სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„მობილურებს სკოლებში სრულად ვერ ავკრძალავთ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში“ - დირექტორები სასწავლო პროცესში გაჯეტების გამოყენებაზე საუბრობენ
23-10-2024
-
+


განურჩევლად ასაკისა, მობილური ტელეფონები ყველა ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დღეს, ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა, გარდა უამრავი დადებითისა, ის მოზარდებისთვის შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს. უკვე რამდენიმე ქვეყანა მივიდა დასკვნამდე, რომ ტელეფონები მოსწავლეებისთვის ხელისშემშლელია და სკოლებში გაჯეტების გამოყენება აიკრძალა. ჩვენთან კი საზოგადოების აზრი ორად იყოფა - ნაწილს მიაჩნია, რომ მობილური ტელეფონები ბავშვებს ყურადღებას უფანტავს, ამიტომ საერთოდ უნდა აიკრძალოს სკოლებში, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, თუნდაც ინფორმაციის მოძიებისთვის, ცუდი ნამდვილად არ არის.

საინტერესოა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები - მათ etaloni.ge-ს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და როგორც აღმოჩნდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა უმრავლესობა საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში კრძალავს, თუ ბავშვი არაკეთილსინდისიერად იყენებს.

ნოდარ ჭიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის დირექტორი:

მობილურის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ამის საჭიროება არსებობს. სკოლის შინაგანაწესში არ გვიწერია, რომ აკრძალულია, თუმცა გაკვეთილის მიმდინარეობისას, მოსწავლემ მასწავლებელს ის გამორთულ მდგომარეობაში უნდა ჩააბაროს. პედაგოგი თავადაა პასუხისმგებელი, გაკვეთილზე მოსწავლემ მობილური არამიზნობრივად არ გამოიყენოს. ზოგადად, მომხრე ვარ, თუ საკლასო ოთახი საჭირო ტექნოლოგიურ რესურსით იქნება აღჭურვილი, ტელეფონი არ გამოვიყენოთ;. ისე კი, სრულად აკრძალვა სწორად არ მიმაჩნია, რადგან მშობლები ურეკავენ ბავშვებს, კითხულობენ მათ ამბავს. მიმაჩნია, რომ აკრძალვით წესრიგს ვერ დაამყარებ.

მაია ხუნაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი:

მობილური ტელეფონები მოსწავლეებს ხელს უშლის, ყურადღებას უფანტავს. ბავშვებმა ძალიან კარგად ისწავლეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ჩამოტვირთეს ChatGPT და მისი მეშვეობით, დავალებებს მარტივად ასრულებენ. ადრე, ბავშვებს მობილური ტელეფონების გამოყენების უფლებას ვაძლევდი, დიდი რიცხვების ანგარიშისთვის. თუმცა, მივხვდი, რომ ზედმეტი იყო და ხელისშემშლელი. სწორედ ამიტომ, ტელეფონები უნდა ჩამოვართვათ საგაკვეთილო პროცესში. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ჯერ არ იციან პროგრამირება და მათთან მსგავს პრობლემებს არ ვაწყდები. თუმცა, თავი რომ დავიზღვიოთ, უნდა ჩამოვართვათ. სხვა შემთხვევაში, მე ტელეფონები ხელს არ მიშლის. ასევე უნდა აღვნიშნო, ჩვენ მეორე ცვლაში ვართ და მშობლები უკავშირდებიან ბავშვებს, აინტერესებთ, როგორ არიან, რას აკეთებენ ამიტომ, მათ სკოლაში მობილურების ტარებას ვერ ავუკრძალავთ. გაკვეთილზე კი ყველა მოსწავლე გვემორჩილება, რომ ტელეფონები განვათავსოთ იქვე, მასწავლებლის მაგიდაზე.

ჯემალ კეპულაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ სკოლის შინაგანაწესში გვიწერია, რომ თუ მობილური ტელეფონები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ხელს უშლის, ასეთ დროს შეგვიძლია ჩამოვართვათ. სხვა შემთხვევაში ბავშვებს არ ვუკრძალავთ გამოყენებას. შესაძლოა, ის გაკვეთილის მიმდინარეობის დროს დასჭირდეთ თუნდაც ინფორმაციის მოძიებისთვის. ამიტომ, მთლიანად მის გამოყენებას ჩვენ არ ვკრძალავთ... სრულად აკრძალვას არ ვემხრობი.

მზექალა ნიკოლეიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ისტორიის სპეციალისტი ვარ და ჩემს გაკვეთილზე შესაძლოა ტელეფონების გამოყენება იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროებაა. მაგალითად, თუ წყაროს ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოძიება გინდა... გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ ამ ყველაფერს. მობილურით შეგვიძლია, ძალიან დიდი სარგებელი მივიღოთ. გასართობად მისი გამოყენების უფლებას ბავშვებს ნამდვილად არ ვაძლევ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და შესაბამისად, 4-5 ბავშვის გაკონტროლება ბევრად მარტივია, ვიდრე 35-30 მოსწავლის. ასე რომ, ჩემს გაკვეთილზე ფიზიკურად არ აქვთ იმის შესაძლებლობა, გასართობად გამოიყენონ მობილურები.

ნარგიზ რომანაძე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში, მაგალითად, შემდეგნაირად ვიქცევით: როდესაც პედაგოგი შედის კლასში, მოსწავლეები მობილურ ტელეფონებს ალაგებენ მასწავლებლის უჯრაში. საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენების უფლება, რა თქმა უნდა, არ აქვთ. დასვენების დროს შეუძლიათ აიღონ. ზოგიერთს მშობელი ურეკავს. ამიტომ მის გამოყენებას ვერ ავკრძალავთ და არც ვემხრობი ამას.

ირმა ჯანიაშვილი, ბათუმის N13 საჯარო სკოლის დირექტორი:

საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება ჩვენი სკოლის ბავშვებს იმ შემთხვევაში ეკრძალებათ, თუ მას არამიზნობრივად იყენებენ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ გაკვეთილზე, კარგი იქნება თუ მობილური ტელეფონები გამორთულ მდგომარეობაში იქნება, დასვენებაზე კი შეუძლიათ, ისარგებლონ. მნიშვნელოვანია, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას ხელი არ შეუშალოს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ გაკვეთილზე ინფორმაციის მოძიებისთვის ტელეფონებს ჩვენთან ნაკლებად იყენებენ.

ნანა ინასარიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი:

გაკვეთილზე ტელეფონები მოსწავლეებისთვის აკრძალული არ მაქვს. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, ასე მობილურების გამოყენებას ვერც ავკრძალავთ. თუმცა, საგაკვეთილო პროცესს მობილურების გამოყენებამ ხელი არ უნდა შეუშალოს. ბავშვებმა ეს იციან და არამიზნობრივად არ იყენებენ მას.

ნინო ფართლაძე, ქალაქ ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ტელეფონების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში იმ შემთხვევაში უნდა იყოს დაშვებული თუ ამის საჭიროება არსებობს. თუ გაკვეთილზე ტექნიკის გამოყენება არაა საჭირო, მაშინ, რა თქმა უნდა, არაა სასურველი მისი დაშვება. სრულად აკრძალვა და მოსწავლეებისთვის სკოლაში მობილური ტელეფონების ტარების უფლების ჩამორთმევა კი სწორად არ მიმაჩნია.

ზურაბ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

თუ საგაკვეთილო პროცესი მოითხოვს ტელეფონის გამოყენებას, მაშინ უნდა დავუშვათ. ზოგადად, გამორთულ მდგომარეობაში მასწავლებელთან მობილური ტელეფონების ჩაბარებას მივესალმები, მაგრამ საერთოდ აკრძალვა უფლებების დარღვევა გამოდის. შინაგანაწესში წერია, რომ თუ საგაკვეთილო პროცესი საჭიროებს მის გამოყენებას მასალის, ან ინფორმაციის მოსაძიებლად.

ოთარ ვანაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს, რომ მოსწავლემ არამიზნობრივად არ გამოიყენოს მობილური. ბავშვმა არ უნდა ითამაშოს გაკვეთილზე. თუ ინფორმაციის მოძიებისთვის იყენებს მობილურ ტელეფონს, ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ სხვა შემთხვევაში უნდა გამორთონ და შეინახონ.

რუსუდან ფუტკარაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მობილური ტელეფონების გამოყენება მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის უნდა იყოს დაშვებული, ვფიქრობ, სხვა დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს. მობილურებმა სასწავლო პროცესში ბევრი რამ შეცვალა. თუ გამართული ინტერნეტია, ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით - ისტ-ის გაკვეთილზე. სხვა შემთხვევაში, უხმო მდგომარეობაში ინახავენ ბავშვები.

იზოლდა ფხაკაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მობილური ტელეფონების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში ასე კატეგორიულად არ ვკრძალავთ, მაგრამ მაინც სასურველია თუ არ ისარგებლებენ. გააჩნია მოსწავლის კეთილსინდისიერებას. შეიძლება ბავშვს ჩანთაში ჰქონდეს შენახული მობილური, მაგრამ მაინც მისკენ ჰქონდეს ყურადღება. საგაკვეთილო პროცესში ინფორმაციის მოძიებისთვის არ იყენებენ. ზოგადად, მგონია, რომ მობილურები არ უნდა ავკრძალოთ, თუმცა მოსწავლეებმა გამორთულ მდგომარეობაში აუცილებლად უნდა შეინახონ.

მზია მუთოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რომ საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აუცილებლად უნდა აიკრძალოს. მე ჩემს სკოლაში მალე ავკრძალავ. გაკვეთილზე ბავშვები არ იყენებენ არც ინფორმაციის მოძიების და არც სხვა მიზნით.  მიმაჩნია, რომ არც მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ გაკვეთილზე და ბავშვებსაც, რა თქმა უნდა, გამორთული უნდა ჰქონდეთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

გაკვეთილის მიზანი იყო ბოშების ისტორიის, კულტურის და ტრადიციების გაცნობა

ღონისძიების მონაწილეები დასაჩუქრდნენ წამახალისებელი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ



მასწავლებელი - ლეილა არჩემაშვილი მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით, გაკვეთილებზე ხშირად იყენებს სხვადასხვა აქტივობას

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება