მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ხუთ ან ექვსდღიანი სასწავლო კვირა. ამასთან, კვლევები, რომლებიც ამ საყოველთაოდ მიღებული განრიგის აშკარა სარგებელზე მიუთითებს არ არსებობს. ზოგან კი უკვე ოთხდღიან სასწავლო კვირას ცდიან.
ხუთი ან ექვსდღიანი სასწავლო კვირა - დადებითი და უარყოფითი მხარეები
ითვლება, რომ ექვსდღიანი სასწავლო კვირა, დატვირთვის უკეთ განაწილების საშუალებას იძევა, გაკვეთილების რაოდენობა ექვს დღეზე ნაწილდება, რის ხარჯზეც დღე მსუბუქდება. ხუთდღიანის შემთხვევაში კი შესაძლებელია, ორდღიანი სრულფასოვანი დასვენება - რაც, რა თქმა უნდა, ერთ უქმეზე უკეთესია, გონებრივი დატვირთვისგან განმუხტვა კი ასევე მნიშვნელოვანია.
სამეცნიერო ნაშრომებში ექვსდღიანი კვირის უპირატესობების შესახებ ინფორმაცია მწირია. მაგალითად, არსებს კვლევა, სადაც ამტკიცებენ, რომ ასეთი განრიგი უკეთ სწავლისა და ინფორმაციის დამახსოვრების საშუალებას იძლევა.
2021 წელს კი გამოქვეყნდა სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სპეციალისტების საინტერესო კვლევა, რომელიც სამხრეთ კორეის სკოლებში სასწავლო განრიგის ცვლილებას შეეხებოდა: ქვეყანის სკოლები 2006-დან რამდენიმე წლის განმავლობაში ექვსიდან ხუთდღიან სასწავლო კვირაზე გადაიდოდნენ. რეფორმა გამოწვეული იყო მოსწავლეების გადატვირთულობით.
მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რაზე დახარჯეს რეფორმის შედეგად მიღებული დამატებითი უქმე დღე მოსწავლეებმა: აღმოჩნდა, რომ ძილზე, ვიდეოთამაშებსა და ტელევიზორზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთები, ვინც ამ დღეს არასასკოლო საგანმანათლებლო საქმიანობას უთმობდა. მაგრამ, ძირითადად, ეს ეხებოდა ფინანსურად ძლიერი, განათლებული ოჯახების შვილებს. რამაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ, ამ დამატებითი მეცადინეობების წყალობოთ, მათ შეუძლიათ, სასწავლო პირობებით, გადაუსწრონ თანატოლებს ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან, რომლებიც დამატებით უქმე დღეს მხოლოდ დასვენებასა და გართობას უძღვნიან. შესაბამისად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ხუთდღიანი სასწავლო კვირა საგანმანათლებლო უთანასწორობას ამძაფრებს, რაც მინუსია.
მაგრამ მკვლევარებმა ხუთდღიან სასწავლო კვირაში მნიშვნელოვან დადებითი მხარეს მიაგნეს: მოსწავლეებმა მიიღეს შედარებით მსუბუქი განრიგი, მშობლებმა კი დაიწყეს ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა. მართალია, ხაზგასასმელია, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელსაც აქვს საკუთარი სამუშაო და საგანმანათლებლო კულტურა - მეტად მომთხოვნი და მაღალკონკურენტული გარემო. ის, რომ განრიგის შეცვლამ შესაძლებელი გახადა მკაცრი პირობების მცირედით შემსუბუქება მაინც, ნამდვილად სასიკეთო გავლენის მატარებელია.
ოთხდღიანი სასწავლო კვირა: დადებითი და უარყოფითი მხარეები
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს. თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება სკოლიდან შორს მცხოვრები ბავშვების კომფორტისთვის მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განრიგით სასკოლო დღე უფრო გრძელია, ვიდრე ხუთდღიანი სასწავლო კვირის შემთხვევაში, სამაგიეროდ ბავშვებს პარასკევს შეუძლიათ თავიდან აიცილონ დამღლელი და ხანგრძლივი მგზავრობა სახლიდან-სკოლამდე და პირიქით. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კი მთელს შეერთებულ შტატებში უფრო და უფრო მეტმა სკოლამ დაიწყო ოთხდღიან გრაფიკზე გადასვლა. 2023 წლის ბოლოსთვის ოთხდღიან სასწავლო კვირაზე 13000-დან 900-მდე სასკოლო ოლქი გადავიდა.
ოთხდღიანი სასწავლო კვირის შემოღებას რამდენიმე მიზეზი აქვს:
ეკონომია: ითვლება, რომ ოთხდღიანი სასწავლო კვირა სასკოლო ოლქებს საშუალებას აძლევს უფრო მოქნილად გაანაწილონ ბიუჯეტი და შეამცირონ ხარჯები (მაგალითად, შენობის გათბობასა და სკოლის ტრანსპორტზე). მართალია, კვლევით არ დასტურდება, რომ აღნიშნული ღონისძიება მართლაც ასეთი ეფექტურია - დამატებითი უქმე უმნიშვნელო გავლენას ახდენს ხარჯებზე.
მასწავლებლების მხარდაჭერა: დამატებითი უქმე დღე, მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, პირველ რიგში, დაისვენონ, შემდეგ დაკავდნენ - კვალიფიკაციის ამაღლებით, გაკვეთილებისთვის მომზადებით, ბიუროკრატიული დოკუმენტების - „ქაღალდების“ მოწესრიგებით.
2015 წელს, აშშ-ს მისურის შტატში ჩატარებულმა კვლევამ (შტატის რიგი სკოლები ოთხდღიან სამუშაო კვირაზე 2009 წლიდან გადავიდენ) აჩვენა, რომ მასწავლებლებს განრიგი მოსწონთ და თვლიან, რომ ასეთი რეჟიმით მუშაობა ისეთივე ნაყოფიერია, როგორც ხუთდღიანის შემთხვევაში.
საგანმანათლებლო ცენტრ EdWeek-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოთხდღიან სასწავლო კვირას მასწავლებლების 70% უჭერს მხარს. ამასთან, გამოკითხულთა, დაახლოებით ორმა მესამედმა განაცხადა, რომ სიამოვნებით დათანხმდება სამუშაო შეთავაზებას სკოლაში, სადაც გაკვეთილები კვირაში ოთხი დღეა.
დასწრების გაუმჯობესების მცდელობა (გაცდენების რაოდენობის შემცირება). რა თქმა უნდა, საუბარი ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც მოსწავლეები სკოლიდან მოშორებით ცხოვრობენ.
აღსანიშნავია, რომ მიღწევები აქაც არაერთმნიშვნელოვანია. საერთო ჯამში გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა დამატებით უქმე დღეს სახლში ატარებს, მართალია, რიგ შემთხვევებში მათთვის დამატებითი აქტივობები ეწყობა, მათ შორის სპორტული სექციები და წრეები.
რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა: რა გავლენას ახდენს ასეთი განრიგი სასწავლო მიღწევებზე?
მაგრამ, არნიშნულ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს: მაგალითად, ამ თემაზე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ციტირებული კვლევა კოლორადოში 2015 წელს ჩატარდა. მაშინ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოთხდღიანმა სასწავლო კვირამ დადებითად იმოქმედა მეხუთეკლასელეთა მოსწრებაზე მათემატიკასა და კითხვაში. მაგრამ შედეგები დღემდე საკამათოა. 2024 წელს კი ამ განრიგის კრიტიკას არაერთი მკვლევარი აგრძელებს, ხოლო პრაქტიკოსები, პირიქით, იცავენ მას.
არსებობს კვლევა, რომელმაც განსხვავებული შედეგები აჩვენა. მაგალითად, 2018 წელს ორეგონის შტატში, მათემატიკასა და კითხვაში, მე-3-მე-8 კლასების მოსწავლეთა ტესტების შედეგების ანალიზმა ცხადყო რომ მოსწავლეთა ნიშნები ოთხდღიან სასწავლო კვირაზე გადასვლის შემდეგ გაუარესდა. ხოლო ოკლაჰომას შტატში 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, ავტორები მივიდნენ დასკვნამდე რომ, სასწავლო კვირის შეკვეცის შემდეგ მოსწავლეთა აკადემიური მომწრება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
რატომ არის ასეთი განსხვავება შედეგებში? საქმე ის არის, რომ ოთხდღიანი განრიგი ერთნაირი არ არის და შესაძლოა ორგანიზებული იყოს განსხვავებულად. ზოგ სკოლაში არ კვეცენ პროგრამას და უბრალოდ პარაკვევის გაკვეთილებს სხვა დღეებზე ანაწილებენ, სხვაგან თავად სასწავლო პროგრამას ამსუბუქებენ, რომ მას ნაკლები საათი დასჭირდეს, ან პროგრამას ნაკლებ დროში უფრო ინტენსიურად გადიან. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ორეგონის შტატის უნივერსიტეტის სპეციალისტების ჯგუფის აზრი. დამტკიცებულია, რომ თუ ოთხდღიანი სასწავლო კვირის შემოღების შემთხვევაში საათების რაოდენობა სკოლაში მცირდება, ეს ნეგატიურად აისახება მოსწრებაზე. ხოლო თუ საათების საერთო რაოდენობა საკმარისად დიდი რჩება, მაშინ შეკვეცილი კვირის ნეგატიური ეფექტი იკლებს.
ასე რომ, ასეთი ალტერნატიული განრიგის ზიანისა და სარგებელის შესახებ მონაცემები არაერთმნიშვნელოვანია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ