მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგები მოსწავლეებთან ურთიერთობისას დიდი ამოცანის წინაშე დგანან: როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მათთან და რა მიდგომებია საჭირო ეფექტური და შედეგიანი თანამშრომლობისთვის - მეგობრული? - თუმცა სად გადის ზღვარი მათ ურთიერთობაში?; მკაცრი? - მაშინ რამდენად იქნება ურთიერთობაში ნდობა?
როგორი უნდა იყოს მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან, რომ სასწავლო პროცესი შედეგიანი და ეფექტური გამოვიდეს? - ამ კითხვას დღეს სკოლის დირექტორები პასუხობენ:
გია ჯოხაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბოსტანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ურთიერთპატივისცემაა უმნიშვნელოვანესი მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში. მეგობრული, გულწრფელი და თანამშრომლობითი გარემო სასკოლო ცხოვრებაში აუცილებელია. ვფიქრობ, სიმკაცრით ბევრს ვერაფერს მოიგებს პედაგოგი, თუმცა მთლად ლოიალურო დამოკიდებულებაც არ არის კარგი. მთავარია პატივისცემა, როცა მოსწავლე პატივს სცემს მასწავლებელს აქ აღარც სიმკაცრეა საჭირო და არც მოსწავლე მისცემს თავს უფლებას იყოს ზედმეტად თამამი.
ასმათი არაბული, თელავის მუნიციპალიტეტი თეთრიწყლების საჯარო სკოლის დირექტორი:
რა თქმა უნდა, პირველ რიგში მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ პედაგოგებს მოსწავლეებთან, ამ დამოკიდებულებით, ბავშვი ყოველთვის დაუჯერებს, მოუსმენს მასწავლებელს და ექნება სწავლის მოტივაცია. ჩემთვის მკაცრი მიდგომები არ არის გამართლებული, ამას არასდროს მოაქვს შედეგი.
ფატიმა ჩარკვიანი, ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემს სკოლაში გამეფებულია სიყვარული და მეგობრული ურთიერთობები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. სიმკაცრეც ალბათ აუცილებელია, ოღონდ ცხადია მოზომილი, მოსწავლე უნდა მიხვდეს, რა დააშავა და რა - არა, თუმცა ამ ურთიერთობაში მთავარი მაინც მეგობრობაა.
მანანა კვიციანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი:
თუ მოსწავლე ჩათვლის, რომ მე მისი მეგობარი ვარ, ის იქნება გახსნილი ჩემთან და მისი მუშაობაც სასწავლო პროცესში იქნება ეფექტური. მე არ ვთვლი, რომ სიმკაცრეს შეიძლება ჰქონდეს დადებითი მხარეები, მთავარია მოსწავლე მასწავლებელს სანდო ადამიანად აღიქვამდეს და ეს ურთიერთობა ნამდვილად გახდება მისი მოტივაციის წყარო.
თამარ გელაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბოდბისხევის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობისას ზღვარი აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა ეს ურთიერთობა უნდა იყოს გახსნილი და თავისუფალი. მასწავლებლის მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს თანასწორი, კეთილგანწყობილი და მიმართული იმისკენ, რომ შედეგზე გაიყვანოს თითოეული მოსწავლე თავისი შესაძლებლობების შესაბამისად. სიმკაცრეს არ ვემხრობი, თუმცა ყველა ბავშვს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა, ყველას პასუხი უნდა მოეთხოვებოდეს თავისი უფლებების და მოვალეობების შესაბამისად.
აიკანუშ გალუსტიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამშვილდის საჯარო სკოლის დირექტორი:
აუცილებლად მეგობრული, ალბათ არის ხოლმე შემთხვევები, როცა სიმკაცრე ეფექტურია, თუმცა თუ მოსწავლე შენს მიმართ კარგად არის განწყობილი, ის სწავლასაც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება. მე გულწრფელ და მეგობრულ დამოკიდებულებებს ვანიჭებ უპირატესობას.
ნანა ხაჭვანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექტორი:
მეგობრული დამოკიდებულებები უმჯობესია. არ მგონია ახლანდელი მოსწავლეები ის თაობა, ვისთანაც სიმკაცრე ეფექტური იყო, მოსწავლეებს მხარდაჭერა და გვერდში დგომა უნდა დავანახოთ და მეგობრული დამოკიდებულებებით საერთო მიზნებს მივაღწევთ.
ჯემალ ივანაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის ჯაბნიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით მეგობრული დამოკიდებულება უფრო ეფექტურია, თუმცა ბავშვს, ინდივიდსაც გააჩნია, ყველა მოსწავლეს თავისებური მიდგომა სჭირდება, ჩემი მიდგომაც ასეთია - მეგობრული და საკმაოდ დაბალანსებული.
ოთარ დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სხეფის საჯარო სკოლის დირექტორი:
სიმკაცრე არასდროსაა გამართლებული, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული, არც მოსწავლეს უნდა ერიდებოდეს მასწავლებლისთვის თვალებში შეხედვა და არც პირიქით. მასწავლებლები მოსწავლეებისთვის მისაბაძნი უნდა იყვნენ, აი მაგალითად საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები დღეს მოსწავლეებისთვის ავტორიტეტები არიან, მუდმივად ჰბაძავენ მათ… ასევე უნდა იყოს მასწავლებელი მოსწავლისთვის.
ია პაპალაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი:
პირველ რიგში ურთიერთპატივისცემა უნდა იგრძნობოდეს, ჩანდეს უმცროს-უფროსობა, მასწავლებელს მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს. ვთვლი, რომ სიმკაცრეც საჭიროა, თუმცა ეს უზრდელობაში არ უნდა გადავიდეს.
ლია ბუთლიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
მასწავლებელმა მოსწავლეების მიმართ სითბო და მზრუნველობა უნდა გამოიჩინონ, ადრე სიმკაცრე გამართლებული იყო, თუმცა ის დრო აღარ არის, ახლა მოსწავლეებთან გულწრფელი დამოკიდებულებები უფრო ფასდება.
შოთა ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
მასწავლებელი მოსწავლეების მიმართ სიყვარულს უნდა აფრქვევდეს, იყოს მათი მეგობარი და ჰქონდეს თბილი დამოკიდებულება… ვფიქრობ, რომ სიმკაცრე კარგ შედეგებს არ მოიტანს.
თემურ ჯანიბეგაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხირსის საჯარო სკოლის დირექტორი:
ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დამყარებული, სადაც მოსწავლე პირველ პლანზე იქნება დაყენებული და იგრძნობს პედაგოგისგან სამართლიან დამოკიდებულებას, მაშინაც კი როცა მოსწავლე დააშავებს პედაგოგმა მკაცრად არ უნდა მიუთითოს, მან უნდა დაანახოს სწორი გზა. მოსწავლეები არ უნდა ერიდებოდნენ აზრის გამოთქმას, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და მაშინაც, თუ პედაგოგი არ ეთანხმება, საკუთარი აზრი კი არ მოახვიოს თავს, არამედ პირიქით, მოსაზრების არგუმენტირებულად და ლოგიკურად გამყარებაში დაეხმაროს.
რაულ გულბანი, მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის დირექტორი:
მასწავლებელს მოსწავლეებთან თავისუფალი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, მეგობრული, იყოს თანასწორი ბავშვებთან, პირადად მე არ მივესალმები სიმკაცრეს. მოსწავლეები ყველაფერს ძალიან კარგად იგებენ, თუ ამას მივაწოდებთ მშვიდად, ტაქტიანად და მეგობრულად, რჩევის სახით.
თინათინ ბიჭოლაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის ართანის საჯარო სკოლის დირექტორი:
მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობაში ოქროს შუალედი უნდა არსებობდეს, ძალიან თბილი ურთიერთობაც უნდა ჰქონდეთ პედაგოგებს ბავშვებთან, მაგრამ არა ისეთი, რომ ზღვარი დაირღვეს.
მადონა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი:
მასწავლებლებს მოსწავლეების მიმართ პირველ რიგში ლოიალური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, ერგებოდნენ მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს, იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა კანონთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველას ვერც მკაცრად ვერც ძალიან მეგობრულად ვერ მიუდგები, მაინც მგონია, რომ პედაგოგმა თავისი პედაგოგიური პრაქტიკით უნდა გაანალიზოს სად ამართლებს სიმკაცრე და სად ლოიალური დამოკიდებულებები და რასაკვირველია გაითვალისწინოს, პროფესიული ეთიკა და კანონი. თუმცა მე მაინც მირჩევნია, რომ ვიყოთ ლოიალურები და გვახსოვდეს, რომ ისინი ბავშვები არიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...