მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რას ნიშნავს იყო მასწავლებლის შვილი? - ალბათ ყველაზე ნაკლებად ნიშნავს, იყო ისეთივე მოსწავლე, როგორიც შენი კლასელები არიან. ვისთვის პრივილეგიაა, ვისთვის - პასუხისმგებლობა, ვისთვის - მოტივაცია... ჩემთვის კი - დიდი „შარი“.
დავიწყებ იმით, რომ არასდროს ვიყავი გამორჩეული სწავლაში, არც დისციპლინაში და თუ ბეჯითობა მეტად უნდა მომენდომებინა, როგორც პედაგოგის შვილს, ჩემს შემთხვევაში პირიქით ხდებოდა, ამიტომ იწყებდა ჩემი დამრიგებელი ყოველ დღეს ფრაზით: „დედაშენის შვილს, ვერ გაგაგებინე და სხვას რა უნდა ვუთხრა“. მთლად წყალწაღებული მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაინც ვიყავი ჩვენი კლასის საუკეთესო მოსწავლეებს შორის, თუმცა როგორც ჩემი მასწავლებელი დედა იტყოდა, არც „ცქმუტობას“ ვაკლებდი.
როდის დაიწყო მასწავლებლის შვილის „ცქმუტობები“ სკოლაში? - ზუსტად მაშინ, როცა პირველად გამიფუჭდა ნიშანი და იცით, ვინ გამიფუჭა? - დედაჩემმა, ისტორიაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მასწავლებლის შვილები ყოველთვის ფრიადოსნები არიან - არა! ჩვენს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ყოფილა, მე მხოლოდ ქულა გამიფუჭა, ჩემს ძმას კი - 2-იანებით აუჭრელა ჟურნალი, უმცროს ძმას გაუმართლა, ისტორიას სხვა ასწავლიდა.
სიტუაცია, როცა მასწავლებლის შვილობას უნდა გაემართლებინა - საკლასო სამუშაოებისთვის, ან საკონტროლო წერისთვის დედა ყოველთვის წინასწარ გვიმზადებდა ტესტებს, მაშინ ფურცლებზე გვიწერდა დავალებებს და ამას საღამოობით, კაბინეტში შეკეტილი აკეთებდა. წინა დღით კლასში შემუშავებული გვქონდა გეგმა, როგორ უნდა შევპარულიყავი დედას კაბინეტში, გამეგო საკითხები და მეორე დღეს განგვეხილა დავალების დაწყებამდე - ამაში მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული, მამაც მეხმარებოდა, თუმცა გვიან აღმოვაჩინე, რომ მამა დედას ჰყავდა მოსყიდული, მოკლედ ვერასდროს ვერაფერს გავხდი და მეორე დღეს მეც ისეთივე გულისკანკალით ველოდი ბილეთს, როგორც ყველა ჩემი კლასელი, ოღონდ ერთი განსხვავებით, მათ ემოციურ ფონს ჩემს უუნარობაზე გაბრაზებაც ემატებოდა.
მაშინ, როცა საკონტროლო წერაზე „უიღბლო“ ბილეთი შემხვდა - ნიშნის გაფუჭების ისტორიაც უნდა მოგიყვეთ, ვერ უარვყოფ, დავიმსახურე... დაირეკა ზარი, მივიღე ბილეთი, დავხედე თუ არა ბილეთს მივხვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წასული იყო ჩემი საქმე, ვერ ავდგებოდი და ცარიელ ფურცელს ვერ ჩავაბარებდი, ვერც ვერაფერს დავწერდი, არაფერი მიმეცადინია. გამოსავლის ძიებაში, ვითხოვე ცალკე მერხზე გადაჯდომა, ცოტა უკან, რომ მშვიდად დამეწერა, დედამ კარგად იცოდა, რომ არაფერი მქონდა ნასწავლი, ცოტა გაკვირვებული კი მიყურებდა, მაგრამ ჯერ სად იყო... დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია, გულით ვწერდი საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“, რომ ამ ერთხელ ეპატიებინა და არასდროს მოუმზადებელი არ მოვიდოდი მის გაკვეთილზე, რომ ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი... - ისეთი გულისამაჩუყებელი წერილი იყო, თქვენც აგეტირებოდათ, ქულას დამიწერდით კი არა, პირდაპირ ატესტატს მომცემდით, მაგრამ, როგორც გითხარით „უიღბლო“ ბილეთი შემხვდა, ვერც ცრემლმა გაჭრა და ვერც მობოდიშების 2-ფურცლიანმა მონოლოგმა.
მაშინ, როცა კლასმა გაკვეთილები გააცდინა - აქვე ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან ცუდი საქციელია, თუმცა ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ჩვენს კლასს ერთი უცნაურობა ახასიათებდა, ე.წ. შატალოს შემდეგ ყოველთვის პროვოკაციულად ვბრუნდებოდით სკოლაში, ბოლო გაკვეთილებზე, ერთხელ ეს ბოლო გაკვეთილი ისტორიას დაემთხვა, მაინც თავაწეულები შევდივართ კლასში გაკვეთილზე დასასწრებად, ავეტუზეთ კართან, პირდაპირ დაჯდომის გამბედაობა არ გვეყო, მაგრამ ჩემს კლასელებს რა ედარდებოდათ, როცა მეც იქ ვიდექი, დამრიგებლის ფრაზა: „დედაშენის შვილს ვერ გაგაგებინე და სხვას რა უნდა ვუთხრა“ და დედაჩემის სიჩუმე, ისეთი, გალანძღვა რომ აჯობებდა - მოკლედ ასე, მასწავლებლის შვილები გემის კაპიტნებს ვგავართ, ხომალდს ბოლოს რომ ტოვებენ...
როდის იწყება რეალური საზაფხულო არდადეგები მასწავლებლის შვილებისთვის? - განსაკუთრებით მცირდება არდადეგები მაშინ, როცა მასწავლებელთან ერთად რეპეტიტორის შვილიც ხარ, ივლისამდე სკოლა, მერე ერთიანი ეროვნული გამოცდები, ქულების დადებამდე თუ მოვასწრებდით სადმე წასვლას და ამასობაში გვისწრებდა შედეგები, მერე ფაკულტეტების დალაგება და ამასობაში სექტემბერიც მოდიოდა - მოკლედ ჩვენი საზაფხულო არდადეგები ან დედის გარეშე, დეიდებთან გამწესება იყო, ან დედასთან ერთად 1-კვირიანი დასვენება.
და ბოლოს, რას ნიშნავს იყო, მასწავლებლის შვილი? - დიდ „შარს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ