მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩემს ცოდნას მხოლოდ ჩემს მოსწავლეებს არ ვუზიარებ“,- ამბობს თბილისის N28 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი თამარ ადამია. ის ერთ-ერთია იმ 10 მასწავლებელს შორის, რომლებიც 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელნი გახდნენ.
გარდა სასკოლო საქმიანობისა, თამარ ადამია 40-ზე მეტი საბავშვო წიგნის ავტორია და სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებს ხშირად ხვდება. აღსანიშნავია, რომ ის პროგრამაში - „ასწავლე საქართველოსთვის“ მე-11 წელია, რაც ჩართულია. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი სკოლა გამოიცვალა. მიზანი კი ყოველთვის ერთი იყო - მომავალი თაობის განათლება და განვითარება.
მისი თაოსნობით, სკოლაში ყოველწლიურად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები ეწყობა. შემოსული თანხით კი კეთილ საქმეს ემსახურებიან.
თამარ ადამია მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში მიღებული თანხით თავის სოფელში - თამაკონში ადგილობრივი ბავშვებისთვის ბიბლიოთეკის გახსნას გეგმავს.
პედაგოგი ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს ესაუბრა.
- ვინ წარგადგინათ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე?
- პრემიაზე თბილისის 28-ე და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლებმა წარმადგინეს. ორივე სკოლაში სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ვასწავლი. პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, სოფელ მაშავერაში, კვირაში 2 დღე ვმუშაობ. იქ ერთი ღამით ვრჩები, მეორე დღეს გაკვეთილებს ვატარებ და მოვდივარ. ამ რეჟიმით ვმუშაობ უკვე მე-11 წელია.
როდესაც მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე სკოლა წარგადგენს, ეს ნიშნავს, რომ გენდობიან, შენი სჯერათ - იციან, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ, დასაფასებელია. ალბათ, ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი წარდგენა.
- ელოდით, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდით?
- არ მქონია მოლოდინი, რომ პრემიის მფლობელთა შორის ერთ-ერთი მაინცდამაინც მე ვიქნებოდი. წელს მონაწილეობასაც არ ვაპირებდი, მაგრამ ორივე სკოლამ ძალიან მთხოვა და მართლა ხათრი ვერ გავუტეხე. საკმაოდ დიდი კონკურსი იყო, ბოლოს გასაუბრება გავიარე და ნაწილობრივ, რაღაც მოლოდინი გამიჩნდა.
- პრემიის მფლობელთა შორის დასახელება ალბათ, ძალიან დიდ ემოციასთან იქნებოდა დაკავშირებული…
- დიახ, გამარჯვება მართლაც ძალიან ემოციური იყო. უნდა აღვნიშნო, რომ წამყვანებს საოცრად კარგი წარდგენა ჰქონდათ, კარგად ჩანდა ის საქმიანობა, რასაც მე ვეწევი. ძალიან ამაღლებული განწყობა მქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია. ის, რომ ამ პედაგოგთა შორის მე რაღაც ნიშნებით გამომარჩიეს, საპატიო და საპასუხისმგებლოა.
- გარდა სასკოლო ცხოვრებისა, თქვენი საქმიანობა რას მოიცავს?
- 40-ზე მეტი საბავშვო წიგნის ავტორი ვარ. ასევე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებულ საჯარო სკოლებს ძალიან ხშირად ვსტუმრობ და ჩემს ცოდნას მხოლოდ ჩემს მოსწავლეებს არ ვუზიარებ. შემიძლია ვთქვა, რომ მე მხოლოდ ჩემი მოსწავლეებისთვის არ ვარ მასწავლებელი, მე საქართველოს ბევრი სკოლა მიცნობს და სხვადასხვა აქტივობებით ვსტუმრობ მათ. პანდემიის პერიოდში, ბევრ სკოლასთან ონლაინ ჩართვა მქონდა. ერთი თვის განმავლობაში, ვკითხულობდი ჩემს ზღაპრებს და კონკურსს ვატარებდი. ჩემი წამოწყება ერთ-ერთ გამომცემლობას მოეწონა და მხარდაჭერა გამომიცხადეს. მათ 2000 ლარზე მეტი ღირებულების წიგნები საჩუქრად იმ ბავშვებს დაურიგეს, რომლებიც ამ კონკურსში მონაწილეობდნენ.
ვარ ტრენერი და წლების განმავლობაში, ზემო აჭარაში ვმუშაობდი. პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში სადაც ვმუშაობ, მოგეხსენებათ, რომ ეკოლოგიურად დაბინძურებული რეგიონია, კაზრეთის სიახლოვეს ვართ. სამი წელი წალკაში ვმუშაობდი, იქაც საკმაოდ მკაცრი კლიმატია. ერთი წელი ვიმუშავე რაჭაში, სოფელ ურავში.
აღსანიშნავია, რომ ჩემს პრაქტიკას შემდეგ წიგნებში ვათავსებ, ისინი ემიგრანტ ბავშვებშიც ძალიან პოპულარულია.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მამოტივირებელი შეიძლება იყოს მოსწავლეებისთვის ის ფაქტი, რომ მათი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია?
- დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი მოტივაციაცაა. ძალიან ბევრმა მოსწავლემ მომწერა, რომ საკუთარი სკოლისა და ჩემი დანახვით, ძალიან ამაყი იყო. თვითონაც გაუჩნდათ სურვილი, რომ სხვადასხვა პროექტი განახორციელონ. მინდა აღვნიშნო, რომ წლებია, ორივე სკოლაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს ვატარებ. ამაში თემი და მშობლებიც ჩართულები არიან. შარშან უკრაინელ ბავშვებს დავეხმარეთ, წელს დიღმის ოჯახური ტიპის სახლში მცხოვრებ 7 ბავშვს. ასევე, მეორე სკოლაში სიმსივნით დაავადებულ კოლეგას დავეხმარეთ. გარდა ამისა, ვმონაწილეობდით სოფლის ეკლესიის - შუასაყდარას გადახურვის სამუშაოებისთვის თანხის შეგროვებაში, რისთვისაც ტელევიზიით მადლობა გადაგვიხადეს. წელს გვინდა, რომ მეორე ტაძრის აღდგენაშიც ჩავერთოთ.
- სპეციალურ სამკერდე ნიშანთან ერთად, თანხაც გადმოგეცათ - 10 000 ლარის ოდენობით, თუ საიდუმლო არ არის, რაში აპირებთ მის დახარჯვას?
- მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში სახლი მაქვს, სადაც მხატვრის სახლისა და ბიბლიოთეკის გაკეთებას ვაპირებ. სოფელში ბიბლიოთეკა არ გვაქვს და მინდა, რომ ბავშვებს მოვუწყო. ასევე, იქნება შევხვდები დაინტერესებულ სკოლებთან, სადაც ჩემი შემოქმედების მათთვის გაცნობა შემეძლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა