სიახლეები
სიახლეები

„სოფლის მასწავლებლობა სწორედ თავის გაწირვაა, მსხვერპლია, ადამიანის უმადურობით უფრო გამწარებული, უფრო გამწვავებული“... - ილია ჭავჭავაძე
08-11-2024
-
+


187 წლის წინ, 1837 წლის 8 ნოემბერს, დაიბადა დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი, საქართველოს 1861-1907 წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი-ილია ჭავჭავაძე.

რას ამბობდა ჭავჭავაძე მასწავლებლებზე, გთხვაზობთ ნარკვევს მისი ჩანაწერებიდან, რომელშიც მასწავლებლებსა და  ის სოფელში მცხოვრებ ქალ პედაგოგების რთულ ყოფაზე საუბრობს.  

პატიოსანი და ყოვლად მაღალ-ზნეობიანი ჯაფა და გამრჯელობა ოსტატისა, მასწავლებელისა, გამზრდელისა, ქალია თუ მამაკაცი, იმოდენად პატივდებული არ არის, რამოდენადაც ღირსია.

ეგ რომ მარტო ჩვენში იყოს ესე, კიდევ იტყოდნენ, გაუნათლებელი, გონება-გაუხსნელი ქვეყანაა და, რასაკვირველია, აგრე იქნება ჯერ-ხანადაო. საქმე იმაშია, რომ ბევრგან სხვაგანაც ეგრეა, ჩვენდა სამწუხაროდ.

სხვა, რაც უნდა მდაბიო სამსახური იყოს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რაც უნდა მცირე თანამდებობა ეჭიროს კაცსა, რაკი თანამდებობაა და სამსახურია, უფრო მომატებულის პატივისცემით ექცევიან.

ამას კიდევ როგორმე გაუძლებდნენ, თუ რომ მასწავლებლის მართლა-და მძიმეს, რთულს და დიდს ჯაფას და მოვალეობას გასამრჯელო მაინც საკმარისი ეძლეოდეს. ეს ნამეტნავად ცხადია მათ შესახებ, ვისაც სასოფლო სკოლის მასწავლებლობა თავის მიდრეკილებისამებრ ამოურჩევია და მისთვის შეუწირავს თავისი უკეთესნი დღენი ცხოვრებისანი.

ამათ არც სამსახური სამსახურად ეთვლებათ და არც იმოდენა გასამრჯელო აქვთ, რომ სოფლის მასწავლებელის ჭირნახულობისათვის ცოტად მაინც შეზომილი იყოს.

ცოტად თუ ბევრად ნასწავლი, გონებაგახსნილი სოფლის მასწავლებელი არის სადღაც მიყრუებულ ადგილას, ქვეყნის სიამოვნებას მოშორებული, ბევრჯერ მშიერი, ბევრჯერ მწყურვალი, ბევრჯერ სიცივეში, ზოგჯერ რიგიანი სადგურიც არა აქვს, რომ ავდარს მაინც გადურჩეს გაულახველად, დილიდამ საღამომდი იბრძვის, იღვწის ბავშების მომზადებისა და აღზრდისათვის და ყოველ ამისათვის ოცი და ოც-და-ათი თუმანი აქვს წელიწადში საცხოვრებლად.

კაცმა რომ სამართლიანად გასინჯოს ეს ყოვლად უნუგეშო გარემოება სოფლის მასწავლებლისა, დააკვირდეს მის დაუღალავს ღვაწლს ყოველის დღისას, არ შეუძლიან იმ აზრზედ არ დადგეს, რომ სოფლის მასწავლებლობა სწორედ თავის გაწირვაა, მსხვერპლია, ადამიანის უმადურობით უფრო გამწარებული, უფრო გამწვავებული.

ამ მხრით უფრო უარესს ყოფაში არიან ქალები მასწავლებელნი, ნამეტნავად თუ ბედს არ ურგუნებია მათთვის სახელმწიფო სასწავლებელში სადმე რაიმე თანამდებობა. ამათი ჯაფა, იმავე თავგაწირულობით და სიმძიმით დატვირთული, უფრო ნაკლებ პატივცემულია, უფრო ნაკლებ დაზღვეულია გასამრჯელოთი და სასყიდლითა.

გარდა ამისა, რაც უნდა უკეთ მომზადებული იყოს, რაც უნდა თავ-გამომეტებული თავისის თანამდებობის აღსრულებისათვის, რაკი ქალია, იშვიათად უპირატესობა მიეცემა ხოლმე მამაკაცის წინაშე, როცა ორივენი ერთს დროს წარსდგებიან ადგილის საშოვნელად.

ეს გარემოება და ცილება ხშირად კარგად მომზადებულს ქალს ულუკმა-პუროდ სტოვებს და საწყალი ქალი, რომელმაც უკეთესი თვისი დრო მასწავლებლად მომზადებას მოახმარა და შესწირა იმ პატიოსანის ფიქრით, რომ ჩემს დედ-მამას მუქთამჭამელად აღარ ვეყოლებიო, მე თვითონ მოვინაგრებ რასმეო, გულდაწყვეტილი ემორჩილება უმართლოებას და გარემოების სისასტიკეს, ზნეობრივად დაჩაგრული და ღონე-მიღებული.

ასეთმა ყოფამ ქალის-მასწავლებელისამ გამოიწვია ჩვენში ერთ-გვარი საზოგადოება საკუთრივ ქალთა-მასწავლებელთა შემწეობისა და ხელშეწყობისათვის. სასიამოვნო ეს არის, რომ ეს საზოგადოება შესდგა თვით ქალების თაოსნობით და მეცადინეობით და 4-ს იანვარს, როცა დამტკიცებულის წესდების ძალით, პირველი კრება მოხდა ამ საზოგადოებისა, საზოგადოება მოქმედებას შეუდგა, - საზოგადოების მმართველად და გამგებელად სულ ქალები არიან ამორჩეულნი და სწორედ ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქმე კეთილად წარიმართება.

ქალები ამისთანაებში უფრო მხნენი, უფრო მოხერხებულნი, უფრო დაუღალავნი არიან, ვიდრე, ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენ, მამაკაცნი, ვართ.

ამ საქმის დამწყებთა სადიდებლად და ჩვენდა სასიხარულოდ ჩვენ ეს უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა ჩვენში ქალების მხრით თავისის საკუთარის ძალ-ღონით ბურთის გატანისა ცხოვრების მოედნიდამ.

პირველი მაგალითია, რომ ქალებს თავისი საქმე დაუწყიათ უსარგებლო ჩივილით და ხვეწნით კი არა, როგორც აქამდის ვიცოდით ხოლმე, აცა გვიშველეთ, ვიღუპებითო, არამედ თვისი საკუთარი მხნეობა, საკუთარი თაოსნობა და საკუთარი თვითმოქმედება ფარხმლად აუღიათ, რომ თავის საკუთარის ძალ-ღონით წინ აღუდგნენ ქალთა დამჩაგრავს გარემოებასა და ბედი, შეძლებისამებრ, თავისაკენ მოატრიალონ.

ამ თვითმოქმედებაშია მთელი სიმძიმე ამ თავმოსაწონის და პატიოსანის საქმისა. ამასთანავე მთელი სახელოვანებაც, და ამაზედვეა დამყარებული იმედი გამარჯვებისა. თვითმოქმედება ყოვლად მხსნელი და ძლევამოსილი ძალია ყოველსფერში და ნამეტნავად მაშინ, როცა კაცს, თუ საზოგადოებას, თავის-თავის შველა უნდა“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებისთვის ვიქტორინა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

მშობლების ჩართულობითა და მათი დახმარებით კლასი საზეიმოდ იყო მოწყობილი

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება