მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე 4 წელია ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამას „მომავალი პედაგოგი“, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს და წაახალისოს ისეთი წარმატებული და მაღალი მოსწრების სტუდენტები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან.
პროექტის იდეის ავტორი ფონდის დირექტორი ბატონი ზურაბ კერვალიშვილია, რომელმაც პანდემიის პერიოდში, განათლების სისტემისთვის ალბათ ერთ-ერთ რთულ პერიოდში, გადაწყვიტა რეგიონალური უნივერსიტეტების სტუდენტები წაეხალისებინა და სტიპენდია დაეწესებინა იმ პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული სწავლითა და მონდომებით გამოირჩევიან და საუკეთესო მოსწრება აქვთ.
სწორედ ამ იდეის განხორციელების მიზნით, თავდაპირველად მომავალი პედაგოგების წახალისების პროექტში სამი რეგიონალური უნივერსიტეტი (გორის, თელავისა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი) ჩაერთო. ოთხი წლის განმავლობაში პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა გაიზარდა და დღეს გპფ შვიდ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ფონდს 10-10 წარმატებული და გამორჩეული სტიპენდიანტი ჰყავს.
თითოეული სტიპენდიანტის წარმატების ისტორია თავისებურად საინტერესო და შთამბეჭდავია. წარმატებულ სწავლასთან ერთად, ისინი არიან არანაკლებ წარმატებული: ოეტები, მწერლები, სტუდენტები მაღალმთიანი რეგიონებიდან და ეთნიკურად არაქართველები, რომლებმაც ქართული ენის პედაგოგობა გადაწყვიტეს; იძულებით გადაადგილებულები, ახალგაზრდები ოკუპირებული რეგიონებიდან და სხვა.
ფონდის სტიპენდიანტების ნაწილმა უკვე დაასრულა საბაკალავრო პროგრამა. ბევრი მათგანი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა, აწილი კვლავ აგრძელებს სწავლას და როგორც თავად ამბობენ ფონდის სტიპენდიანტობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მოტივაცია და გამოწვევაა გაამართლონ იმედები და სხვასაც მაგალითი მისცენ საკუთარი მიღწევებით.
მარიამ დინგიშვილი ფონდის ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტია, როგორც იხსენებს მისთვის განსაკუთრებული პატივი იყოს ფონდის სტიპენდია 3 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა. თითოეული სემესტრის წარმატებით დახურვა მას ახალ გამოწვევას უჩენდა მეტად მოენდომებინა შემდეგ სემესტრში, სახელმწიფო სტიპენდიაც არ დაეკარგა და გპფ-ს სტიპენდიანტთა რიგებშიც ყოფილიყო. წელს მარიამმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და მალე პედაგოგიურ საქმიანობასაც დაიწყებს.
ბარბარე გალიბინა ორიოდე წლის წინ შეუერთდა ფონდის სტიპენდიანტთა რიცხვს. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტისთვის მარტივი არ იყო რვა შვილის დედობა და სწავლა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა, თუმცა დღეს იგი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულია და საყვარელ საქმიანობასაც აგრძელებს. მიაჩნია, რომ სტუდენტობამ მთლიანად შეცვალა მისი დამოკიდებულება განათლებისადმი და სტიპენდიანტის სტატუსმა მოტივაცია მისცა დაემტკიცებინა პირველი რიგში საკუთარი თავისთვის, რომ შეუძლებელი არაფერია და სწავლის დაწყება, საყვარელი საქმის კეთება და განათლებულ თაობაზე ზრუნვა არასდროსაა გვიან. დღეს ბარბარე სამცხე-ჯავახეთის სკოლაში საქმიანობს.
„თავდაპირველად როდესაც ფონდმა სასტიპენდიო პროგრამაზე დაიწყო მუშაობა 30 სტიპენდიანტი გვყავდა, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებიდან. დღეს კი მათი რიცხვი 100-ს აჭარბებს. სტიპენდიანტების არჩევის მთელი პროცესი უნივერსიტეტებს მივანდეთ და ჩვენი მხრიდან მხოლოდ მათი მოსწრების მონიტორინგი ხდება. ბუნებრივია გვაინტერესებს როგორ სწავლობენ ჩვენი ახალგაზრდები, რამდენად არიან ჩართულები სამეცნიერო საქმიანობაში, როგორ აქტიურობენ, და რაც მთავარია, სწავლის დასრულების შემდეგ რამდენად საქმდებიან პროფესიით, ამასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს. რადგან მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ესაა, ფონდის დამფუძნებლის მიერ გამოყოფილი რესურსი სწორად მოხმარდეს განათლების სისტემაში უკეთესი კადრების მოზიდვას და განათლებული და წარმატებული პედაგოგის ჩამოყალიბებას. ფონდის სურვილია, დაფინანსებული პროექტები მომხარდეს ერთ მთავარ მიზანს - გვყავდეს განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული, თანამდეროვე ცოდნით და მოქალაქეობრივი ღირებულებებით აღჭურვილი მასწავლებელი და მათ მიერ აღზრდილი ერუდირებული, მცოდნე, ქვეყნის მოყვარული, ბედნიერი და თავისუფალი მომავალი თაობა. ვფიქრობ ჩვენი სტიპენდიანტები, რომლებიც ეხლა იწყებენ მასწავლებლობას ნამდვილი საჩუქარი იქნება ნებისმიერი სკოლისთვის!“ - ამბობს ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.
ფონდის საქმიანობა რეგიონალურ უნივერსიტეტებთან მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამით არ შემოიფარგლება. სტიპენდიანტები ჩართულები არიან ფონდის მიერ დაფინანსებულ არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში: სწავლობენ დებატების ხელოვნებას (პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისათვის“, რომელიც უკვე მომავალ მასწავლებლებსაც აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დებატებისა და მსჯელობის კულტურას), ეუფლებიან პედაგოგისთვის მნიშვნელოვან სოციალურ-ემოციურ უნარებს (პროექტი „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება“, რომელიც ფონდის პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება), სტიპენდიანტები ასევე მონაწილეობენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის კლუბის წევრების მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებში და მასტერკლასებში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროექტსა და აქტივობას თუ შევხედავთ ერთიანობაში, ნათელია, რომ ფონდისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, დაფასება, დარგში ახალი და უკეთესი კადრის შემოყვანა; მომქმედი და მომავალი პედაგოგების თანამედროვე ცოდნითა და უნარ-ჩვევევით აღჭურვა და საერთო ჯამში სკოლის კიდევ უფრო გაძლიერება.
„ფონდის სტიპენდიანტობა დღეს გამორჩეულ სტუდენტობასთან ასოცირდება ჩვენს უნივერსიტეტში და ეს მხოლოდ სტატუსი როდია, ეს ერთგვარი ფინანსური საშუალებაა თუგინდ იმისთვის, რომ გადაადგილდნენ სოფლიდან უნივერსიტეტამდე. თუმცა პირველ რიგში სტუდენტებისთვის ეს მაინც მათ დამსახურებებთან ასოცირდება, რაც მხოლოდ უდიდესი შრომისა და სწავლის შედეგია. ფონდის სასტიპენდიო პროგრამამ ბევრი რამ შეცვლა უნივერსიტეტში და განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში - არაერთი სტუდენტი ცდილობს ფაკულტეტი შეიცვალოს და პედაგოგი გახდეს მეტიც, არ დატოვოს ქალაქი, რეგიონი და პედაგოგის პროფესიას ჩვენთან დაეუფლოს“ - ამბობს აწსუს განათლების დეკანი მამული ბუჭუხიშვილი.
დღეისათვის ფონდის მიერ სასტიპენდიო პროგრამაზე დახარჯულია 320 000 lლარი, ხოლო მთლიანად განათლებაში ჩადებული ინვესტიცია 4 მილიონს აჭარბებს. გპფ-ს მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა კი თითქმის 35-ზე მეტია. გრანტიორების მიერ განხორციელებული და ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების მთავარი სამიზნე კი განათლებული პედაგოგია. ფონდის მიზანიც ხომ სწორედ ესაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი განათლების დონის გაუმჯობესებას ქვეყანაში, გვყავდეს აღიარებული და მისაბაძი პედაგოგები და რაც მთავარია შეიცვალოს არსებული სისტემა უკეთესი მიმართულებით. ამ მიზნის მისაღწევად კი ფონდი არ ზოგავს ძალისხმევას სხვა პარტნიორებთან, ინსტიტუცეიბთან, დონორებთან და ორგანიზაციებთან ერთად, დააფინანსოს საგანმანათლებლო პროექტები თავისი წილი სასიკეთო საქმე აკეთოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
ფონდის მიერ ინიცირებული „მომავალი პედაგოგი“ წახალისების სასტიპენდიო პროექტია. იგი 2020 წლიდან პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხორციელდება და თითო უმაღლესი სასწავლებლიდან 10 წარმატებულ სტუდენტს აერთიანებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150 ₾-ს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდს დღემდე 100-ზე მეტი სტიპენდიანტი ჰყავს 7 სახელმწიფო უნივერსიტეტში: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახ. უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელწიფო უნივერსიტეტი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ