მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლის ნდობის მოპოვება იმ გზაზე პირველი ნაბიჯია, რომელიც განათლების ნამდვილ ძალას ხდის ხელშესახებად – სწორედ ამ რწმენით ქმნის ტობანიერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ოჩხიკიძე იმ გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს ესმის, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია. გულწრფელი ურთიერთობები, ღია კომუნიკაცია, პასუხისმგებლობის განვითარება და კულტურის მიმართ ინტერესი – ამ თვისებების განვითარებასა და სწავლებას ცდილობს პედაგოგი თითოეული მოსწავლისთვის.
გაეცანით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ოჩხიკიძე ბლიც -ინტერვიუს:
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-პირველ რიგში გულწრფელად გიყვარდეს იგი და ამ სიყვარულს ღიად გამოხატავდე. აგრძნობინო თავი სრულფასოვან პიროვნებად, მისცე საშუალება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთთან მიმართებით და აგრძნობინო, რომ მისი აზრი-შეხედულება მნიშვნელოვანია, ღირებულია, თუნდაც არ ეთანხმებოდე.
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მაშინ მყარდება, როცა ბავშვს შენს უმცროს მეგობრად მიიჩნევ და შენც მეგობრად აღგიქვამს.
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
-განათლება „უხილავი საუნჯეა“, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაიმე ღირებულის შექმნა. სახელმწიფო ვერ იარსებებს განათლებული ადამიანის გარეშე. მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ ქვეყნის აღორძინება, ხოლო პროფესიონალი რომ გახდე ამისთვის აუცილებელია, სიღრმისეული ცოდნის მიღება ნებისმიერ სფეროში. ხშირად ვესაუბრები ჩემს მოსწავლეებს: რომელ პროფესიასაც არ უნდა დაეუფლოთ ბოლომდე დაიხარჯეთ , რადგან სამშობლოს აღორძინების საქმეში ერთი აგური თქვენც დადოთ, გახსოვდეთ „ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია“.
-საშინაო დავალება უნდა იყოს...
-მოსწავლეთა ინტერსებსა და შესაძლებლობებზე მორგებული. ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება რამდენიმე შეთავაზებული ვარიანტიდან თავად გააკეთონ არჩევანი. ასეთი მეთოდი სახალისოს გახდის დავალებაზე მუშაობის პროცესს. საშინაო დავალება ზრდის მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობას, ანვითრებს დამოუკიდებლად და კლასგარეშე მუშაობის უნარებს, ხელს უწყობს მიღებული ცოდნის განმტკიცებას.
ხშირად გვესმის უნდა იყოს თუ არა საშინაო დავალება, მით უფრო, რომ რამდენიმე ქვეყანაში ამის პრაქტიკა არსებობს... გარკვეული პერიოდი ვცადე დამენერგა ეს მეთოდი, მაგრამ არ გაამართლა, რადგან ახსნილი მასალის განსამტკიცებლად აუცილებელია საშინაო დავალება.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-წესი არა, მაგრამ მინდა ჩვენი სკოლის მოსწავლეების გზავნილი გადმოქცეთ. ბოლო წლებია საქართველოში, როგორც არასდროს ისე ექცევა ყურადღება ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს. ჩვენს მოსწავლეებს ოცნება აქვთ სკოლაში გაიხსნას ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე. კარგი იქნება თუ ქართველი კაცის სისხლსა და ხორცში გამჯდარი ეს კულტურა სოფლის სკოლის მოსწავლეებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის ასაკიდან მაინტერესებდა და მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა, მახსოვს 4-5 წლის ასაკში მამას ვკითხე: რა წერია „ვეფხისტყაოსანში“-მეთქი? მან კი ჩემთვის გასაგებ ენაზე ამიხსნა და პირველი სიტყვები, რითაც დაიწყო ამ გენიალური ნაწარმოების ჩემთვის გაცნობა დღესაც ჩამესმის ყურში: ესაა ამბავი სამშობლოს, მეგობრისა და მოყვასის სიყვარულსა და ერთგულებაზე, დიდ და ლამაზ სიყვარულზეო და რამდენიმე სტროფი მთელი გრძნობით წამიკითხა... მახსოვს ისიც, რომ ღონისძიებებზე ყველა ბავშვის ლექსი და სიტყვა ზეპირად ვიცოდი.... ძალიან მიყვარდა ისტორია, ამ ორ საგანს შორის მქონდა ჭიდილი. ბოლოს ვიფიქრე, ქართული ენა და ლიტერატურა, ხომ იგივე საქართველოს მატეანეა და პროფესიადაც ეს არჩევანი გავაკეთე, მით უფრო რომ ბავშვობიდან მიყვარდა მასწავლებლობანას თამაში.
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-ძალიან ძნელია საქართველოში გამოარჩიო პიროვნება, რომელსაც მასწავლებლად ავირჩევდი თუმცა გამოვარჩევდი გიორგი ჭყონდიდელსა და შოთა რუსთაველს. განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა მრავალმხრივ განათლებულ და ხატულსიტყვამეტყველ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის შოთა რუსთაველის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
-განათლებაში მეტი დრო დაეთმობა შემოქმედებით უნარებს. იგი აღარ იქნება მხოლოდ ცოდნის მიღებისა და გააზრების პროცესი, არამედ იმის სწავლება თუ როგორ გამოიყენო ეს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.
ტექნოლოგიები განათლების სისტემის არსებითი ნაწილი გახდება და შეცვლის სწავლებისა და შეფასების ფორმებს.
შეფასდება არა მოსწავლის ცოდნა, არამედ მისი კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარები, თუმცა მიმაჩნია, რომ ცოდნასთან ერთად უნდა შეფასდეს ზემოთ აღნიშნული, რადგან გამოცდილება მაძლევს ამის თქმის უფლებას, როცა არ ფასდება ცოდნა, ბავშვები ნაკლებ პასუხისმგებლობას იჩენენ მის მიმართ. საბაზისო ცოდნის გარეშე კი ვერ შეძლებენ არგუმენტირებულ მსჯელობას და ვერც პრობლემის გადაწყვეტის სწორ გზას იპოვიან.
ხშირადაა საუბარი იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტი გარკვეულწილად
ჩანაცვლებს მასწავლებელს ვფიქრობ, რომ ვერანაირი ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს ადამიანებს შორის ურთიერთობას. ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია ტექნოლოგიების საუკუნეში არსებობა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დაბალანსებულად.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.