მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე თეა გაბრიჭიძე საუბრობს მოსწავლის ნდობის მოპოვების გზებზე, განათლების როლზე საზოგადოების განვითარებაში, საშინაო დავალების მნიშვნელობასა და ფორმაზე, ასევე იმ წესებზე, რომელთა დამატება სასკოლო ცხოვრებაში მიზანშეწონილად მიაჩნია. იხსენებს პედაგოგს, რომელმაც ისტორიის საგანი შეაყვარა და მიაჩნია, რომ საგნის შეყვარებაში პედაგოგი უდიდეს როლს ასრულებს.
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ გაცილებით ადვილია მოსწავლის ნდობის მოპოვება, ვიდრე დაკარგული ნდობის აღდგენა. პატივი უნდა ვცეთ მის პიროვნებას, როგორი უკმაყოფილოც არ უნდა ვიყოთ, არ უნდა შევურაცხყოთ მისი ღირსება და უნდა ვეცადოთ, რომ მასთან თანაბარ პოზიციაში ვიყოთ... - ვისწავლოთ ბავშვის მოსმენა, გვახსოვდეს, რომ მოსმენა ნდობის ქვაკუთხედია და, რაც უფრო გულახდილად ვესაუბრებით მოსწავლეს, მით უკეთესად ვითარდება ჩვენი ურთიერთობა. მოვუსმინოთ თანადგომით, დიდი სიყვარულით, ნუ განვიკითხავთ და ნუ გავაკრიტიკებთ საკუთარი პოზიციიდან, რომელიც სხვა მოსაზრებას არ ცნობს. ვეცადოთ, მათთან ვიყოთ გულწრფელი. გულწრფელობა ძლიერი კავშირის და ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ვეცადოთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში. თუ ანგარიშს არ გავუწევთ ბავშვის გრძნობებს, მის ნდობას ადვილად დავკარგავთ. მივიღოთ ბავშვი როგორიც არის... - და ბოლოს, ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ კეთილგანწყობა და ღიმილი ნებისმიერი ბავშვის სულთან მისასვლელი უმოკლესი გზაა.
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
-განათლება არის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რომელსაც აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ, რათა მეტი სინათლე შემოვიტანოთ ჩვენს საზოგადოებაში. განათლებას ახასიათებს გადადინების ეფექტი და ერთი ადამიანის კარგი განათლებით, სარგებელს იღებს არა მხოლოდ ის ერთი, არამედ მთლიანად საზოგადოება. მეტი განათლებული ადამიანი ნიშნავს უკეთეს ჯანმრთელობას, ნაკლებ დანაშაულს და ა.შ. განათლება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის.
-საშინაო დავალება უნდა იყოს...
-ვფიქრობ, რომ საშინაო დავალება უნდა იყოს მარტივი და ადვილად გასაგები. საშინაო დავალება მოსწავლეში არ უნდა იწვევდეს დეზორიენტირებას, არ უნდა იყოს მოსაწყენი და მას სიხარულით უნდა ასრულებდნენ. საშინაო დავალების მიზანი უნდა იყოს მოსწავლის შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-ეს გახლავთ მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, სკოლა აერთიანებს მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, ამიტომ მშობელთა ჩართულობა აუცილებელია, სასკოლო ცხოვრებაში. მათი ჩართულობა ნიშნავს ინტენსიურ, მრავალმხრივ მონაწილეობას საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში. ამ დროს მოსწავლეს უმაღლდება მოტივაცია და უვითარდება სოციალური უნარები. ქცევაც პოზიტიური ხდება. მშობლებისა და მასწავლებლების გაერთიანებით მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები უმჯობესდება.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-ისტორია საინტერესო მეცნიერებაა და მასწავლებელი, რომელიც ამ საგანს გვასწავლიდა. თითქმის ყველა გაკვეთილზე გვქონდა სრული შემოქმედებითი თავისუფლება. ვაკეთებდით საინტერესო პრეზენტაციებს, ვატარებდით ისტორიულ ღონისძიებებს და საინტერესო ღია გაკვეთილებს. ვფიქრობ, საგნის შეყვარებაში დიდი როლი აქვს მასწავლებელს. ჩემი ისტორიის პედაგოგის მიდგომები და მეთოდები მთლიანად შეესაბამებოდა ჩემი ინტერესის სფეროს, რამაც განაპირობა ჩემი სიყვარული ამ საგნის მიმართ. უდიდეს პატივს ვცემ ჩემს ისტორიის მასწავლებელს, ქალბატონ ციცო დურგლიშვილს, რომელიც დღესაც თავდაუზოგავად შრომობს და საფუძვლიან განათლებას აძლევს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს.
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-„არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო შვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია..." დიდი სიამოვნებით ავირჩევდი მასწავლებლად უდიდეს ადამიანს, ბატონ ტარიელ ხარხელაურს.
-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
-განვითარებული ინფრასტრუქტურა, ღირსეული და პროფესიონალი მასწავლებლები და, რა თქმა უნდა, მაღალი დონის დისციპლინა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ