მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაახლოებით ერთი კვირის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოწამვლის ნიშნებით ადგილობრივ „ჯეო-ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს; გავრცელებული ინფორმაციით ინტოქსიკაცია გამოიწვია თონის პურში აღმოჩენილმა თაგვის წამალმა, თუმცა პირველწყარო, სოციალურ ქსელში ანონიმური პოსტის საშუალებით იტყობინებოდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება საკვებში უფროსკლასელებმა ჩადეს და ბავშვებს გაუმასპინძლდნენ.
etaloni.ge-სთან საუბარში კაკაბეთის სკოლის მშობლები ადასტურებდნენ, რომ მოზარდები თავს ცუდად გრძნობდნენ, ერთ-ერთი მათგანი თბილისში, იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე მკურნალობდა. მოგვიანებით კი კვლავ დაგვიკავშირდნენ და სტატიის აღება გვთხოვეს, რადგან მათი თქმით, ზეწოლის ქვეშ იყვნენ და არ სურდათ შვილების უსაფრთხოება ეჭვქვეშ დაეყენებინათ (?!).
მოწამლული მოსწავლეების მშობლები ფაქტს ადასტურებენ - ვარაუდია, რომ პურში თაგვის წამალი იყო - სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, etaloni.ge-ს მცხობელის და - ნათია საგინაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ პურის ნიმუშები გადატანილია სამხარაულში, ექსპერტიზაზე, თონე დაკეტილია, თუმცა აღნიშნავს, რომ მის ძმას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ვიღაცებს უბრალოდ სურთ, მას გადააბრალონ:
„მე თავად პედაგოგი ვარ... წლები მასწავლებლად ვმუშაობდი, ასევე დედას მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს, ჩემი ძმა კი 16 წელია მცხობელია - წარმოუდგენელია, ასეთ გამოცდილ ხაბაზს მსგავსი შეცდომა დაეშვა;
თავადაც ჭამა ეს პური და მოსახლეობამაც შეიძინა... თუ საკვებში თაგვის წამალი იყო, მხოლოდ მოსწავლეები რატომ გახდნენ ცუდად?
თან, როგორც ვიცი, საუბარია დაახლოებით 60 ბავშვზე, არადა ჩემი ძმა ამბობს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მხოლოდ 4 პური იყიდეს, ისიც სკოლის მანდატურის დავალებით.
გაუგებარია, მანდატურმა რატომ გაგზავნა ბავშვები პურის საყიდლად - ვკითხულობ, მისი ქცევა კანონიერია?
ან სკოლის ექიმმა რის საფუძველზე დაასკვნა, რომ ეს ბავშვები თონის პურით, მოიწამლნენ, მაშინ, როდესაც კლინიკის ექიმები კატეგორიულად უარყოფდნენ მოწამვლის ფაქტს?!
ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა... წარმოუდგენელი დანაშაული ბრალდება ჩემს ძმას, არადა თვითონ ეგ სკოლაა მოსაკვლევი.
სკოლის ექიმის ლიცენზიაც საეჭვოა, რადგან როგორც ვიცი, გარკვეულ წამლებს ყიდდა სახლიდან, რის გამოც სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა, სკოლაში კი დარაჯის ოთახში უფროსკლასელები კარტს თამაშობენ, თამბაქოს ეწევიან, ალკოჰოლს მოიხმარენ და ამ ფონზე, ბავშვებს სკოლაში რა შეემთხვათ, უდავოდ გასარკვევია... იქნებ მართლა უფროსკლასელებმა ჩადეს წამალი პურში?
ფოტოც არსებობს! არადა, თონის პური ისეთ ტემპერატურაზე იზილება, ეს ნივთიერება რომ გადარეულიყო, არც კი გამოჩნდებოდა.
ჩემი ძმა უდანაშაულოა, ის ბავშვი კი, რომელიც დედაქალაქის კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი, საერთოდ სხვა მიზეზით იწვა სტაციონარში...
არის რამდენიმე მშობელი, რომლებიც მოითხოვდნენ, საავადმყოფოს მათი შვილების მოწამვლის ფაქტი დაედასტურებინა და ჯანმრთელი ბავშვებისთვის გადასხმის სისტემა დაედგათ, რაც დაუშვებელია და მათი დაბალი ცნობიერებიდან გამომდინარეობს - საავადმყოფოში მოსწავლეების პურით მოწამვლის ფაქტს არ ადასტურებენ... როგორც ვიცით, საქმე ძიებაშია, თელავის რაიონული სამმართველოა ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის... როგორც განმიმარტეს, საქმის მასშტაბიდან გამომდინარე მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება“...
რა მოხდა რეალურად კაკაბეთის საჯარო სკოლაში თუ მის გარეთ? მოიწამლნენ თუ არა ბავშვები თონის პურით? რა ეტაპზეა გამოძიება და არიან თუ არა სხვა შესაბამისი სტრუქტურებიც საქმის კურსში? - აღნიშნული კითხვებით etaloni.ge ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს: „ეს თემა ჩვენ არ გვეხება!“
ძალოვანი უწყების ასეთი ლაკონური პასუხის შემდეგ, თელავის რაიონულ სამმართველოს დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ კაკაბეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტია და გაუგებარია, თელავთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რაიონულ სამმართველოში განგვიცხადეს, რომ მსგავსი საქმის მოკვლევა მათი მხრიდან არ ხდება და ისიც დასძინეს, შესაძლოა სხვა სტრუქტურა იძიებდესო.
ვინ შეიძლება იყოს „ეს სხვა სტრუქტურა“? - ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, სურსათის უვნებლობის სამსახურიც საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, თუმცა ოფიციალური განმარტების სახით გვითხრეს, რომ მათი მისამართით არანაირი შეტყობინება არ დაფიქსირებულა; სამაგიეროდ, ამ ნაწილს არაოფიციალური მხარეც აქვს და სწორედ ამ არაოფიციალური საუბრისას შევუტყვეთ, რომ სურსათის უვნებლობაში შესულია შეტყობინება, რის შემდეგაც საქმის მსვლელობაში შსს და ჯანდაცვის სამინისტროები ჩაერთნენ.
ჯანდაცვის სამინისტროში etaloni.ge-ს კაკაბეთის სკოლის მოსწავლეების კლინიკაში გადაყვანის ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა მათი მოქმედების არეალი აქ სრულდება, რადგან, მათივე განმარტებით, კლინიკა კერძოა, არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კი კონფიდენციალური. ვინ, სად, როგორ მოიწამლა ან მოიწამლა თუ არა საერთოდ, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ფაქტის შესახებ იციან განათლების სამინისტროშიც, თუმცა სხვა დეტალური ინფორმაციის მოსაძიებლად დრო ითხოვეს და როგორც კი შეგვატყობინებენ, ინფორმაციას გავასაჯაროებთ.
ამ მოჯადოებული წრის მორიგი რგოლი კაკაბეთის სკოლის დირექტორი, პაატა ჩხეიძეა, რომელმაც განმარტა, რომ პურში სავარაუდოდ თაგვის წამალი 11-12 საათისთვის აღმოაჩინეს, სკოლამ მიიღო ყველა საჭირო ზომა მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის, ზარი დააფიქსირა 112-ში და მოსწავლეები, უფრო სწორად 2 მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენი ბავშვები კი მშობლებმა მიიყვანეს სტაციონარში:
„შემთხვევა 11-დან 12 საათამდე მოხდა... ბავშვებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს და გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. 2 მოსწავლე გადავიყვანეთ კლინიკაში, დანარჩენები მშობლებმა მიიყვანეს. საქმე ძიებაშია, ამიტომ მეტს ვერაფერს გეუბნებით... პოლიციაც, სურსათის უვნებლობის სამსახურიც საქმის კურსში არიან. პურის ნიმუშები გადაგზავნილია სამხარაულში და თონე დაკეტილია...
რაც შეეხება სკოლის ექიმის ლიცენზიას, რომლის სანდოობასაც ქალბატონი ეჭვქვეშ აყენებს, გეტყვით, რომ ნელი ჯაფოშვილი სოფლის ექიმია, ამბულატორიაშიც მუშაობს და ჩვენთანაც... დარაჯის კაბინეტის შესახებ კი კომენტარსაც არ გავაკეთებ, იმდენად დიდი სიცრუეა“.
„კაკაბეთის სკოლის მოსწავლეების მოწამვლის საქმე“, პირობითად ასე ვუწოდოთ, ერთი დიდი გაუგებრობაა - საქმის კურსშია ყველა, ოღონდ არავინ არაფერი იცის, მათ შორის საავადმყოფოში გადაყვანილი ბავშვების მშობლებმა - „სოფელია, უსაფრთხოებაა ყველაზე მთავარი“, - ასე გაამართლეს ჩვენთან საუბარში, საკუთარი დუმილი...
იმედია, მალე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, etaloni.ge კი ამით ასრულებს მხარეთა პოზიციების გაშუქებას, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ გახდება ცნობილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ სკოლებში იქნება ყველაზე მეტი ვიდეოკამერა - სია, სადაც 4 380 კამერას დაამონტაჟებენ
„მასწავლებლები განიცდიან - უმრავლესობა ამავე სკოლაში სწავლობდა და შემდეგ პედაგოგად დაბრუნდა... მათ მშობლიურ სკოლაში გაჩნდა ხანძარი! თუმცა ბავშვების ინტერესები უმთავრესია...“
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა