მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები - ყველაფერი პროექტის შესახებ
მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ელექტრონული კურსების მეშვეობითაც შეძლებენ. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ პროექტი პედაგოგებს შესაძლებლობას მისცემს, რომ მათთვის სასურველ დროსა და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგები. კურსები მოიცავს როგორც ზოგადპროფესიულ პროგრამას, ასევე, საგნობრივ მოდულებს.
რა ეტაპზეა ონლაინ ტრენინგების შემუშავება და მიენიჭებათ თუ არა ელექტრონული ტრენინგების გავლის საფუძველზე მასწავლებლებს კრედიტქულები? - ამ და სხვა საკითხზე Etaloni.ge „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ ზოგადი განათლების პროექტის დირექტორს ნინო უძილაურს ესაუბრა:- ქალბატონო ნინო, რა ეტაპზეა ონლაინ ტრენინგების შემუშავება და როდიდან შეძლებენ მასწავლებლები ელექტრონულ რეჟიმში კურსების გავლას?
- ახლა მიმდინარეობს ტრენინგების გადატანა ონლაინ რეჟიმში, ანუ ის ტრენინგები, რომლებიც მასწავლებლებს 2016 წლის სექტემბრიდან დღემდე უტარდებადათ, ელექტრონულ ფორმატში გადავა. დავიქირავეთ კომპანია, რომელიც მასწავლებლის სახლთან ერთად მუშაობს ამ კურსების შექმნაზე. კურსები რომ შეიქმნება, შემდეგ მოხდება მისი პილოტირება. დატესტვის რეჟიმში ამუშავებდა ონლაინ ტრენინგები, რომ ვნახოთ რა მოსწონთ მასწავლებლებს, რა არ მოსწონთ, რა ხარვეზებია... მათ აზრს გავითვალისწინებთ და გეგმის მიხედვით, 2019 წლის სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მასწავლებლებმა ისარგებლონ ამ კურსებით.
- რამდენი მოდულისგან შედგება ონლაინ ტრენინგები, რა პროგრამებს მოიცავს და რომელ საგნობრივ მოდულებს ითვალისწინებს?
- „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ფოკუსი არის სამეცნიერო და ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები. ჩვენ ვმუშაობთ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებლებთან. საქართველოს მასშტაბით STEM მიმართულების 9 ათასს პედაგოგს უკვე ჩაუტარდა ტრადიციული ტრენინგები, რომელიც 2016 წლის სექტემბერში დავიწყეთ და დავასრულეთ 2017 წლის სექტემბერში, მე-2 ცხრაათასი მასწავლებლის დატრენინგება 2017 წლის სექტემბერში დავიწყეთ და დავასრულებთ 2018 წლის სექტემბერში. ამ ექვს საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინგლისური და გეოგრაფია) ტრენინგები გადადის ელექტორნულ ფორმატში. ამასთან, იქნება ზოგადპროფესიული პროგრამა. უფრო კონკრეტულად,
ონლაინ კურსები აგებულია შემდეგნაირად - თავიდან არის მეთოდიკა, სწავლების ტექნიკები, სასწავლო გარემოს ორგანიზება და ა.შ. ანუ ზოგადპროფესიული პროგრამა. შემდეგ გადავივართ უშუალოდ საგნის სწავლებაზე. კონკრეტულად ფიზიკა, გეოგრაფია და სხვა საგნები როგორ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა, ესა თუ ის ამოცანა როგორ იქნება უმჯობესი, რომ ბავშვამდე მივიტანოთ და ა.შ. ჯამში გვაქვს 60-საათიანი მოდული, აქედან 36 საათი ზოგადპროფესიულია, 24 საათი - საგნობრივი.
- გარდა ამ საგნებისა, ელექტრონული ტრენინგები სხვა საგნებში არ იგეგმება? მაგალითად, ქართულში, ისტორიასა და სხვა უცხო ენებში?
- მასწავლებლის სახლი შეიძლება გეგმავდეს ამ საგნებში ონლაინ კურსებს, მაგრამ, როგორც გითხარით, ჩვენ STEM-ზე ვართ ფოკუსურებულები და ახალი აქტივობების დამატება ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, კურსები ზოგადპროფესიულ პროგრამასაც მოიცავს და თუ ისტორიის ან ქართულის მასწავლებელს ზოგადპროფესიული კურსის გავლის სურვილი ექნება, მისთვისაც ეს სრულიად რელევანტური იქნება.
- ონალაინ ტრენინგები სრულად იდენტური იქნება იმ ტრადიციული ტრენინგებისა, რომლებიც უკვე ტარდება?
- სრულად ელექტრონული კურსები საქართველოში პირველად იქმნება. როდესაც ტრენერი ატარებს ტრენინგს, სხვა ფორმატია, როდესაც არავინ არ გყავს მოსაუბრე და ეკრანთან მარტო ზიხარ, სულ სხვაა. შესაბამისად, ზუსტად იგივე აქტივობა ვერ იქნება. მიზანი შეიძლება იგივე იყოს - როგორ შეძლოს მასწავლებელმა გაკვეთილზე კონკრეტული მეთოდების გამოყენება, მაგრამ სწავლების პროცესი ბუნებრივია, აბსოლუტურად იგივე არ იქნება, რაც ტრადიციულ ფორმატში. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ შევზღუდავთ მასწავლებლებს და ვისაც სურვილი ექნება, რომ ხელმეორედ გაიაროს ტრენინგები, მათ ამის საშუალება მიეცემათ. აქვე აღვნიშნავ, რომ მართალია, კურსები ელექტრონულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არავინ არ იქნება ვინც, მასწავლებლებს კითხვაზე პასუხს გასცემს. საერთაშორისო პრაქტიკამაც გვიჩვენა, რომ, როდესაც 100%-ით მარტოა სტუდენტი/მოსწავლე/მასწავლებელი, ხშირად ხდება ინტერესის დაკარგვა, იგნორირება, შეიძლება, ბევრმა აღარ გააგრძელოს, არ მიიყვანოს ბოლომდე. ეს რომ არ მოხდეს,
მთელი კურსის განმავლობაში მასწავლებლებს ეყოლებათ ელექტორნული ინსტრუქტორი, დამხმარე ტრენერი, რომელიც მათ დაემხარება და ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხს გასცემს. როდესაც ჯგუფები დაკომპლექტდება, თითოეულ მათგანს ეყოლება თავისი ონლაინ ინსტრუქტორი. კურსები ისეა გაწერილი, რომ პირველი 4 კვირა მასწავლებლები დამოუკიდებლად აკეთებენ ამა თუ იმ აქტივობას და ბოლო კვირას ხვდებიან ონლაინ ინსტრუქტორს. ამ შეხვედრაზე გაივლიან კონკრეტულ დავალებებს, შეასრულებენ აქტივობებს და ა.შ.
- სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყეთ ამ ონლაინ მოდულების შერჩევა. იყო თუ არა საუბარი, რომ ელექტრონული ტრენინგების გავლის საფუძველზე მასწავლებლებს კრედიტქულები მიენიჭოს?
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს ელექტრონულ კურსებს და მიაჩნია, რომ უნდა ენიჭებოდეს მასწავლებლებს კრედიქტულები ონლაინ ტრენინგების გავლის შემდეგ. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან კურსები არ არის შექმნილი. კრედიტქულების მინიჭებას სპეციალური პროცედურები აქვს, გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები - კონკრეტული საათების რაოდენობა, რომელსაც მასწავლებელი ხარჯავს ტრენინგების დროს, საათების ნაწილი უნდა იყოს დავალებაზე, ზოგი - აქტივობაზე და ა.შ. ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი, თუ რამდენი ქულით შეფასდება ონლაინ კურსების გავლა.
- ხომ არ იგეგმება ტრადიციული ტრენინგების სრულად ჩანაცვლება ონლაინ ტრენინგებით?
- შეუძლებელია უცბად შეწყვიტო ტრადიციული ტრენინგები და გადახვიდე ელექტრონულზე. ამას ეტაპობრივი გადასვლა სჭირდება. იქნებიან ელექტრონული კურსების მსურველები და ასევე - ტრადიციულისა, თუნდაც იმიტომ, რომ ყველას არ მიუწვდება ხელი კომპიუტერებზე. შესაბამისად, მასწავლებელის სახლი, გააგრძელებს იმ ტრადიციული კურსების შეთავაზებას. თუმცა ეს სიახლეც დაემატება მათ კურსებს.
- განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტრენინგების შემდეგ შემოწმდება, თუ რა მიიტანა პედაგოგმა საკლასო ოთახამდე. ამ პროცესს მონიტორინგს თქვენ გაუწევთ?
- მასწავლებლებს ელექტრონული კურსის განმავლობაში ეძლევათ ისეთი დავალებები, რომლებიც საკლასო ოთახში უნდა განახორციელონ, საკლასო პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა გამოსცადონ. შესაბამისად, როდესაც მასწავლებლები ერთამანეთს შეხვდებიან, თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს, იმსჯელებენ, ვის რა პრობლემა ჰქონდა ამა თუ იმ მეთოდის დანერგვისას. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც თითოეულ მასწავლებელს აწვდი უკუკავშირს ტრენინგის შემდეგ. თუმცა ფონდის სახელით ვერ ვიტყვი, რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ.
2019 წლის პირველ ივლისს ფონდი ასრულებს მუშაობას. ჩვენ შევქმნით ამ კურსებს, დავტესტავთ, დავაპილოტებთ და გადავცემთ მასწავლებლის სახლს. შემდეგ უკვე ისინი გააგრძელებენ ადმინისტრირებას. ფონდი რომ აღარ იარსებებს, ელექტორნული კურსები დარჩება. გარდა ამისა, მასწავლებლებს შევუქმნით დამატებით რესურსებს, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში გამოიყენებენ. უკვე შევქმენით რესურსები: საკლასო შეფასების სახელმძღვანელო, ლაბორატორიების მოხმარების სახელმძღვანელო და ა.შ. რა მოხდება 2019 წლის მერე, მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგთან მიმართებაში, ამას დრო გვიჩვენებს.