო, ვეუბნები, რომ მოიყვანონ. ისეც ყოფილა, რომ მოსვლისას ბავშვი ხელში ჰყავდათ და სწავლის დასრულებისას, უკვე დადიოდა. შვილის შეძენით შენი კარიერა და ცხოვრება არ უნდა დასრულდეს. ჩემი აზრით, ადამიანი ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს.
ჩემი თავის პოპულარიზაცია არ მინდა, უბრალოდ, მე ვიცი, რომ ქალბატონები რომლებიც ისეთ სიტუაციაში იმყოფებიან, თითქოს, სიზმარში არიან, ყვირიან და ვერავის აგონებენ. აი, იმათ მინდა მისწვდეს ხმა და მიხვდნენ, არ უნდა გაჩუმდნენ და მათი პირადი ცხოვრებისა და კარიერისთვის მოქმედება დაიწყონ. იმ ნაჭუჭიდან უნდა გამოვიდნენ, რომელშიც მოექცნენ. ერთი მოსწავლე მყავდა 44 წლის ქალბატონი, რომელიც ავტომობილების გამცილებლად მუშაობდა, მოინდომა სწავლა და ახლა ერთ-ერთი კარგი კომპანიის ბუღალტერია.
- გამოცდებით კმაყოფილი ხართ?
- კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ რაც გამოცდებზე იყო ის საკითხები არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმა, არამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს. სამწუხაროდ, მე რაღაცები არ ვიცოდი. არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩავაბარებ. როგორც აღვნიშნე, ეს გამოცდები ჩემთვის იყო გამოცდილება.
მიმაჩნია, რომ 12 წელი სკოლაში ბავშვისთვის დროის კარგვაა, მით უმეტეს, სტატისტიკურად, სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან შემცირებულია. თუ ადამიანს უნდა განათლება, ვთვლი, რომ 10 წელი სრულებით საკმარისია. მე რომ თითო თვე თითო საგანში მოვმზადებულიყავი, შეიძლება გრანტი ამეღო. ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ, რომ განათლების გარეშე მშვიდი, თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრება არ არსებობს.
- რას იტყვით საგამოცდო საკითხებზე?
- სულ 5 საგანი - ქართული, ინგლისური, ისტორია, მათემატიკა და სამოქალაქო განათლება ჩავაბარე. მაგალითად, ისტორიაში 90-იან წლებში რა საკითხებსაც ვსწავლობდით, ისევ ის იყო გამოცდაზე. ამ დროს, უახლესი ისტორიის შესახებ შეიძლება არც იციან ახალგაზრდებმა. მათემატიკის საკითხები მომეწონა. ის იყო, რაც ეკონომისტს სჭირდება. მიმაჩნია, რომ ეს ნებისმიერმა მოსწავლემ უნდა იცოდეს, რადგან მათემატიკა ტვინის უჯრედებს აუმჯობესებს.
- როდესაც ოჯახში თქვით, რომ გამოცდაზე გადიოდით, რა რეაქცია ჰქონდათ მათ?
- როდესაც სწავლა დავიწყე, 22 წლის ვიყავი, მაშინ შვილები მყავდა. უფროსი სკოლაში დადიოდა, მეორე ბაღში. მაგ პერიოდიდან შეეჩვივნენ, რომ ჩემგან რაღაც სიახლეს ელოდნენ. შემდეგ იყო მართვის მოწმობა და საჭესთან ჯდომა, ესეც უცხო იყო, მაგრამ მე ესეც გავაკეთე. თავიდან, ატესტატის აღება რომ გადავწყვიტე, მაშინ ჰქონდათ რეაქცია, რად გინდაო, ამდენი დიპლომი გაქვსო.
- და ბოლოს, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
- არ მიყვარს მომავალზე საუბარი, მიყვარს კეთება. ჩემს გეგმებს აზრი არ აქვს, მომავალს ღმერთს მივანდობ.
ამიტომ, არ მითქვამს, რომ გამოცდები უნდა ჩამებარებინა. ვაპირებდი, ჩემს შვილთან ერთად გავმხდარიყავი აბიტურიენტი. ოჯახისთვის სიურპრიზი იყო, როდესაც საატესტატო გამოცდები ჩავაბარე. ძირითადად, ლოგიკითა და ჩემი მეხსიერებით ვიხელმძღვანელე. ეროვნულების განრიგი როდესაც დაიდო, ვთქვი, რომ გამოცდაზე მივდიოდი. ოჯახში იცინოდნენ და გაგებით მოეკიდნენ. ბოლო გამოცდაზე გარეთ ჩემი უმცროსი შვილი მელოდა, რომელიც ატირდა და დაწერა ვერ მოვასწარი, თუმცა გავიგე, რა არის გამოცდები და ვაპირებ უკეთ მოვემზადო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...