სიახლეები
სიახლეები

განათლების სფეროს 2024 წლის ყველა ცვლილება - Etaloni.ge-ს მიმოხილვა
30-12-2024
-
+


2024 წელს, როგორც ქვეყანაში, ისე განათლების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ზოგი ცვლილება სასიკეთო იყო, ზოგს კი საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. Etaloni.ge გთავაზობთ, წლის შემაჯამებელ მიმოხილვას, სადაც ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას ერთად მოვუყარეთ თავი. 

2024 წელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, ახალგაზრდობის მიმართულების შერწყმით, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნით დაიწყო; ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეცვლა და მიუხედავად იმისა, მინისტრთა კაბინეტში გარკვეული საკადრო გადათამაშებები ვიხილეთ, უცვლელი დარჩა გიორგი ამილახვარი, რომელმაც განათლების სამინისტროს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა და პოსტი საბოლოოდ მიმდინარე წლის სექტემბერში დატოვა. 

სიახლეებით იყო დატვირთული თებერვალი - მეორედ დაინიშნა საჯარო სკოლის დირექტორობის შესარჩევი კონკურსი; დამტკიცდა სკოლების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტი; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ნინო წერეთელი, რომელიც მანამდე განათლების სამინისტროში უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი გახლდათ; განათლების სამინისტრომ შეიმუშავა ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ პროგრამის გავლის შემდგომ სტუდენტი დოქტორანტურაზე ვერ ჩააბარებს; ცვლილება შეეხო საბაკალავრო პროგრამებსაც - განისაზღვრა მიმართულებები, რომელიც 4-ის ნაცვლად, 3-წლიანი იქნება.

მარტში ჩატარდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა და მარტშივე თანამდებობიდან გადადგა განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.

რაც შეეხება ტესტირების შედეგებს, ისინი აპრილში გამოქვეყნდა და ამავე თვეს, მთავრობის ბრძანებით, განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, რესურსცენტრების ხელმძღვანელები საჯარო მოხელეებს გაუთანაბრდნენ, რის ფონზეც, ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა ვაკანსიები უფროსობის პოზიციის დასაკავებლად.

მაისში დასრულდა დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება და სკოლებში დანიშვნის ეტაპები - შესარჩევი კონკურსი საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთა კრიტიკას ვერ გადაურჩა; მიუხედავად სამინისტროს მესვეურთა მტკიცებისა - ყველაფერი გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და უმაღლეს დონეზე ჩავატარეთო, უკმაყოფილო კონკურსანტები მაინც სისტემურ ხარვეზებზე, ასევე ნეპოტიზმზე, მინისტრის მიერ დისკრეციის უფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბრობდნენ; მოგვიანებით კი ისიც გაირკვა, რომ გიორგი ამილახვარმა სწორედ დისკრეციით, 30 საჯარო სკოლაში დანიშნა ხელმძღვანელი

ამასთან, საბაზო საფეხურის განათლება 4-წლიანი გახდა, რაც ნიშნავს, რომ სავალდებულო განათლების მისაღებად მოსწავლეებს 9-ის ნაცვლად,10 კლასის დამთავრება მოუწევთ. განახლდა და დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტიც. 

ივნისში გამოქვეყნდა მასწავლებელთა ახალი სახელფასო სქემა, რომლის ფარგლებშიც გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება, თუმცა სტატუსის დანამატი წამყვან-მენტორი პედაგოგებს შეუმცირდათ 150-300 ლარამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელფასების ახალმა ფორმულამ მასწავლებელთა დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია - „რა გამოვიწერე-რა ჩამოვიდას“ პრინციპით, მათ არც დაპირებული 500-700-800-ლარიანი სახელფასო მატება არ ჰქონიათ, არც დამრიგებლობის დანამატი გაუზარდეს და არც 2025 წლის ბიუჯეტშია გაწერილი მათთვის ანაზღაურების ზრდა. ამ ფონზე, პედაგოგიურ წრეებში კარიერული წინსვლის სქემის საჭიროების საკითხიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა სქემის მოქმედება 2025 წლის იანვრამდე  შეჩერებულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის ან საერთოდ ვიხილავთ თუ არა მასწავლებელთა კარიერული განვითარების ახალ დოკუმენტს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივლისში პირველად ჩატარდა საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვისაა განკუთვნილი.

ახალ სასწავლო წელს სკოლებში პროფესიული განათლება დაინერგა, საპოლოტე პროექტისთვის კი 20-დე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეირჩა, სექტემბერში სწავლაც დიდი პომპეზურობით განახლდა, თუმცა მალევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, თანამდებობა დატოვა, მისივე სიტყვებიდან გამომდინარე, კერძო სექტორში გადაინაცვლა და ხოლო ოქტომბერში მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკავა, რომელიც მანამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი, 2019- 2023 წლებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას იკავებდა.

ნოემბერში ცნობილი გახდა განათლების მინისტრის მოადგილეთა ვინაობა. თანამდებობა შეინარჩუნეს - თამარ მახარაშვილმა და გელა გელაძემ. ახალდანიშნულ მოადგილეთა შორის კი ბაია კვიციანი, გიორგი ჯინჭარაძე, ანა მღებრიშვილი და თამარ ღვამიჩავა არიან. აქვე გეტყვით, რომ მოგვიანებით გელა გელაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კი გიორგი მოდებაძე გახდა, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხო 2025 წლის ერთიანი ეროვნულ საგამოცდო პროგრამებსაც. მნიშვნელოვნად შემცირდა საგამოცდო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტრომ განმარტა, რომ საგამოცდო პროგრამაში ის ლიტერატურა დარჩა, რაც სასწავლო პროგრამით არის სავალდებულო. აქვე გეტყვით, რომ სრულად არის ამოღებული ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება.

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე შეაჩერებდა, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაშიც. აღნიშნული განცხადების შემდგომ სტუდენტებმა პერმანენტული აქციები დაიწყეს, მათ მხარდასაჭერად კი უნივერსიტეტების ნაწილმა სწავლა დროებით შეწყვიტა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა პედაგოგების ნაწილისა და მოსწავლეების პროტესტიც. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა სამინისტროების, მათ შორის განათლების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლებმა გაავრცელეს ერთიანი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ არ ეთანხმებიან პრემიერის განცხადებას და ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს. 

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერებაზე.

ეს გახლავთ 2024 წლის საგანმანათლებლო სფეროს ძირითადი ცვლილებები, რომელთა ავ-კარგიანობაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. ჩვენ მხოლოდ ფაქტები გავაცანით მკითხველს და იმედს ვიქონიებთ, რომ 2025 წელს, სფეროს ყველა სიახლე მომავალი თაობების ხარისხიან განათლებაზე იქნება ორიენტირებული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა 

1910-იან წლებში ნაძვის ხეებს სანთლებით, ხილითა და ხელნაკეთი ორნამენტებით რთავდნენ

ჯანჯაფილის ფესვს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო და კულინარიული მიზნებისთვის

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ნიჭიერმა პატარებმა მაყურებლის დიდი  მოწონება და ოვაციებიც დაიმსახურეს

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს

საინტერესო

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა 

1910-იან წლებში ნაძვის ხეებს სანთლებით, ხილითა და ხელნაკეთი ორნამენტებით რთავდნენ

ჯანჯაფილის ფესვს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო და კულინარიული მიზნებისთვის

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი
სიახლეები
საზოგადოება