მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო, მოსწავლეები საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო ცხოვრებას უბრუნდებიან, პირველკლასელები კი, პირველ ნაბიჯებს დგამენ სასკოლო ცხოვრების ჯადოსნურ სამყაროში.
სწავლის დაწყების პირველი დღე - ზოგისთვის დაუვიწყარი და დადებითი ემოციებით დამუხტული, ზოგისთვის კი, საკმაოდ რთული ეტაპია - Etaloni.ge-სთან ერთად, სკოლის ხელმძღვანელები ბავშვობაში ბრუნდებიან, იხსენებენ დღეს, როდესაც პირველად შეაღეს სკოლის კარი და ასე ყველაზე უმცროს მოსწავლეებს უწევენ მეგზურობას ცოდნის ტაძარში.
მარინა ბეგიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ანაგის საჯარო სკოლის დირექტორი:
როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც ემოციური და ამაღელვებელი იყო პირველი სასწავლო დღეს სკოლაში. როცა პირველად შეაბიჯებ ცოდნის ტაძარში შეუძლებელია, განსაკუთრებული ემოციებით არ დაიმუხტო და იმ დღის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე არ გაგყვეს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა - ეს იყო დღე, რომელმაც მომცა დიდი სტიმული და მოტივაცია, რამაც განსაზღვრა ჩემი მოსწავლეობა და სწავლის სურვილი.
ჩვენ ვიცით, რომ პირველი დღე ყოველთვის ახდენს გავლენას მოსწავლეებზე და ვცდილობთ, პირველკლასელებსაც განსაკუთრებით შევეგებოთ, ვაგრძნობინოთ, რომ შემოაბიჯეს იქ სადაც მათ, თავგადასავლებით სავსე, შემეცნებითი ცხოვრება ელით.
მარი ტყემალაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის, დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სასკოლო ცხოვრების პირველი დღე ცოტა სხვანაირი იყო - მოგვიანებით, ნოემბერში მიმიყვანეს სკოლაში, კლასელებს უკვე ნასწავლი ჰქონდათ რამდენიმე ასო-ბგერა, ჩემზე წინ იყვნენ და ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა. მახსოვს, ვტიროდი და დედაჩემს ვთხოვდი წავეყვანე... თუმცა მოგვიანებით, დამრიგებლის დახმარებით დავეწიე პროგრამას და ავუწყვე ფეხი სასკოლო ცხოვრებას. პირველი კლასი საკმაოდ რთულია, პატარებისთვის ეს დიდი გამოწვევაა და ხშირად ტრავმულიც კი, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო, ისინი ვერ ტოვებენ მშობლებს, ვერ ამბობენ უარს სათამაშოებზე, ზოგი ტირის, ემოციებს გამოხატავს, უნდა, მშობელი გვერდით ჰყავდეს, ზოგი პირიქით - ისეთი სახით და თვალებით გიყურებს, ხედავ, რომ სუფთა დაფაა და რასაც დაწერ, იმას წაიკითხავს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მშობლებმა იცოდნენ, ბავშვი რომელ მასწავლებელთან ხვდება, რათა წინასწარვე ჰქონდეს მასთან კომუნიკაცია, ასევე მასწავლებელმაც უნდა იცოდეს, ვინ ეყოლება კლასში.
ჩემი გამოცდილებით გეტყვით, დაწყებითების მასწავლებელი ვარ და ყოველთვის, სწავლის დაწყებამდე ვეკონტაქტები მშობლებსაც და მოსწავლეებსაც. წინასწარ ვითვალისწინებ მათ ინტერესებს, იმასაც კი, რა ფერები უყვართ, რომ კომფორტული და სასიამოვნო გარემო დავახვედრო. ვუგზავნი მათ კითხვარებს და ინტერვიუებს, უკეთ რომ გავიცნო და პირველი სასწავლო დღეც მათთვის საინტერესოდ ვაქციო. განსაკუთრებით საინტერესოდ დაგეგმილი უნდა იყოს პირველი რამდენიმე გაკვეთილი, პედაგოგმა მათ თამაშ-თამაშით, ისე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, ბავშვი ვერც მიხვდეს, რომ იმ მომენტში რაღაცას სწავლობს... პირველ დღეებს გაცნობითი ხასიათის გაკვეთილებს ვუთმობ, რომ მოსწავლეებმა ახლა სივრცეში ადაპტაცია შეძლონ, ჰქონდეთ ინფორმაცია სად არის ბიბლიოთეკა, საპირფარეშო და ა.შ.
ნინო ზაუტაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეობის პირველი დღე არის ემოცია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება ადამიანს. საბჭოთა პერიოდი იყო, როცა პირველად შევაბიჯე სკოლაში, ძალიან კარგად მახსოვს, სოფლის სკოლა დავასრულე, ის სკოლა, რომელსაც ახლა ვხელმძღვანელობ და ძალიან მიყვარს. მახსოვს პირველ მასწავლებელთან შეხვედრა, ის ჩემი საყვარელი მასწავლებელია დღემდე, როგორ გავიცანი ჩემი კლასელები და როგორ შემიყვარდა ყველა მათგანი, განსაკუთრებით მახსოვს, როგორ ჩავეხუტე დედაენის წიგნს და მივიტანე სახლში, მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვა ვიცოდი, ის ჩემი პირველი წიგნი სხვანაირად მნიშვნელოვანი იყო.
ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ დღეს სკოლაში, პირველ შთაბეჭდილებას, ემოციას, ყველაფერი ეს გავლენას ახდენს მოსწავლეზე და ეს აისახება არა მხოლოდ მოსწავლეობაზე, მის მოტივაციასა და სტიმულზე, არამედ მიყვება მთელი ცხოვრების მანძილზე.
მარინა მჭედლიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორი:
პირველი დღე სკოლაში ძალიან ამაღელვებელი იყო, იმდენად, რომ დღესაც მახსოვს ის ემოციები. მახსოვს, როგორ ავედი სცენაზე, წარვდექი აუდიტორიის წინაშე, მივიღე მონაწილეობა ღონისძიებაში და ბოლოს მასწავლებლების შექებაც დავიმსახურე. ამ დღის შთაბეჭდილებები სტიმულისა და მოტივაციის მომცემი გახდა ჩემთვის, აისახა ჩემს აკადემიურ მოსწრებაზეც, აქტიური მოსწავლე ვიყავი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონკურსში, ტურნირებში, ტესტირებებში... არაფერი გამომიტოვებია მოსწავლეობისას. სწავლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თავიდანვე ვიცოდი, რომ სწავლის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ჟურნალისტი ვარ პროფესიით, თუმცა სკოლისა და ბავშვებისადმი სიყვარულმა, კვლავ სკოლაში დამაბრუნა... შრომითა და სწავლის სიყვარულით შევქმენი ჩემი პატარა ცოდნის სამყარო და დღეს თაობებს ვზრდით, მათ განათლებას ვაძლევთ და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
მირანდა ტაბატაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლის დირექტორი:
როცა მოსწავლე გავხდი, განცდა მქონდა, თითქოს, სხვა სამყაროში მოვხვდი, შიშის გრძნობაც მქონდა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო. ჩემი სკოლის პედაგოგებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს აღზრდასა და განათლებაში, მადლობა მათ, რომ დღეს ვარ ის, ვინც ვარ. ახლა კი ჩემთვის საოცარი გრძნობაა ის, რასაც ვაკეთებ. ნებისმიერ დაბრკოლებაზე მაღლა დგას ბავშვების პოზიტიური განწყობა, რაც გადამდებია. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამ რეალობის ნაწილი ვარ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...