მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და ამ დღეს პირველკლასელები მოუთმენლად ელოდებიან, რადგან მათთვის სკოლა ახალი „ხილია“. იმისთვის, რომ სკოლის პირველი დღე განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყოს, აუცილებელია სასკოლო გარემო საზეიმოდ მოირთოს. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის კეთილგანწყობას, რომელიც მოსწავლეს გონებიდან არასდროს ქრება, რა დროც უნდა გავიდეს... თუმცა, ამის მიუხედავად სკოლაში მისულებს ზოგჯერ დედებთან განშორება უჭირთ და კლასში მათ გარეშე გაჩერება არ უნდათ. ამის გამო, ზოგიერთი მათგანი ტირის, დედას ითხოვს და გაკვეთილზე გაჩერებაზე უარს ამბობს. სწორედ ამიტომ, პედაგოგობა რამდენადაც კეთილშობილური და საინტერესო პროფესიაა, იმდენადვე საპასუხისმგებლო და რთულია. ზემოთ აღნიშნული გამოწვევების წინაშე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები არცთუ იშვიათად დგებიან, მათ ამ დროს ძლიერი ნებისყოფისა და მოსწავლეებთან თავისებური მიდგომების გამოვლენა უწევთ.
საინტერესოა, როგორ ხვდებიან პირველკლასელებს ახალ 2024-2025 წელს პედაგოგები? - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე პირველკლასელთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე etaloni-ge-ს საუბრობენ.
მოსწავლეებს ისინი, როგორც ყოველთვის, წელსაც დიდი სიყვარულით ელოდებიან და პირველ რიგში, მათ სკოლაში დიდ სიყვარულს ახვედრებენ, რომელიც ბავშვების ნდობის მოპოვებაში ეხმარებათ, შემდგომ კი სკოლის/სწავლის მიმართ ინტერესის გაღვიძებაში.
ლია თოდრიამ, ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა, მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდებიან და მათ სიყვარულით დახვდებიან:
„ამ ეტაპზე ჩვენს სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სხვა სკოლაში ვართ განაწილებულნი ამიტომ, წელს გრანდიოზული ღონისძიებების ჩატარებას ვერ მოვახერხებთ. თუმცა, მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენს მოსწავლეებს კარგი დახვედრა მოვუწყოთ და საზეიმო გარემო შეძლებისდაგვარად შევუქმნათ. პირველკლასელებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, მათთვის სკოლის პირველი დღე უნდა იყოს დასამახსოვრებელი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მათთვის სასკოლო გარემო უცხო და ახალია. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება იტიროს კიდეც...
მსგავსი შემთხვევა მქონდა - ზუსტად ერთი კვირა ბავშვთან ერთად გაკვეთილს მშობელიც ესწრებოდა, რადგან მის გარეშე მოსწავლე არ ჩერდებოდა - ტიროდა. ერთი კვირის შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, მშობელს კლასი დაეტოვებინა... თამაშებით, სხვადასხვა აქტივობებით გადავატანინეთ ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ პატარებს ყურადღების გაფანტულობაც ახასიათებთ, თუმცა ჩვენ თავიდანვე ვეჩვევით წესრიგს - ვამოწმებთ ნივთებს, ერთად ვაწესრიგებთ მერხებს, რომ რაიმე არ დაგვეკარგოს“.
თავის საყვარელ მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდება გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ზეინაბ ბოკუჩავა. როგორც ის აღნიშნავს, იმისათვის, რომ სკოლის პირველი დღე მოსწავლისთვის განსაკუთრებული იყოს, საჭიროა მასწავლებლის დიდი მონდომება და სიყვარული. მისი თქმით, ბავშვისთვის ეს მნიშვნელოვანია - „მასწავლებელმა იმდენი უნდა იშრომოს, რომ მოსწავლეს სამუდამოდ დაამახსოვრდეს სკოლაში მისვლის პირველი დღე. შარშან, დირექციის ხელშეწყობით, სკოლის ეზოში პირველკლასელებს წითელი ხალიჩა დავახვედრეთ, ბუშტები, საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი და ა.შ
შარშან მყავდა 1-ელი კლასი, წელს უკვე მე-2 კლასელებს ველოდები დიდი სიყვარულით. რა თქმა უნდა, ყოველ წელს ვცდილობ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ მივულოცო და „ბრჭყვიალა“ გარემო დავახვედრო. ამისთვის წელსაც დიდი შემართებითა და მონდომებით ვემზადები. ამაღლებული განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად. სწორედ ამიტომ, მათ ჩემს სიყვარულს ყოველთვის ვუჩვენებ. ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ კარგი იქნება თუ ბავშვები სკოლის დაწყებამდე სკოლის გარემოს შეეჩვევიან. მე მაგალითად, პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებამდე ყოველთვის ვმასპინძლობ. მშობლებთან ერთად მათ ვეცნობი და უკვე სწავლა რომ იწყება პატარებისთვის უცხო არ ვარ. სკოლის გარემოს, კლასს ვაცნობ და შემდეგ უკვე მალევე ადაპტირდებიან გარემოსთან“.
პედაგოგები ახალბედა კოლეგებისთვისაც არ იშურებენ რჩევებს და აღნიშნავენ, რომ მათ პროფესიაში უმთავრესი ბავშვების სიყვარულია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები