მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შალვა ხუციშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის მენტორი მასწავლებელი, ეროვნულ პრემიაზე გახლავთ წარდგენილი. საგანმანათლებლო სფეროში (აღარაფერს ვამბობთ მის მოსწავლეებზე) ბატონ შალვას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება - ყველა იცნობს, როგორც მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე მდგომ ღვაწლმოსილ პიროვნებას და თავად ამბობს, ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ყველაზე დიდი ჯილდო ჩემო კოლეგებისა თუ მოსწავლეების სიყვარულიაო.
თბილისის N219 საჯარო სკოლის ხელმძღვანელს სამინისტრომ ერთგვარი „ვიდეო-პორტფოლიო“ მიუძღვნა, სადაც ბატონი შალვა საკუთარ სწავლების ფილოსოფიას გვიზიარებს:
„26 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ დირექტორად და მათემატიკის მასწავლებლად... ეს ძალიან საპასუხისმგებლოა, იმიტომ, რომ მოსწავლეების აღზრდასთან გაქვს საქმე - მოსწავლეები რომ აღზარდო, თავად უნდა იყო სათანადოდ მომზადებული“, - აცხადებს სკოლის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ სკოლა მისი ოჯახია: „ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
შალვა ხუციშვილი იმასაც გვიმხელს, თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას კვლავ მასწავლებლობას ავრიჩევდი, რადგან ეს პროფესია ძალიან მიყვარსო:
„44-წლიანმა გამოცდილებამ ისე შემაყვარა ჩემი პროფესია, რომ ვფიქრობ, სწორად ამირჩევია მასწავლებლობა... ბავშვობაში ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობდი, მაგრამ ფიზიკა-მათემატიკა უფრო მიყვარდა და ამან გადამაწყვეტინა, გავმხდარიყავი მათემატიკის მასწავლებელი“, - აცხადებს თითოეული მოსწავლისთვის მართლაც საყვარელი პედაგოგი და განმარტავს, რომ მისთვის მასწავლებლობა ნიშნავს „სინდისს, ნამუსს და ეტალონს“.
„ჩემთვის მასწავლებლობა ნიშნავს სინდისს, ნამუსს და ეტალონს... პედაგოგი სულიერად უნდა ჩაწვდეს მოსწავლეს, უნდა ასწავლოს მეგობრობა, სიყვარული, „ბოდიში“ „ნახვამდის“... უნდა ენდობოდეს, თან უნდა აკონტროლებდეს... მე მჯერა იმ თვალების, რომლებიც ყოველდღიურად მანათებენ; ბედნიერი ვარ, როდესაც ზარი ირეკება და მოსწავლეები მელოდებიან საკლასო ოთახში; ასევე ბედნიერი ვარ, როდესაც ზარი ირეკება და არ უნდათ, გაკვეთილიდან გამოვიდე. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ წლების განმავლობაში მათემატიკის 44 მასწავლებელი ჩემი გამოზრდილია და მიხარია, კომუნიკაცია რომ მაქვს ჩემს ყოფილ მოსწავლეებთან. ერთ-ერთი მათგანი ჩემს სკოლაშიც მუშაობს და რაღაცებსაც ვეკითხები ხოლმე, როგორც კოლეგას“.
თბილისის N219 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი საკუთარი სწავლების ფილოსოფიას გვიზიარებს და აღნიშნავს: „კლასში არის სუსტი ბავშვიც, საშუალოც და ძლიერიც... ყველას უნდა მიუდგე თავისებურად; ბავშვს საგანი არ უნდა შეაჯავრო, შესაძლებლობის გამომჟღავნების საშუალება უნდა მისცე, რათა გამოხატოს თავისი ნება, თავისი სურვილი! სასკოლო ცხოვრებაში ყველაზე მეტად მახარებს და მაბედნიერებს, როდესაც სკოლა მატერიალურ-ტექნიკურად მოწყობილია, ყველა საშუალებაა, სასწავლო პროცესი წარიმართოს ნორმალურად, თავის ლაბორატორიებით და პირველ რიგში, კვალიფიციური კადრით“.
და მაინც, როგორი დირექტორი და მასწავლებელია შალვა ხუციშვილი? - კითხვას რესპონდენტი ასე პასუხობს:
„შალვა ხუციშვილი არის მკაცრი, ერთგული, მოსწავლეების მოსიყვარულე და მასწავლებლების ინტერესების დამცველი... ვარ ფეთქებადი ადამიანი, ხანდახან შეიძლება ხმამაღალი ტონით მომივიდეს საუბარი, თუმცა, დროთა განმვალობაში, როცა დავფიქრდები, მე ბოდიშის მოხდაც შემიძლია“.
რაც შეეხება ეროვნულ პრემიაზე წარდგენას, ბატონი შალვა აღნიშნავს, რომ აღიარება იყო, როდესაც 2019 წელს სამინისტრომ მიანიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება, გახდა მენტორი, ხოლო 2021 წელს სრულიად სასკოლო საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, სკოლის ფოიეში მისთვის ვარსკვლავი გაეხსნათ:
„ერთხმად, სკოლის თვითმმართველობამ, სამეურვეო საბჭომ, პედაგოგიურმა კოლექტივმა და მშობლებმა სკოლის ფოიეში გამიხსნეს ვარსკვლავი - ეს მართლაც დიდი აღიარება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ; უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ - ყველაზე დიდი ჯილდოა მასწავლებლისთვის, როდესაც მოსწავლეები და მშობლები აფასებენ; რომ დაამთავრებენ სკოლას, მინდა, ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვახსოვდე, როგორც სამართლიანი, კეთილი, როგორც მათი მესაიდუმლე, როგორც მათი მეგობარი და როგორც მათემატიკის კარგი მასწავლებელი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს