მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მე საქართველოს მომავალს ვზრდი, ისინი ჩვენი ხვალინდელი დღე არიან - ამას არ ვაჭარბებ“,- ამბობს ტყიბულის N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი ლელა ქურციკიძე, რომელიც ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი.
პედაგოგმა, რომელიც სკოლაში 1990 წლიდან მუშაობს, არაერთი მოსწავლე აღზარდა. მეტიც, ახლა უკვე ისეთი მოსწავლეებიც ჰყავს, რომელთა მშობლებსაც წლების წინ ასწავლიდა. მისთვის ეროვნულ პრემიაზე წარდგენა, სიხარულის პარალელურად, უდიდეს პასუხისმგებლობასთანაც ასოცირდება. მისი საუბრიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მოსწავლეების უდიდესი გულშემატკივარია. ამაზე ყველაზე კარგად ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პარიზში, ოლიმპიადაზე, თავის ყოფილ მოსწავლეს, ილია სულამანიძეს ჩააკითხა. როგორც ლელა ქურციკიძემ etaloni.ge-სთან თქვა, ილიას მე-10 კლასში დაჰპირდა, რომ ოლიმპიადაზე წავიდოდა და დარბაზიდან უგულშემატკივრებდა. დანაპირები შეასრულა, ენის ბარიერის მიუხედავად, პარიზში მარტო გაფრინდა და ისეთი შთაბეჭდილებებით დაიტვრთა, რომ მომავალ ოლიმპიადაზეც აუცილებლად წავა.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, 1989 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე ჩაირიცხა, რომელიც 1995 წელს დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გარდა სასკოლო საქმიანობისა, ის, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, 2011 წლიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლადაა მიწვეული. კარიერული წარმატების პარალელურად, ლელა ქურციკიძეს ჰყავს ერთი შვილი, რომელიც სამხედრო პირია.
პედაგოგმა პარიზულ თავგადასავალზე, მოსწავლეებთან მიდგომაზე, საკუთარ საქმიანობასა და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-სთან ვრცლად ისაუბრა.
- რამდენად საპასუხისმგებლოა თქვენთვის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენა?
- ამ ფაქტს როგორი დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა, ამაზე დიდი ეროვნული ჯილდო ჩემთვის არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ, უბრალოდ, ზოგადად, ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. შეიძლება, რაღაც სიტუაციებში მოჭარბებულადაც კი. ამიტომაც, როდესაც რაღაც საქმეს ვიწყებ, უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები და მინდა, რომ ყველაფერში მაქსიმუმი ჩავდო. ამ პროფესიაში პირველი ადამიანისა და ბავშვის სიყვარულია. ჩემი სკოლაში მოღვაწეობა სწორედ მოსწავლეების ირგვლივ ტრიალებს.
- რამდენი ხანია, რაც სკოლაში ასწავლით და ზოგადად, როგორია გეოგრაფიის, როგორც სასწავლო საგნის სპეციფიკა?
- მე დაუსწრებელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. სკოლაში მუშაობა 1990 წლიდან დავიწყე. წლების განმავლობაში, სხვადასხვა პოზიცია მეკავა, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელიც ვიყავი. საგან გეოგრაფიას კი 1994 წლიდან ვასწავლი. ყოველთვის ამ სკოლაში ვმუშაობდი. ერთია, რომ უნივერსიტეტში ისწავლო და მეორეა, როდესაც უშუალოდ გაკვეთილზე ხარ. პირველ საჯარო სკოლაში არაჩვეულებრივი კოლექტივია. აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, რომ ტყიბული პატარა ქალაქია და ამას თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად, მე მყავს მოსწავლეები, რომელთა მშობლების მასწავლებელიც ვიყავი - ეს ფანტასტიკური განცდაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მასწავლებლობით უბედნიერესი ვარ.
- ჩანს, თქვენთვის ეს პროფესია ძალიან ბევრს ნიშნავს...
- დიახ, ჩემთვის საოცრება - ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ვარ. ამაზე ჩემი პარიზული მოგზაურობაც მეტყველებს. ძალიან დიდ ემოციებში ვიყავი, ეს საოცარი რამ იყო.
ზოგადად, ფანტასტიკური განცდაა, როდესაც მოსწავლეებს თვალებში უყურებ. მე საქართველოს მომავალს ვზრდი, ისინი ჩვენი ხვალინდელი დღე არიან - ამას არ ვაჭარბებ, გულწრფელად ვამბობ. შეიძლება რომელიმემ შემაჯამებელი დავალება ვერ დაწეროს, მაგრამ მის გონებაში ვიხედები და ვხედავ, რა შესაძლებლობები აქვს. ეს ალბათ, მრავალწლიან გამოცდილებას მოაქვს.
- მოსწავლეთა სხვადასხვა შესაძლებლობა ახსენეთ, გქონიათ შემთხვევები, როდესაც მათ საკუთარ თავში დარწმუნება სჭირდებათ?
- დიახ, ასეა და ერთ მაგალითსაც გავიხსენებ: ერთი მოსწავლე მყავდა, რომელიც გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლობდა. ვამბობდი, რომ მას ბევრი შეეძლო, ამაში ვარწმუნდები და ახლაც მგონია, რომ ცხოვრებაში თავის სიტყვას იტყვის. ბავშვმა გასაკეთებელი თვითონ უნდა გააკეთოს, მაგრამ მათი მოტივირება კიდევ სხვა საკითხია.
- როგორც ვიცით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში გამსწორებელი ხართ...
- დიახ, მე მხოლოდ გამსწორებელი ვარ, ტესტებს არ ვადგენ. როდესაც გამსწორებლად პირველად მივედი, მაშინ ჩავილაპარაკე, რომ რასაკვირველია, სქემის მიხედვით, ისე გავასწორებდი ნაშრომს, როგორც ჩემი შვილისას. ამაში კი ზედმიწევნით ობიექტურობას ვგულისხმობ. სწორედ ამ პრინციპით მოვდივარ ამდენი წელია.
აღსანიშავია, რომ მუშაობა როგორც აბიტურიენტების, ისე მასწავლებლების ნაშრომებთან მიწევს. ამ საკითხებზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, რაღაცები კონფიდენციალურია.
- პარიზული მოგზაურობა ახსენეთ, ვიცით, რომ ილია სულამანიძეს - თქვენს ყოფილ მოსწავლეს, ოლიმპიადზე ჩააკითხეთ. საფრანგეთში წასვლას გეგმავდით თუ ექსპრომტად გადაწყვიტეთ?
- ილიას მე-8 კლასიდან ვასწავლიდი. ყოველთვის ვამბობ, პირველად რომ დავინახე, შთამბეჭდავ ფიზიკურ ფორმაში იყო - გავიფიქრე, ხელები კი არა, ტორები აქვს-მეთქი. ილია განსაკუთრებული ადამიანია. მისი ცხოვრების ამოსავალი წერტილი სპორტია. ის არც ერთ ვარჯიშს არასოდეს აცდენდა, მართლა იშვიათი ადამიანია. მე-10 კლასის ბოლოს, ასეთი დავალება იყო, მოსწავლეებს ქვეყნების შესახებ პრეზენტაცია უნდა მოემაზდებინათ. მე ილიასა და მის ძმას დავავალე, რომ პრეზენტაცია ისეთ ქვეყანაზე გაეკეთებინათ, სადაც ოლიმპიადაზე ასპარეზობა მოუწევდათ. ერთ-ერთმა თქვა, რომ 2020 წლის ოლიმპიადა ბაქოში გაიმართებაო, მე კი ვუთხარი, რა პრობლემაა, მანდ ვიქნები-მეთქი. მეორე დღეს კი, ინფორმაცია დააზუსტა და მითხრა, რომ 2020-ში ტოკიოში იქნებოდა. მაშინ ვუპასუხე, რომ ტოკიოში ჩასვლას ვერ დავპირდებოდი, თუმცა პარიზში წავედი. ყველა შეჯიბრებას ვუყურებ, ოღონდ ეკრანზე და ილიას ვეუბნებიდი, ერთადერთი, სადაც ტატამზე პირდაპირ დარბაზში გნახავ, ოლიმპიადა იქნება-მეთქი.
ზოგადად, უსაზღვრო პატივს ვცემ შრომას. ეს შრომა შეიძლება იყოს, წიგნთან, ინგლისურთან, ტატამთან, გეოგრაფიასთან... სხვადასხვა მონაცემების მოსწავლე როდესაც მყავს, მათ შრომას ყოველთვის აღვნიშნავ.
- შემდეგ ოლიმპიადაზე რას გვეტყვით, წასვლას აპირებთ?
- აუცილებლად, ამას არც განვიხილავ. სიტყვა ვერ აწონის იმ ემოციას, რაც იქ დამეუფლა. წავედი მარტო, არც ინგლისური, არც ფრანგული არ ვიცი. ეს იყო დიდი მოგზაურობა, ამაზე ალბათ წიგნი დაიწერებოდა, რომელსაც იმერიულ ესკიზებს დავარქმევდი, რადგან ბევრი კურიოზი იყო. პარიზში ცოტა ასაკოვან მამაკაცს წავაწყდი, რომელიც წარმოშობით ტყიბულელი აღმოჩნდა. ბოლოს, ფინალზე მე და ეს კაცი გვერდიგვერდ ვისხედით. მაშინვე ვთქვი, რომ მომდევნო ოლიმპიადაზე აუცილებლად ვიქნებოდი. ილიას კი მეორე დღეს შევხვდი, იმ დღეს ვერ მოვახერხე.
- თავად ილიას რა რეაქცია ჰქონდა, გაუკვირდა თუ იცოდა, რომ მიდიოდით?
- იცოდა, ამას წლების განმავლობაში ვამბობდი. ძიუდო დარბაზში არ მინახავს, ერთადერთხელ ვიყავი ილიას ძმის საგულშემატკივროდ ქუთაისში. ოლიმპიადა ისეთი დონის ტურნირია, იქ მოხვედრა მარტივი არაა, მაგრამ მე მწამდა, რომ ილია ოლიმპიადამდე მივიდოდა. ჩემი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, გავამზადე ონლაინ რესურსი - ილიას გამარჯვებების რუკა. ბოლოს, ოქრო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერცხლია. მჯერა, რომ 4 წლის შემდეგ, ოქრო იქნება.
- როგორი მოსწავლე იყო?
- ილია უნიჭიერესი, ბრწყინვალე გონების ბიჭია, მოწესრიგებული და ზრდილობიანი. ბოლო კლასებში ძალიან ბევრ ტურნირზე დაიდოდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, სკოლაშიც პასუხისმგებლიანად იქცეოდა.
- ჩანს, თქვენი მოსწავლეები სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულები არიან...
- დიახ, როდესაც ძიუდოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს შევხვდი, ვუთხარი, რომ მე გედრებით, რადგან ჩემი ჩემპიონი მეც მყავს. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, რომელიც ასევე ურთულესია, ზედიზედ სამი წელია გამარჯვებული მყავს - საბა ქენქაძე. არაჩვეულებრივი ბიჭია, ბრწყინვალე შედეგი აქვს.
ჩემი კლასიდან გუნდი - „ჯინსების თაობა“ ინტელექტ-კონკურსებში გავიდა. მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს, „ტვინების ბრძოლაში“ იმერეთის ჩემპიონები არიან. გარდა ამისა, წარმატებული იყო პროექტ ,,კინგსისა“ და ინტელექტ-კლუბ „რა? სად? როდის?“ ორგანიზებული სასკოლო ჩემპიონატი. საქართველოს მასშტაბით, გუნდმა - „ქენქაძის ექვსეულმა“ 2023 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი არ დაიშლება და ადრე თუ გვიან, ბროლის ბუსაც მოიგებს. ადრე კი, მოსწავლეები „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ შეჯიბრზე გავიყვანე, სადაც დიდ წარმატებას მიაღწიეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...