„ბავშვები და ჩემი საქმე მიყვარს“ - გაიცანით ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ავაზაშვილი
02-07-2018
დაკოპირებულია
-
+
ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ავაზაშვილი საკუთარ პროფესიას ყურადღებითა და ინტერესით ეკიდება. მოსწავლეებისადმი ცოდნის გადაცემის გარდა, ნანა ავაზაშვილი კომპეტენციის გაღრმავებაზე მუდმივად ზრუნავს. სკოლის მიღმა კი ის საკუთარ ჰობს - ხატვასა და ქარგვას არ ღალატობს.
- ქალბატონო ნანა, თქვენ შესახებ გვესაუბრეთ - რა პერიოდიდან ასწავლით სკოლაში?
- დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2009 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ვმუშაობ. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. - რა გაკვეთილებს და აქტივობებს ატარებთ უმეტესად?
- ბავშვები და ჩემი საქმე მიყვარს. გაკვეთილებს მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით ხშირად ვატარებ. ამ დროს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ და მატერიალურ რესურსებს ვიყენებ, პარალელურად კი პროექტებზე ვმუშაობ.
- პედაგოგის რა სტატუსი გაქვთ ამჟამად და აპირებთ თუ არა მის ცვლილებას?
- სერთიფიცირებული მასწავლებელი ვარ და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს. სამომავლოდ ვფიქრობ სტატუსის ცვლილებას. ამიტომ, სხვადასხვა აქტივობით კრედიტ ქულებს ვაგროვებ.
- რა არის თქვენი ჰობი სკოლის მიღმა?
- სტუდენტობის პერიოდში ხატვითა და ქარგვით დავინტერესდი. ხელოვანთა გაერთიანება „ფიროსმანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი ვარ. ჩემი ნაქარგები გამოფენილი იყო ცისფერ და ბავშვთა სურათების გალერეაში. რეგიონალურ და რაიონულ გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მუდმივად ვმონაწილეობ. სამომავლოდ პერსონალური გამოფენის მოწყობას ვაპირებ.