მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი მეორე კვირაა დაიწყო და მოსწავლეებიც, არდადეგების შემდეგ, სასწავლო მერხებს მიუსხდნენ.
როგორც წესი, სასწავლო წლის პირველ დღეს სასკოლო საზოგადოება დადებითი ემოციებით იმუხტება. მათ შორის, არიან მოსწავლეებიც, რომელთა განწყობაზეც მასწავლებლები განსაკუთრებულად ზრუნავენ ხოლმე.
მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, იმავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, რომ სკოლაში სიარული საერთოდ არ მონატრებიათ. etaloni.ge მათ გაესაუბრა, რათა გაგვერკვია, თუ რა შთაბეჭდილებებით დატვირთულებმა დატოვეს სკოლა 2024-2025 სასწავლო წლის პირველ დღეს.
„სიმართლე გითხრათ, სკოლის დაწყება ძალიანაც არ მიხაროდა, რადგან არდადეგებზე კარგად ვერთობი ხოლმე. მაგრამ მაინც კარგი იყო, მეგობრები ვნახე. ახლა მე-9 კლასში გადავედით. სკოლაც მორთული იყო, თავიდან დირექტორმა ისაუბრა, მერე ბუშტებიც გაუშვეს. სასწავლო წლის დაწყებას მასწავლებლები გვილოცავდნენ. ჩვენ ვხუმრობდით, რა არისო მისალოცი, მაგრამ ეს მართლა ხუმრობით. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლა მომნატრებია. პირველი დღის ბოლოს, კლასელებთან ერთად, სასეირნოდ წავედი, მერე ბურგერები ვჭამეთ და კარგად გავერთეთ“,- გვიყვება მე-9 კლასელი ლუკა, რომლისგან განსხვავებით, სკოლა ძალიან მონატრებია თაკოს. იგი მე-6 კლასში სწავლობს და გვიმხელს, რომ 2024-2025 სასწავლო წლის პირველი დღე დიდხანს ემახსოვრება:
„სკოლაში ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. დერეფანშიც კი ბუშტები იყო. დამრიგებელმა დაფაზე წარწერები და ნახატები დაგვახვედრა, სადაც ეწერა, რომ წარმატებას გვისურვებდა. სწავლის დაწყება ბევრს არ უხარია ხოლმე, მაგრამ მე მათ შორის არ ვარ. ყველას უკვირს, მაგრამ სკოლაში მისვლა ძალიან მიხარია. ჩემი კლასელებიც მიყვარს და რამდენიმე მასწავლებელი. განსაკუთრებით, ქართულის და გეოგრაფიის პედაგოგები მიყვარს - ამ საგნებს ყველაზე კარგად ვსწავლობ. სკოლაში დედამ მომაცილა, მერე კი სამსახურში წავიდა. მართლა კარგი დღე იყო, ალბათ, დიდხანს მემახსოვრება“.
მე-10 კლასის მოსწავლე ნიკა კი ყველა თანატოლს უსურვებს, საინტერესო თავგადასავლები ჰქონდეთ სასწავლო წლის განმავლობაში:
„სასწავლო წლის პირველი დღე ყოველთვის ასეთია ხოლმე. მე და ჩემი ძმა კლასელები ვართ, ახლა მე-10 კლასში გადავედით. საერთო სამეგობრო გვყავს და სკოლიდან ყველა ერთად გასართობად წავედით. მანამდე, სკოლაში, თითქმის ყველა მასწავლებელი ვნახეთ, დირექტორმაც მოგვილოცა. წელს, ბევრი პირველკლასელი გვყავდა და ყველა ყვავილებით იყო მოსული. მინდა, რომ ეს სასწავლო წელი საინტერესო იყოს“.
„ჩვენი კლასი ისეთი მორთული იყო, ძლივს ვიცანი. ყველაფერი მართლა ძალიან ლამაზი იყო. მასწავლებლები ჩაგვეხუტნენ, მოგვილოცეს და ამბები გამოგვკითხეს. მისალმების მერე, გაკვეთილებზე შევედით. დატვირთული გაკვეთილები არ ყოფილა, რაღაცებზე ვისაუბრეთ. მეგობრებიც მენატრებოდნენ, ერთმანეთის დანახვა გაგვიხარდა. პირველ დღეს ჩემი ყველა კლასელი მოვიდა სკოლაში, შარშან ასე არ იყო, 3 ბავშვი გვაკლდა. ამიტომ, წლევანდელი სასწავლო წლის დასაწყისი უფრო მომეწონა. ბოლოს, ცოტა ხნით, სკოლასთან სკვერში დავსხედით და მერე დავიშალეთ“,- მე-8 კლასის მოსწავლემ, ბარბარემ, რომლის განწყობას მარიკოც იზიარებს. იგი წელს მე-8 კლასში ისწავლის:
„ეს დღე ყოველთვის მიხარია ხოლმე და ახლაც ასე იყო. თითქოს, განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ თან მართლა კარგი დღეა. ჩემი აზრით, სკოლის დაწყება იმათაც უხარიათ ხოლმე, ვინც წუწუნებს. უბრალოდ, არ აღიარებენ, რომ სკოლა მოენატრათ. მე დამრიგებელს ყვავილებიც წავუღე, მე და დედამ ერთად ავარჩიეთ ისინი. ისე გაუხარდა მასწავლებელს, მთელი დღე იღიმოდა. მერე გაკვეთილები დაიწყო, მაგრამ მოსაბეზრებელი არ ყოფილა. მართლა კარგი შთაბეჭდილებები მივიღე 16 სექტემბერს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?
მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია