„საშინაო დავალებებს ძირითადად კლასში გავაკეთებდი“ - თბილისის N200 საჯარო სკოლის დირექტორი ელდარ არაბული
თბილისის №200 საჯარო სკოლის დირექტორი, ელდარ არაბული მოსწავლის კეთილდღეობას სასკოლო გარემოს მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. იგი ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვას განათლების როლზე, საშინაო დავალებების საჭიროებაზე და იმაზე, როგორი უნდა იყოს მომავლის სკოლა: უსაფრთხო, ეკოლოგიური, ტექნოლოგიურად აღჭურვილი და მოსწავლეზე მორგებული.
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-დაცული და უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა, მისი უფლებების, პიროვნული თვითშეფასების აღიარება და გაზიარება. კრიზისულ სიტუაციებში მხარდაჭერის გამოხატვა და პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად დახმარების შეთავაზება.
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
-განათლება საზოგადოებრივი და პიროვნული განვითარების ძირითადი საფუძველია. მეტი ცოდნა საშუალებას აძლევს ადამიანს იყოს კონკურენტუნარიანი როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განათლებული ადამიანები ქმნიან ბირთვს, რომელიც წარმართავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს.
-საშინაო დავალება უნდა იყოს...
-საშინაო დავალებას შევამცირებდი საგრძნობლად. უმეტესად, ყველა დავალებაზე ვიმუშავებდი კლასში და ჩაერთვებოდა ყველა მოსწავლე.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-საშუალო საფეხურზე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-ისტორია და გეოგრაფია.
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-ჩემთვის მნიშვნელოვანია არა საქვეყნოდ ცნობილი, არამედ ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილებისა და სტაჟის მქონე იმ პიროვნებების მასწავლებლად არჩევა, ვისი ძალისხმევის შედეგად არაერთმა თაობამ მიაღწია წარმატებას როგორც პროფესიულად ისე პიროვნულად.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და გამართული ინფრასტრუქტურით მოწყობილი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. ჯანსაღი და ხელმისაწვდომი სასკოლო კვებით. საბაზო-საშუალო საფეხურზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დატვირთული.