სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო, პიროვნება, ინტერვიუ

„მასწავლებლად უნდა დაიბადოს ადამიანი, ეს არის გენეტიკური კოდი“ - სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი
09-10-2024
-
+


ქეთევან ჩოქური სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის ღირსეული, კარიერულ წინსვლასა და მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული დირექტორია. სკოლას უკვე 10 წელია ხელმძღვანელობს. თავიდან ექიმობა სურდა და ამავდროულად სტუდენტებს ბიოლოგიას ასწავლიდა. მათთან ურთიერთობამ და სხვებისთვის ცოდნის გაზიარებამ დაარწმუნა, რომ ეს საქმიანობა მისი იყო და თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ მასწავლებლის ამპლუაში გრძნობდა: „მივხვდი, რომ პედაგოგიურ მოღვაწეობას ბევრი სარგებელი მოჰქონდა როგორც ჩემთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის. მე ეს სამსახური (სხვებისთვის ცოდნის გაზიარება) სიამოვნებას მანიჭებდა, ახალგაზრდებს კი ცოდნას სძენდა“.

ბავშვებთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ სკოლის ხელმძღვანელს, პირველ რიგში, ასწავლა ის, თუ რაოდენ დიდი ადგილი უკავია პედაგოგს მოსწავლის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ, მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებთან მეგობრული, პატივისცემაზე აგებული ურთიერთობა. გარდა იმისა, რომ ძალ-ღონეს არ იშურებს მოსწავლეებს სწორი ფასეულობები ჩაუნერგოს, ასევე აქტიურად ზრუნავს მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. რასაც მოწმობს ის არაერთი პროექტი და პროგრამა, რომელიც სკოლაში ხორციელდება.

როგორც თავად აღნიშნავს, ამ წლის ერთ-ერთი დიდი წარმატება გახლავთ ის, რომ სკოლა 20 საპილოტე სკოლას შორის აღმოჩნდა. ახალი სასწავლო წლიდან, ბავშვები სკოლა-კოლეჯში გრაფიკული დიზაინის პროგრამას გადიან. დირექტორისთვის თითოეული მოსწავლის გაბრწყინებული თვალები, სადაც მათ დიდ მონდომებასა და ენთუზიაზმს კითხულობს ყველაზე დიდი მამოტივირებელია.

მასწავლებლის, სკოლის ხელმძღვანელის გამოცდილებაზე, განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებსა და სკოლის მიღწევებზე დირექტორი etaloni-ge-ს საინტერესოდ ესაუბრა.

- რატომ დაუკავშირეთ თქვენი საქმიანობა განათლების სფეროს და რას ნიშნავს თქვენთვის სკოლის დირექტორობა?

- ჩემი პირველი პროფესია უკავშირდება მედიცინას. სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ ვმუშაობდი სისხლის გადასხმის ინსტიტუტში ექიმ-ჰემატოლოგად. პარალელურად მიმიწვიეს თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად, ვასწავლიდი თერაპიას.

მალევე მივხვდი, რომ ეს საქმიანობა აბსოლუტურად ჩემი სტიქიაა, ვხედავდი , რომ სასწავლო პროცესი შედეგიანი იყო, რომ ჩემს საქმიანობას ბევრი სარგებელი მოჰქონდა ახალგაზრდებისთვის, მე კი ეს სამსახური, სხვებისთვის ცოდნის გაზიარება, სიამოვნებას მანიჭებდა.

სწორედ ამიტომ, უკვე 2000 წლიდან მასწავლებლის პროფესიას მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციე და ამ მიმართულებით, განვითარებასა და კარიერულ წინსვლას დიდ დროს ვუთმობდი. მთლიანად გადავერთე ამ საქმიანობაზე. ამ პერიოდში ჩემი საყვარელი ადამიანის, ავტორიტეტისა და უფროსი მეგობრის, ქალბატონი ლამარა მარგველაშვილის დაჟინებული თხოვნით დავიწყე ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობა 53-ე სკოლაში, სადაც ჩემი ქალ-ვაჟი სწავლობდა. ამ დროიდან მოყოლებული ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას. რაც შეეხება მენეჯერულ გამოცდილებას 2014 წლიდან ვარ არჩეული დირექტორი თბილისის N54 საჯარო სკოლაში. ჩემთვის სკოლის დირექტორობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.

- ამ დროის მანძილზე, სკოლის ხელმძღვანელი უწყვეტად იყავით? დირექტორების კონკურსი არ შეგეხოთ?

- ცხადია, შემეხო. ორჯერ  შემეხო ეს კონკურსი, 2014-სა და 2023 წლებში. მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლები და პედაგოგები იცნობენ კანდიდატს, მისი მუშაობის სტილსა და კომპეტენციებს,სამეურვეო საბჭოსთვის, მარტივია არჩევანის გაკეთება. ზოგადად, არ ვარ აპოლოგეტი სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევისა. ბევრისთვის ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არჩევნები ფარსია. სამეურვეო საბჭოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი და წონადი საქმე აქვს.

- როგორც გვითხარით, დირექტორობასთან ერთად, ბიოლოგიასაც ასწავლით ბავშვებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორი ამავდროულად საგანსაც ასწავლიდეს თავის მოსწავლეებს?

-  საკლასო ოთახიდან დანახული სკოლა ფასდაუდებელი რაკურსია დირექტორისათვის. გამოცდილებიდან გამომდინარე, ცალსახად ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ სკოლის დირექტორი, პირველ რიგში, კარგი მასწავლებელი უნდა იყოს. როდესაც ხელმძღვანელს ამის გამოცდილება აქვს, კარგად იცის მოსწავლის საჭიროებები და მენეჯმენტი  უფრო ეფექტურია, ფართო დიაპაზონით უყურებს თავის მოვალეობებს, პანორამა ფართოდ გადაშლილია მის წინ და დირექტორს, ცალსახად უკეთეს შედეგებზე გაჰყავს სკოლა.

- თქვენ როგორ ურთიერთობა გაქვთ მოსწავლეებთან, მეგობრული თუ უფრო დისტანციური?

- უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მივიჩნევ, რომ კარგია, როდესაც სკოლის დირექტორს მოსწავლეები აღიქვამენ მეგობრად და ავტორიტეტად, თუმცა დისტანციურობა აუცილებელია ნებისმიერ ურთიერთობაში. თუ დირექტორი ამას აღწევს ეს ძალიან კარგია. მოსწავლისთვის უნდა იყო მეგობარი, სამაგალითო, მისაბაძი ადამიანი.

- მოსწავლეებთან ურთიერთობამ რა გასწავლათ, შეგძინათ ახალი უნარები?

- ბავშვებთან ურთიერთობამ, პირველ რიგში, მაჩვენა რომ ჩვენ ძალიან დიდი როლი შეგვიძლია ვითამაშოთ მათ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.  დავეხმაროთ ცხოვრებისეული ფასეულობების განსაზღვრაში.  გარდა იმისა, რომ საგანს ვასწავლით და ეს რა თქმა უნდა, კომპეტენტურად უნდა ვაკეთოთ, ყველაზე რთული და პრობლემური საკითხი, რაც დღემდე რჩება განათლების სისტემაში არის ის, რომ საგანმანათლებლო სფეროს სჭირდება მეტი ისეთი მასწავლებელი, რომლებიც  იქნებიან მოდელები ბავშვებისთვის.

- გესაუბრებიან ან მოგმართავენ ისინი თავიანთი პრობლემებით?

- დიახ, მე მათ ყოველთვის ვეუბნები, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ერთობლივად ვერ გადავჭრით. ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია, ისეთი სასკოლო კულტურის დამკვიდრება, სადაც მოსწავლეებს მიკუთვნებულობის განცდა ექნებათ, თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ.

ესაა ჩვენი სკოლისთვის პრიორიტეტი. უმნიშვნელოვანესია, რომ ვიყოთ მაგალითი ჰუმანურობისა, ვასწავლოთ ბავშვებს, იყვნენ კეთილგანწყობილი ყველას მიმართ და ამ სამყაროსთან ჰარმონიაში. ეს ძალიან რთული მისაღწევია უფროსებისთვისაც. სოციალიზაციის პროცესი, მათი ურთიერთობები სკოლაში პედაგოგთან, მეგობრებთან, თავიდან მათთვის უცხოა, ამ ცოდნით ისინი სკოლაში არ მოდიან. თუმცა ჩვენ, მშობლებთან ერთად, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო , რომ სოციალიზაციის პროცესი კარგად წარიმართოს.

ჩვენ, პედაგოგები და ჩვენი აღსაზრდელები ამაში ვთანხმდებით, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ინტერვიუს აძლევდნენ ერთ-ერთ ტელევიზიას. ახალგაზრდების საუბარს დიდი გულისყურით ვუსმენდი. მათ აღნიშნეს, რომ ჩვენთან სკოლაში ისეთი გარემოა შექმნილი, წარმოუდგენელია, ვინმეს სხვისი დაჩაგვრის სურვილი გაუჩნდესო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა. მე დავინახე მათში ის, რაც გვინდა გადავცეთ მოსწავლეებს, რისკენაც მივისწრაფვით.

- რა განაპირობებს მათ ასეთ პიროვნებებად ჩამოყალიბებას? რას აკეთებს სკოლა ამისთვის?

- თითოეული ჩვენი აქტივობა ფორმალური თუ არაფორმალური განათლებისა, რაც არ უნდა განსხვავებული თემატიკა იყოს, გამსჭვალულია ერთი იდეით - „ გიყვარდეს მოყვასი შენი“.

შესაძლოა, შედეგი მოგვიანებით დავინახოთ, თუმცა მთავარია, პიროვნების ჩამოყალიბებაში იმთავითვე ჩავდოთ კეთილი მარცვალი.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჩვენი კონსტიტუციაა. ზგემ-ის ახალ ვერსიაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევაა სააღმზრდელო მიმართულებით,ღირებულებითი კონტექსტი წინ არის წამოწეული. ეს დოკუმენტი შესაძლებლობებსაც გვიხსნის და ვალდებულებებსაც გვაკისრებს.  

- ახალ სასწავლო წელს რისი გაკეთება გინდათ მოასწროთ?

- როგორც ყოველთვის, სასწავლო წელი იწყება ამაღლებული განწყობით, გვაქვს პოზიტიური მოლოდინები.

ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა,  იყოს მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო. მასლოუს პირამიდა გვეუბნება, რომ პირველი საფეხური ესაა სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა, რომელიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

მხოლოდ ასეთ გარემოში არის შესაძლებელი თითოეული მოსწავლე იყოს რეალიზებული, თავიანთი ინტელექტუალური და შემოქმედებითი ნიჭი სრულიად განავითარონ.

- ახალი სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისიცაა, რომ საპილოტედ შერჩეულ 20 სკოლას შორის მოხვდით, რას ნიშნავს ეს თქვენთვის და ზოგადად ამ ინიციატივას როგორ შეაფასებთ?

ვისაც შეხება აქვს, ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი უპრეცედენტოა თავისი მნიშვნელობითა და როლით, რომელსაც ის შეასრულებს ჩვენი ახალგაზრდების ცხოვრებაში. ამ დღეებში ვუმასპინძლეთ მრავალრიცხოვან დელეგაციას უცხოეთიდან და თითოეულმა სტუმართაგანმა ვერ დამალა აღფრთოვანება პროფესიული ინტეგრირებული პროგრამის გაცნობისას. განათლების სამინისტროში ჩვენი სასკოლო საზოგადოების სახელით გავაგზავნეთ მადლობის გამომხატველი წერილი ამ პროექტის იდეის ავტორისა და განმახორციელებლების მიმართ.

მშობლები და ბავშვები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც არ კარგავ დროს და ეუფლები პროფესიას. როდესაც ეს პროცესი სასწავლო სივრცეშია გადმოტანილი და ინტეგრირებული, ბავშვს ეძლევა საშუალება არ მოწყდეს სკოლას, თავის მეგობრებს, აქვე ეძლევათ საშუალება მიიღონ პროფესიული განათლება. ეს რთული პროცესია, მაგრამ კარგად დაგეგმილი. თავის ცხოვრების ამ მონაკვეთს გამოიყენებენ რაციონალურად და პრაგმატულად. სტუდენტები ორი წლის შემდეგ აიღებენ ატესტატს და მოთხოვნადი პროფესიის დიპლომს. ეს ყველაფერი ახალგაზრდებს კარგად აქვთ გათავისებული.

- მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება საზოგადოებაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, საზოგადოების ნაწილს მაინც მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არაა და აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება... ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი მოსაზრება?

- ნამდვილად, დღესაც არსებობს სტერეოტიპები, პროფესიული განათლების შესახებ. სწორედ ამიტომაა ეს პროგრამა უმნიშვნელოვანესი. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ამან შეიძლება სერიოზული გარდატეხა შეიტანოს ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრებაში,არჩევანს თავად აკეთებენ. როდესაც დაამთავრებენ სკოლას, უკვე იქნებიან ზრდასრულები. შინაგანი მოთხოვნილება და მზაობა რა მიმართულებითაც ექნებათ, იმ მიმართულებით გააგრძელებენ სწავლა-განათლებას. მთავარია, ისინი არაფერში არიან შეზღუდულები. შეუძლიათ, განსაზღვრონ პრიორიტეტები და გააგრძელონ სწავლა სასურველ უნივერსიტეტში მაშინვე ან მოგვიანებით.

- მოგეხსენებათ, სავალდებულო საბაზო განათლება 9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი გახდა, ამ სიახლეს თუ ემხრობით?

- ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღებისას,ბევრი რამ არის გათვალისწინებული: პიროვნების განვითარების სტადიები, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქიკური. 10 წელი ზუსტად გათვლილი, მიზნობრივად და ეტაპობრივად გაწერილი ვადაა საბაზისო განათლების მისაღებად, ეს საერთაშორისო გამოცდილებაცაა.

- აქვე, დიფერენცირებულ სწავლებაზე რას ფიქრობთ?

- მე-10 კლასის შემდეგ დიფერენცირებული სწავლების დანერგვა აუცილებლად მიმაჩნია. ყველა მოსწავლე  ინდივიდუალურია, თითოეულს განსხვავებული  შესაძლებლობები, მიდრეკილებები, ინტერესები აქვთ. 10 წელი გონივრული ვადაა, რის შემდეგაც მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მიმართულება: ჰუმანიტარული,საბუნებისმეტყველო, ტექნიკური თუ ინტეგრირებული პროფესიული პროგრამა.

ყველა ქვეყანაში, სადაც წარმატებულია განათლების სისტემა, აქვთ დიფერენცირებული სწავლების გამოცდილება.

- განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებებიდან ერთ-ერთია მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა. როგორ ფიქრობთ პედაგოგების ანაზღაურება უნდა განისაზღვრებოდეს თუ არა საათების რაოდენობის მიხედვით?

- მე ეს აღვიქვი უფრო, როგორც ხელფასების უპრეცედენტო ზრდა, განსაკუთრებით უფროსი მასწავლებლებისთვის. რაც შეეხება სახელფასო პოლიტიკას, იმედი მაქვს, მუშაობა გაგრძელდება, პოლიტიკა იქნება სწავლების ხარისხის მასტიმულირებელი და მასწავლებელთა უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული. ბუნებრივად საათობრივი დატვირთვის ზედა ზღვარიც დაწესდება.

- ბოლოს, როგორ ფიქრობთ ხელფასების მატება იქნება თუ არა იმ ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მიმცემი, რომლებიც ამ გზას ახლა გადიან და სურთ მასწავლებლობა?

- მე იდეალისტი ვარ, მგონია, რომ მასწავლებლად უნდა დაიბადოს ადამიანი, ეს არის გენეტიკური კოდი. თუ ეს პედაგოგიური ნიჭი ადამიანმა სწორი მიმართულებით წაიყვანა და განავითარა, იგი კარგ მასწავლებლად ჩამოყალიბდება და აუცილებლად  აღზრდის შესანიშნავ თაობებს. რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოები, ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ მე ყოველთვის ვამაყობ,როგორი ტექნიკური აღჭურვილობა გვაქვს: ჭკვიანი დაფა, კომპიუტერები, ლეპტოპები, ყველაფერი გვაქვს. თუმცა, ქვაკუთხედი, სულისჩამდგმელი ამ ყველაფრისა, არაერთხელ აღვნიშნავ, არის პედაგოგი.

როდესაც ვაკანსიას ვაცხადებ ბევრი მცოდნე პედაგოგი მოდის, ამ მიმართულებით პროგრესს ვხედავ, მაგრამ უმნიშვნელოვანესია მეტყველების უნარები, დამაჯერებლობა, კულტურა, ხედვები, ღირებულებები, მანერები, გემოვნება, კიდევ ძალიან ბევრი რამ შემიძლია ჩამოვთვალო რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს  ასეთი თვისებებით შემკული პედაგოგები. თუმცა ვისურვებდი, რომ უნივერსიტეტებში, სადაც პედაგოგიკას ასწავლიან, გააძლიერონ აქცენტები ამ მიმართულებებით,მეტი დრო დაუთმონ ფილოსოფიის საფუძვლების, ეთიკისა და ესთეტიკის სწავლებას. აგრეთვე ვისურვებდი,რომ საგანმანათლებლო პოლიტიკაში გათვალისწინებული იყოს მეტი მამოტივირებელი სტიმულები, რათა საუკეთესო ახალგაზრდებს, რომლებიც წარმატებით ამთავრებენ სკოლას, გაუჩნდეთ სურვილი გახდნენ მასწავლებლები. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება