სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„სკოლა ყველა მოსწავლეს ღირსეულად უნდა ემსახუროს“ - ასკანის საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ქუთათელაძე
01-08-2024
-
+


ეკატერინე ქუთათელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის საქმის სიყვარულით გამორჩეული ხელმძღვანელია. მისთვის ასკანის სკოლის დირექტორობა ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან თავადაც სწორედ იქ მიიღო განათლება და მშობლიური სკოლა განსაკუთრებულად უყვარს.

როგორც თავად აღნიშნავს, მისი ცხოვრება და ბიოგრაფია სწორედ ასკანას სკოლას უკავშირდება. თავდაპირველად, მშობლიურ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ახლახან კი დირექტორად აირჩიეს - სკოლის ახალი ხელმძღვანელი გამოირჩევა ხასიათის სიმტკიცით, არ უშინდება დაბრკოლებებს და სიახლეებსაც უწყობს ფეხს. სასკოლო საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემია თავისი უშრეტი ენერგიით, საქმის სიყვარულით, შრომისმოყვარეობითა და მიზანსწრაფულობით. სკოლის გარდა, ქალბატონი ეკატერინე პროფესიულ სასწავლებელშიც გადის კურსებს და ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები ყველა სფეროში გამოცადოს. ბავშვებსაც მუდამ ამისკენ მოუწოდებს - წინ იარონ, მაქსიმუმი გააკეთონ და არასოდეს შეეშინდეთ.

„ნებისმიერი სახის გამოწვევას ვიღებდი, არ ვუშინდებოდი და ფეხს ვუწყობდი სიახლეებს. დღემდე ასე ვარ. სერტიფიცირებული პედაგოგი ვიყავი, შემდეგ გავხდი უფროსი მასწავლებელი, ახლა კი წამყვანი მასწავლებელი გახლავარ. ორჯერ მაქვს ჩაბარებული დირექტორების გამოცდა. თავდაპირველად დანიშნული დირექტორი ვიყავი, ახლა გახლავართ არჩეული დირექტორი.

მიხარია, რომ ჩემმა სასკოლო საზოგადოებამ მომცა საშუალება გავმხდარიყავი სკოლის ლიდერი 2024 წლის 20 ივნისიდან“, - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი და ბავშვებს, გარდა საგნის სწავლებისა, ცხოვრებისთვისაც ამზადებს, უამრავ რჩევას აძლევს, თავისუფლად მოაზროვნე, ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ზრდის; აქვს თავისებური მიდგომები, სტრატეგიები, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყენებს და მისთვის  არანაკლებ მნიშვნელოვანია პედაგოგების კარიერული წინსვლა. წუხს, რომ მასწავლებლებს დიდი გასაქანი არ აქვთ და ვერ აკეთებენ შესაძლებლობების მაქსიმუმს. 

- დირექტორობასთან ერთად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ბრძანდებით, ამ საგნის მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ...

- აზრის ფორმირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენისა და ლიტერატურის სიღრმისეულად სწავლება. ამ სპეციფიკურ საგანს აზრის თავისუფლება გააჩნია - ბავშვები სწავლობენ თავისუფალ აზროვნებას. სწორედ თავისუფლებაში მოდის აზრები, იდეები. ნათქვამია, რომ „ლიტერატურა ვერ გუობს ბრძანებით კილოს“ - ვცდილობ, ამ საგანში მეტი გასაქანი მივცე ბავშვებს. ვარაუდებზე, პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე დაფუძნებულ საგაკვეთილო პროცესს ვთავაზობ, რისთვისაც ვიყენებ სხვადასხვა სტრატეგიასა და მეთოდს, რომლებიც ეხმარება  და უვითარებს საჭირო უნარ-ჩვევებს.

- კონკრეტულად რა მიდგომები გაქვთ ბავშვებთან ურთიერთობისას, რა აქტივობებს სთავაზობთ?

- ჩემთან, ერთი გაკვეთილი მეორეს არ ჰგავს. ყოველთვის დაკვირვების ქვეშაა თითოეული მოვლენა, სიუჟეტი თუ ეპიზოდი, რაც გაკვეთილზე ხდება. ვცილობ, ბავშვები  ყოველთვის იყვნენ აღმოჩენებში. ეს, რა თქმა უნდა, მათთვის წამახალისებელი, მამოტივირებელი და ნამდვილად შედეგის მომტანია. მოსწავლეებისგან ყოველთვის ვგრძნობ დიდ სიყვარულს და საგნის მიმართ ინტერესს.

- მასწავლებლისა და დირექტორის მთავარ დანიშნულებაზე რომ გვესაუბროთ... რა განასხვავებს და რა აერთიანებს მათ?

- ისინი ერთმანეთისგან რაიმე განსაკუთრებული ნიშნით არ განსხვავდებიან. წარმატებული სკოლა ყოველთვის მოსწავლეზე ორიენტირებულია. ამისთვის იბრძვის თითოეული მასწავლებელი და საზოგადოდ, სკოლა - ყველა მოსწავლეს ღირსეულად უნდა ემსახუროს და თანაბრად ჩართოს თითოეული მათგანი საგაკვეთილო პროცესში. საგანმანათლებლო პროცესებში მთელი სასკოლო საზოგადოებაა ჩართული. ასევე, სასკოლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ეთნიკურ და ეროვნულ განსხვავებებს. პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ მოსწავლეების კეთილდღეობა და შევქმნათ თანამშრომლობითი, ნდობაზე დაფუძნებული გარემო.

რაც შეეხება განსხვავებას - დირექტორმა ადმინისტრაციულ ჩარჩოში უნდა იმოქმედოს. ის ყოველთვის გაკვეთილზე ვერ იქნება. ბევრი რამაა მოსაგვარებელი. თუმცა, ინსტიტუცია იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ვიყოთ ერთმანეთის მიმართ ნდობითა და პატივისცემით განწყობილნი.

- ქალბატონო ეკატერინე, სკოლის ლიდერს რა თვისებები უნდა ჰქონდეს?

- ძალიან ბევრი თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი, თუმცა სასკოლო სამუშაოების, პროცესების მართვა კომპლექსური პროცესია. მივიჩნევ, რომ დირექტორი ყოველთვის უნდა რეაგირებდეს ცვლილებებზე. ჩვენს თანამედროვე სამყაროში იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ ეს ცვლილებები კარგად აისახება სასკოლო ცხოვრებაზეც. ამიტომ, ვფიქრობ, დირექტორი გამოწვევებს არ უნდა შეუშინდეს. ცვლილებებს ფეხი აუწყოს, აიტაცოს და სასკოლო საზოგადოება აიყოლიოს, გაუზიაროს მისი ხედვა, დაეხმაროს მას საქმიანობაში და მოქმედების საშუალება მისცეს. ის სასკოლო საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს.

- პედაგოგებზე საუბრობთ და აქვე გკითხავთ, რას ფიქრობთ სკოლაში ახალი კადრების დასაქმების აუცილებლობაზე...  რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სტაჟიანი პედაგოგებიც არ დარჩნენ განაწყენებულები და ამავდროულად ახალგაზრდა, დამწყებ პედაგოგებსაც მიეცეთ სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა?

- სკოლა ცოცხალი ორგანიზმია. მას აუცილებლად სჭირდება განახლება, გადახალისება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების მიღება. ესაა ხარისხის უზრუნველყოფა სკოლაში. ახალგაზრდა კადრებს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, გვერდით დავუდგეთ და საშუალება მივცეთ, შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ. ესთეტიკურადაც და აზრობრივადაც მნიშვნელოვანია ეს ბავშვებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, ზოგჯერ მაძიებლობით, ზოგჯერ ვაკანსიით, რომ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ კადრის პროფესიულ შესაძლებლობებზე, თუმცა თუ ვხედავთ, რომ ის ახალგაზრდა, მონდომებულია, დავეხმაროთ ყველანაირად და მივიღოთ სკოლაში. რა თქმა უნდა, აუცილებელია ახალგაზრდა კადრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გამოცდილ და ძველ კადრს უგულებელვყოფთ, პირიქით. ასეთი ინტეგრირებული ღირებულებები სკოლას უფრო საინტერესოს ხდის. მე პირადად ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა.

არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველა პედაგოგი დასაფასებელია. ხშირად აკეთებენ აქცენტს იმაზე, უნდა იყვნენ თუ არა სკოლაში ახალგაზრდა პედაგოგები. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები ძალიან სწრაფად რეაგირებენ სიახლეებზე, ამიტომ ეფექტურია მათთან მუშაობა სასკოლო გარემოში. თუმცა, იმდენი გამოწვევის წინაშე დგას სკოლა და მასწავლებლები, რომ პროფესიული მზაობის გარდა, მეტად საჭიროა ფსიქოლოგიური მზაობა. სწორედ ამისთვისაა ტრენინგები და მუდმივი განვითარება. მე პირადად, ხშირად ვკითხულობ თანამედროვე თეორეტიკოსებს, მათგან ბევრი მნიშვნელოვანი, საჭირო აქცენტი თუ საკითხი მომაქვს, რომლებიც ჩემს სკოლას მოუტანს სარგებელს. ერთ-ერთი მათგანია მოსწავლის გარეგანი მამოტივირებელი ფაქტორები, რომელზეც საუბრობს ერთ-ერთი თეორეტიკოსი. შეიძლება მასწავლებელი საქმის პროფესიონალი იყოს, მაგრამ სჭირდებოდეს დახმარება, რომ უფრო მეტად აუმაღლოს მოსწავლეს სწავლის მოტივაცია.

- მასწავლებელმა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვს სწავლის წყურვილი გაუჩნდეს?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია ფსიქოანალიტიკური ფაქტორების დახმარება. ამაში უნდა ჩაერთოს, რა თქმა უნდა, სკოლა, სამინისტრო, რადგან სკოლაში ამოქმედდეს გარეგანი მოტივაციის ფაქტორები. ეს იქნება ჯილდო, თუ სხვა რაიმე. უნდა ჰქონდეს სკოლას ამის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, უამრავი მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, რომელსაც არ აქვს ამის საშუალება. მოკლედ რომ ვთქვა, წამახალისებელი გარემო აუცილებელია.

აგრეთვე, არავინ მიწყინოს, მაგრამ, ვფიქრობ, მასწავლებელი ყველაზე მეტად ჩამორჩა სოციუმში. თითქოს ჩარჩოებშია მოქცეული, ამაში ვგულისხმობ, რომ არ აქვთ გასვლითი შეხვედრები, ტრენინგები ქალაქგარეთ, თუნდაც საზღვარგარეთ. სულ ერთსა და იმავე ადგილზეა გაჩერებული. აუცილებელია კლიმატის შეცვლა, სხვისი აზრის მოსმენა, მისი გაზიარება. სხვა გარემოში მოხვედრა მას მეტად აუმაღლებს მოტივაციას და შემართებით შეუდგება პროფესიულ საქმიანობას. სწორედ ამისთვისაა საჭირო რაც შეიძლება ბევრი ტრენინგი და აქტივობა. მინდა, მასწავლებლები ხშირად გავიყვანოთ სკოლიდან, ამოქმედდეს ისეთი თანამშრომლობითი პროექტები, რომლებშიც სხვადასხვა სკოლიდან ჩაერთვებიან მასწავლებლები. არიან ისეთი პედაგოგები, რომლებიც ტრენინგზე ნამყოფიც კი არ არიან, ან არიან მხოლოდ ონლაინ, დისტანციურად. ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მომზადებული პედაგოგი, რომ კონკრეტულ ადგილას მიდის ტრენინგისთვის. ვფიქრობ, ასე პედაგოგები უფრო ნაყოფიერად იმუშავებენ სკოლაში. სკოლას შესაძლებლობა უნდა მიეცეს გაცვლითი ტრენინგების ჩატარების, რომელშიც უშუალოდ იქნებიან მასწავლებლები ჩართულნი, რათა ჩვენ, 21-ე საუკუნის მოსწავლეებს ეფექტურად ვემსახუროთ.

- განათლების სისტემაზე რას ფიქრობთ, შეცვლიდით რაიმეს?

- ის ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობს განათლების სისტემაში, ჩემთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ განათლების მინისტრი პერმანენტული ხასიათის შეხვედრებს ატარებს მასწავლებლებთან და ისმენს მათ გულისტკივილს, გამოწვევებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი სასიკეთო რაღაც კეთდება. თუმცა, მგონია, რომ ჯერ ძალიან ბევრი რამაა კიდევ გასაკეთებელი.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მასწავლებელი ყველა მხრიდან ძალიან დაბულინგებულია. მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, პროფესიული მზაობა პედაგოგებს გააჩნიათ, მაგრამ მათ სჭირდებათ გარემო, რომელიც მისცემს განახლების საშუალებას.

- პედაგოგების ბულინგში რას გულისხმობთ?

- ყველგან, ყველა, ვისაც არ ეზარება, მასწავლებელს ლანძღავს. რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემაც შეიძლება იყოს. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გამომწვევი მიზეზები დაადგინონ, თუ რატომ, რა არ მოსწონთ, უბრალოდ, უსასრულოდ ლანძღავენ მათ.

მასწავლებელი, როგორც აღვნიშნე, უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა - ვეღარ უმკლავდება ყველაფერს ერთად და სჭირდება მხარდასაჭერი, მამოტივირებელი ტრენინგები. პედაგოგს საშუალება უნდა მიეცეს, მეტი ცოდნა მიიღოს, ახლებურ მიდგომებზე, რომელსაც საგაკვეთილო პროცესში გამოიყენებს. თუ როგორც გაუღვიძოს ბავშვს სწავლის სურვილი. თუ პედაგოგს აქვს ასეთი მიდგომები და იცის ბავშვთან ურთიერთობა, მას შეუძლია სწავლისკენ შემოაბრუნოს ბავშვი.

- სავალდებულო საბაზო განათლება 9-ის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრა, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რას შეცვლის ეს განათლების სისტემაში?

- ზოგადად, პროცესებს, რომლებიც განათლების სისტემაში მიმდინარეობს ორი მხარე აქვს. რაღაც შეიძლება კარგი იყო, რაღაც - ცუდი. მე პოზიტიურს ვიტყვი. ხშირად მინახავს მშობელი, რომელიც შეწუხებულია იმით, რომ 9 კლასიდან გაიყვანა ბავშვი და რა უნდა აკეთოს, რადგან ჯერ არაა ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, ეს ალბათ არსებით პრობლემებს არ შექმნის საზოგადოებაში. უფრო დახვეწილი, გაზრდილი იქნება მოსწავლე, როდესაც საბაზო საფეხურს დაასრულებს და ცხოვრების ასპარეზზე გავა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან პირიქით, კიდევ უფრო დაფიქრდება ბავშვი რა უნდა. ჩვენთან ოჯახური გარემოა შექმნილი და ყველაფერი ვიცით ერთმანეთის სამომავლო გეგმების, იდეების შესახებ. ჩვენს სკოლაში, გარდა საგნების სწავლებისა, ვცდილობთ, ადამიანური თვალსაზრისითაც დავუდგეთ გვერდით. ვეხმარებით ბავშვებს პროფესიის არჩევაში დავეხმაროთ და მათ კარიერაზეც ვიზრუნოთ. მივცეთ რეკომენდაციები და რჩევები, რასაც ითვალისწინებენ. საშუალო საფეხურს რაც შეეხება ვფიქრობ, პროგრამების გადახალისებაა საჭირო. 18 წლის ადამიანი, რომელიც სკოლას ასრულებს, ბევრი შეძენილი უნარი და ცოდნა უნდა გაიტანოს სკოლიდან. ამიტომ, საგნობრივი პროგრამები მეტად დასახვეწია. უფრო მეტად დასაფიქრებელია, ისეთი საკითხებია შესატანი, რომლებიც ამ თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ღირსეულ მოქალაქეს მივიღებთ. ამიტომ, მოხარული ვიქნები, თუ მეტი ყურადღება სწორედ საგნობრივ პროგრამებს დაეთმობა.

- თქვენს საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რა ცვლილებებს შეიტანდით, რომელ საკითხებს ჩაამატებდით?

- მე მივესალმები ისეთი საკითხების, თუნდაც ლიტერატურული ნაწარმოებების (თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის) შემოტანას, სადაც სხვადასხვა პრობლემური თემები იქნება წინ წამოწეული. თუნდაც, შესაძლოა ეს იყოს სსსმ მოსწავლეებთან ურთიერთობა, დამოკიდებულება, ამის შესახებ უამრავი კარგი ლიტერატურა არსებობს, რომელიც მოსწავლეს ცნობიერებას გაზრდის და მას ცხოვრებაში დაეხმარება.

- ახლახან, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა. აბიტურიენტებში ჯერ კიდევ არ განელებულა გამოცდებისგან გამოწვეული ვნებათაღელვა... არსებობს აბიტურიენტთა კატეგორია, რომელიც გამოცდებს მშობლების ხათრით აბარებს, მაგრამ თავად სხვა ინტერესები აქვთ, ამ საკითხზე რომ გვესაუბროთ... აუცილებელია თუ არა სკოლის დამთავრების შემდგომ სწავლა ყველამ უნივერსიტეტში განაგრძოს?

 - მგონია, ეს გარდასული ეპოქის ამბავია, მაგრამ დიახ, სამწუხაროდ, ამ დროშიცაა მსგავსი შემთხვევები. გენეტიკურად, ქართველებს გვიყვარს უმაღლესი სასწავლებელი და ყველაფერს გავიღებთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილმა უნივერსიტეტი დაამთავროს. დიპლომი ჯერ კიდევ „ბრწყინავს“ ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, ძალიან პრაგმატული შეხედულებით, მგონია, რომ უკვე წამოვიდა სკოლაში (ბავშვებისგანაც მომისმენია) პროფესიული სასწავლებლების მიმართ ინტერესი. ბავშვები აღნიშნავენ, რომ პროფესიული სასწავლებელი მნიშვნელოვანია. ახალი თაობა მაინც უფრო გამტანია ასე ვთქვათ, თუ რაიმეს გაკეთება არ უნდათ, მშობლებს პროტესტს უცხადებენ.

ამიტომ, მე პირადად, ბავშვებს ვურჩევდი, რომ საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე იმოქმედონ. კარიერაში მაქსიმუმი ჩადონ, ბოლომდე დაიხარჯონ და განვითარება არასდროს შეწყვიტონ. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ, მთავარია გულით გააკეთო. შესაძლებელია, რაღაც ისწავლო და გვიან მიხვდე, რომ ეს სულაც არ გინდა, ან იქ, სადაც ხარ, საერთოდ არაა შენი ადგილი. ამიტომ, აუცილებლად უნდა მიჰყვნენ გულისთქმას. როგორც აღვნიშნე, დირექტორი სასკოლო საზოგადოებისთვის მაგალითი უნდა იყოს. ამიტომ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ვსწავლობ პროფესიულ სასწავლებელში, სადაც ვეუფლები ჭრა-კერვის კურსებს. მიმაჩნია, რომ ადამიანმა თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს - რატომაც არა? ამას ბავშვებსაც ვეუბნები - აი, ჩემთვის ყველაზე ნიჭიერი არის მკერავი და მინდა ეს სფეროც გავიცნო, ვნახოთ, ვარ თუ არა მეც ნიჭიერი.

- პროფესიული სასწავლებლები რა გამოწვევის წინაშეა, როგორც ფიქრობთ?

- აუცილებელია პროფესიული სასწავლებლების ინტეგრირება, შემოსვლა ჩვენს ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში. ფაქტობრივად არ შეიძლება ის განყენებულად იყოს. რა თქმა უნდა, მას ფართო სპექტრი აქვს, მაგრამ ჩვენ პროექტებით ვცდილობთ პროფესიულ სასწავლებლებთან გვქონდეს კავშირი. მაგალითად, ისეთი პროფესიები, როგორიცაა კერვა, კულინარია, მშენებლობის საკითხები შემოიტანოთ სწავლებაში.

- ბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვესაუბროთ...

- პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს უსაფრთხო გარემო, ეფექტური სწავლება. მივყვებით ყველა იმ რეფორმას, რასაც გვთავაზობს სამინისტრო და რა თქმა უნდა, პროექტებისა და აქტივობების მეშვეობით გავაერთიანებთ სასკოლო საზოგადოებას. კულტურულად, ინსტიტუციურად მივცემთ ჩვენს თემს, სკოლას დანიშნულებას, რადგან მათ შორის იყოს ჰარმონიული კავშირი. გვინდა, თემი შემოვიყვანოთ სკოლაში, გავუღოთ კარი და საზოგადოებას ჩვენი საქმიანობა გავაცნოთ. ეს ჩვენს ეფექტურ მუშობასაც განაპირობებს. ჩემი მთავარი საზრუნავია მასწავლებლის საქმიანობა დაფასდეს, სკოლის მნიშვნელობა გააქტიურდეს საზოგადოებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება