მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეები დროის დიდ ნაწილს ატარებენ. დროთა განმავლობაში, მათთვის სასკოლო გარემო მშობლიური ხდება. ეს არის ადგილი, სადაც, ბავშვები თავს კომფორტულად და რეალიზებულად უნდა გრძნობდნენ.
საინტერესოა, რა მოსწონთ მოსწავლეებს სკოლაში და რას შეცვლიდნენ - ალბათ, ამის გაგებით უფრო მარტივია იმის წარმოდგენა, თუ როგორი სკოლაა ბავშვებისთვის იდეალური ან სასურველი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ მოსწავლეთა აზრი გავიგეთ, რომელთაც სხვადასხვა შეხედულება გააჩნიათ. როგორც მე-10 კლასის მოსწავლე ნათია ამბობს, სასურველია, რომ სკოლაში უფრო მეტი გასვლითი აქტივობა ტარდებოდეს, რადგან ასე ბევრ საინტერესო რამეს სწავლობს.
„სკოლაში ბევრი რამ მომწონს. პირველ რიგში, ეს ჩემი კლასელები არიან - ძალიან კარგი ბავშვები არიან და ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით. ზოგიერთ კლასში ერთმანეთს იმასაც არ ეუბნებიან დავალებად რა აქვთ და ჩვენთან ასეთი რამე არ ხდება. მასწავლებლებიც მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან. სიმართლე გითხრათ, სკოლაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა ექსკურსიებია. მარტო იმიტომ კი არა, რომ გაკვეთილზე არ ვართ, იმიტომაც, რომ მართლა ბევრ ახალ რამეს ვიგებთ, თუნდაც მუზეუმებში. რასაც შევცვლიდი ალბათ ესაა, უფრო ბევრი გასვლითი აქტივობა რომ იყოს“,- თქვა ნათიამ.
სკოლის შენობიდან გასვლა, მაგრამ ნათიასგან განსხვავებით, არც ისე შორს, ნიკასაც სურს. მას ერთხელ ეზოში გაკვეთილი ჩაუტარდა, რამაც იმხელა შთაბეჭდილება დატოვა, რომ უნდა ასეთი გაკვეთილები ყოველ კვირაში ტარდებოდეს.
„ერთხელ გაკვეთილი სკოლის ეზოში ჩაგვიტარდა, ეს ისე მომეწონა, რომ ამას შევცვლიდი სკოლაში - კვირაში ერთხელ მაინც, გაკვეთილები რომ ღია ცის ქვეშ ტარდებოდეს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის კარგი იქნება. გარეთ ვიყავით, მაგრამ ყურადღება მაინც არ გაგვფანტვია. ზოგადად, ჩემს სკოლაში ის მომწონს, რომ მასწავლებლები ყველაფერში ხელს გვიწყობენ და გვაგულიანებენ“,- აღნიშნა ნიკამ.
კიდევ ერთ მოსწავლეს - ანის, უნდა, რომ ისეთი გაკვეთილიც არსებობდეს, სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ მას მასწავლებლები და მათთან ურთიერთობა მოსწონს.
„კარგი იქნებოდა, თუ რაიმე გაკვეთილზე ბავშვებს სხვადასხვა თემაზე ღიად საუბარი შეეძლებოდათ. თავისუფალი აზრებისთვის რომ იყოს ადგილი, ეგ მინდა. გაკვეთილებზე მარტო სასკოლო საკითხებზე ვლაპარაკობთ, დავალებებს ვასრულებთ, თემებს ვყვებით, მაგრამ მართლა რაზეც გვინდა საუბარი, ამაზე ხმას არავინ იღებს. მესმის კიდეც, მათემატიკის გაკვეთილზე ზოგად თემებზე ვერ ილაპარაკებ. რაც შეეხება იმას, თუ რა მომწონს, ახლა ერთი ახალი პედაგოგი გვყავს, ქართულს გვასწავლის, ძალიან კარგი ადამიანი ჩანს, გვემეგობრება და ეს მომწონს. სხვა მასწავლებლებიც არ არიან ჩაკეტილები და მათთან კომუნიკაცია კარგია“,- აღნიშნა ანიმ.
დანარჩენებისგან განსხვავებით, თაკო სკოლაში არაფერს შეცვლიდა, ყველაფერი მოსწონს და დიდი სიხარულით მიდის ხოლმე. განსაკუთრებით, ხელოვნების გაკვეთილები ჰყვარებია, რადგან ხატვის ნიჭი აქვს.
„ალბათ, სკოლაში არაფერს არ შევცვლიდი, ყველაფერი ნორმალურადაა. განსაკუთრებით მომწონს ხელოვნების გაკვეთილები იმიტომ, რომ ხატვის ნიჭიც მაქვს. მასწავლებელიც ძალიან კარგია, მოდის ხოლმე და მეკითხება, როგორ მიდის ჩემი საქმეები, რა დავხატე და რას ვაკეთებ. კლასელებიც მიყვარს, რამდენიმესთან უფრო ვმეგობრობ, მათი უკეთ მესმის. მართლა ვერაფერს ვიხსენებ, რასაც სკოლაში შევცვლიდი“.- გვითხრა თაკომ.
აღნიშნული მოსწავლეების საუბრიდან გამომდინარე ჩანს, რომ მათთვის სკოლა ის ადგილია, სადაც მისვლა უხარიათ. მართალია, არის რაღაცები, რასაც შეცვლიდნენ და საკუთარ ინტერესებს მოარგებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ სკოლა მათთვის სასურველი ადგილია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს