სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო, საინტერესო

რა ასწავლა დირექტორებს მოსწავლეებთან ურთიერთობამ? - სკოლის ხელმძღვანელები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ
04-10-2024
-
+


მოსწავლის აღზრდა-განათლებისა და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. საზოგადოება ერთხმად აღიარებს, რომ პედაგოგი მოსწავლისთვის მაგალითი უნდა იყოს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ორმხრივია და ის მრავალი კომპონენტისგან შედგება. მათი ურთიერთობა იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ინფორმაციის მხოლოდ მიცემა-გაცემა. როგორც მოსწავლე სწავლობს მასწავლებლისგან, ასევე ბევრი ახალი რაღაც შესაძლოა ისწავლოს პედაგოგმა ბავშვებისგან. 

საინტერესოა, მოსწავლეებთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ რა ასწავლათ სკოლის დირექტორებს, შესძინათ თუ არა ახალი უნარები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლის ხელმძღვანელებმა etaloni-სთან ისაუბრეს.

მათთან საუბრისას როგორც აღმოჩნდა, ბავშვებთან ურთიერთობა დირექტორებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. მათ მოსწავლეები ბევრ საჭირო და ახალ ინფორმაციას აცნობენ. თუმცა, პირველ რიგში, რაც ბავშვებისგან ისწავლეს ეს ადამიანებთან ურთიერთობაა:

მარინე მჭედლიშვილი, კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვცდილობ, მათი მეგობარი ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ და ანალოგიურად ისინიც ჩემგან. ისეთი ბრძნული აზრები და პრაქტიკული გამოცდილებები აქვთ, მათგან ბევრ რამეს ვიღებ, გულისყურით ვუსმენ და ვითვალისწინებ ყოველთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მათგან ვისწავლე ესაა - სიკეთის კეთება უანგაროდ. დიდ სითბოს გამოხატავენ ყოველდღიური შეხვედრის დროს. სკოლის კარში რომ შევდივარ, მორბიან ჩემკენ, ერთმანეთს ასწრებენ ჩახუტებას. ეს სითბო და სიყვარული ყველაზე მეტად მახარებს.

მარად არძენაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

უნდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან ადრე დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. მოსწავლეებთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ ყველაზე მთავარი რამ, რაც მასწავლა ესაა - თმენის ვალდებულება, მოსწავლეების, საზოგადოების მიმართ სიყვარული, პატივისცემა. ასევე ბავშვებთან ურთიერთობა, პატივისცემა და მაჩვენა, რომ სამყარო უფრო ლამაზი და ფერადი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. მოსწავლეებთან ურთიერთობა სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს. შეიძლება ითქვას, სხვა საქმეებისგან დაღლილს, როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ. რაც მთავარია, გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე.

მარიზა ძერია, ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მე ამ სასწავლო წლიდან ვარ სკოლის დირექტორი. ეს სასწავლო პერიოდი ხანმოკლე იყო, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობის მხრივ, ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული. ყოველდღიური შეხვედრა მაქვს მოსწავლეებთან, როგორც სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, ასევე არაფორმალური განათლების კუთხით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი, ნაფიქრალი. ყოველთვის ვითვალისწინებ თითოეული მოსწავლის აზრს. შესაბამისად, სასკოლო ცხოვრებაც უფრო ღირებული ხდება თითოეული მოსწავლისთვის. მე პირადად ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე მათგან, რაც ძალიან გამომადგა და მადგება ყოველ ნაბიჯზე. ასევე, ვფიქრობ, რომ ჩემი საუბარი მათთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და რაც ძალიან მახარებს ყველაფერს ითვალისწინებენ.

ტრისტან გუგავა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბევრი რამე შეიძლება მასწავლებელმა ისწავლოს მოსწავლისგან. ზოგადად, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემაა. ასევე მნიშვნელოვანია, ის ფაქტორიც, რომ ბავშვის ხასიათის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და განწყობა, სწავლის მოტივაცია არ უნდა დავუკარგოთ.

მე პირადად ბავშვებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ძალიან ვუყვარვარ მოსწავლეებს. თქვენ წარმოიდგინეთ ლექსებსაც წერენ ჩემზე ვისაც წერის ნიჭი აქვს.

მაკა ქალდანი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ადრე, რომ იყო ძალიან დიდი დისტანცია ასე აღარაა. აღარ უყვირიან და ეჩხუბებიან ბავშვებს პედაგოგები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ძველ დროში რომ იყო მასწავლებელი მთავარი ფიგურა, რომელიც კლასში ყველაფერს განაგებდა ის დრო აღარაა. მოსწავლეებსაც აქვთ უფლებები. მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობა სწორედ პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული.

ნოდარ მგელაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვებთან ურთიერთობა ბევრ რამეს გვასწავლის. ზოგადად, მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. თუმცა, დისტანციაც არსებობს ჩვენ შორის. ვფიქრობ, ეს აუცილებელიცაა. თანამედროვე სისტემა კი გვაახლოებს მათთან. ზღვარი თითქოს აღარაა გავლებული მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს აუხსნა, რა შეიძლება და რა არა. ისიც უნდა უთხრა, რატომაა დასაშვები ან - პირიქით. ჩემი პირადი აზრია, თანატოლი არ უნდა გაიხადო ბავშვი.

ზოგადად, მოსწავლისგან ბევრი რამე შეიძლება ისწავლო. უნდა გაიცნო, შეისწავლო მისი ბუნება და ამის მიხედვით იმოქმედო, იურთიერთო მასთან. სწორედ ეს მასწავლა მათთან ურთიერთობამ.

ივანე თურქიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობის თემა არც ისე მარტივია. მოკლედ რომ გითხრათ, მოსწავლეები ჩვეულებრივ პიროვნებებად უნდა მივიჩნიოთ და ეს მათთან ურთიერთობისას არ დავივიწყოთ. უნდა გავითვალისწინოთ მისი აზრები, სურვილები და ამის მიხედვით მივუდგეთ. მე მათთან ურთიერთობამ სწორედ ეს მასწავლა. მარტო მოსწავლეს კი არა, ყველად ადამიანს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, მისი ინტერესების გათვალისწინებით მივუდგეთ. ასევე აღვნიშნავ, რომ მე ჩემს მოსწავლეებთან ძალიან კარგი, მეგობრული და დემოკრატიული ურთიერთობა მაქვს. თითქმის თანასწორი.

ლალი ფრეწუაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის გულისყურით ვუსმენ, ვითვალისწინებ მათ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ. ვცდილობ გვერდით დავუდგე მათ როგორც შემიძლია. სწორედ ამიტომ, მათი ნდობა მოპოვებული მაქვს. საგაკვეთილო, სწავლა-სწავლების პროცესში, რაც საჭიროა ვაკეთებთ, საინტერესო აქტივობებს ვთავაზობ, რომ მათთვის გაკვეთილი მოსაწყენი არ იყოს. მათთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

რა თქმა უნდა, სირთულეები ყოველთვისაა და ყოფილა რაღაც გამოწვევები რთული ქცევის მოსწავლეებთან. ასეთ მოსწავლეებთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ ჩემში უნდა შევცვალო რაღაც, უნდა ვიპოვო მათთან მისასვლელი გზა. უნდა გამოვიჩინო მოთმინება და მოვიპოვო ნდობა. რა თქმა უნდა, დამითმია კიდევაც მათთან, ჩავღრმავებულვარ რთული ქცევის მქონე მოზარდს. საკუთარი თავისთვის მიკითხავს, რატომ აკეთებს ამას-მეთქი. ვცდილობ ამის მიზეზი ამოვიცნო და აქედან დავიწყო მისი პრობლემის მოგვარება როგორც შემიძლია. მათთან ურთიერთობისას აღმოვაჩინე, რომ ყველაზე კარგი შედეგის მომტანია მეგობრული დამოკიდებულება. პრობლემების მოსმენა, გაზიარება. მინდა მათ დაინახონ, რომ ვცდილობ პრობლემის აღმოფხვრას. ამის შემდეგ უჩნდებათ ჩემ მიმართ ნდობა. ეს მეთოდი ნამდვილად შედეგის მომტანია.


დავით ეცადეიშვილი, ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მეგობრული. ვარ მათი უფროსი მეგობარი და ამავდროულად თანატოლი. ბავშვებთან ურთიერთობამ მასწავლა, როგორი უნდა იყოს მასწავლებელი მათი შეხედულებით. თავად ხშირად მომმართავენ რჩევების მისაღებად, პრობლემების მოსაგვარებლად, პროფესიის შესარჩევად, რაც ძალიან მახარებს.


ხათუნა ქუქიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან ბევრს ვსწავლობ მოსწავლეებისგან. მათთან ურთიერთობამ, პირველ რიგში, სიყვარული გამიასმაგა, ეს გრძნობა განმიმტკიცდა. მასწავლა ის, რომ შეიძლება შენზე ასაკით პატარა ადამიანისგან უფრო მეტი რამ ისწავლო და დაინახო.მასწავლებლობა ჩემი ოცნების პროფესიაა. ზოგადად ჩემს მოსწავლეებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი მასწავლებლის სიყვარული სკოლასთან ასოცირდებოდა. ბავშვობიდან პედაგოგებთან ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა მქონდა. ვაცნობიერებდი, რომ მასწავლებლის მიმართ ბავშვის დამოკიდებულება ძალიან გადამწყვეტია. მეც ანალოგიურად ვიქცევი ბავშვებთან ურთიერთობისას. მათ მიმართ ძალიან კარგი, მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. საგნის მასწავლებელიც ვარ, მაგრამ მათ მხოლოდ გაკვეთილს არ ვუტარებ და საგანს არ ვასწავლი. ვსაუბრობთ პრობლემებზე, ლხინსა თუ გასაჭირზე. მოსწავლეებს ხშირად ვაძლევ რჩევებს, ანალოგიურად მას ბავშვებისგანაც ვიღებ. 

მაია კოშმატაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან ურთიერთობამ პირველ რიგში მასწავლა ის, რომ ბავშვები დიდებზე მეტად განიცდიან სხვადასხვა მოვლენას. თანასწორად და თანატოლად უნდა მიიჩნიო ყველა ბავშვი და არ უნდა ჩათვალო, რომ ის არის პირველკლასელია და შეგიძლია მკაცრად მოეპყრო. უნდა დაინახო ბავშვის თვალებში რას გრძნობს, რას განიცდის, რა აწუხებს და აუცილებლად ცალკე დაელაპარაკო. ბავშვს პედაგოგის ნდობა უნდა ჰქონდეს და სურვილი გაუჩნდეს, რომ გული გადაგიშალოს, მასწავლებელმა კი მეგობრული რჩევა მისცეს.

ეკა ჩაბაიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, რაც დადებითად აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე, მათ შედეგებზე. მათთან ურთიერთობის გამოცდილებამ მასწავლა, რომ უნდა იყო გახსნილი მოსწავლეებთან, უშუალო და მეგობრული.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება