ღონისძიებები, პროექტები, გამარჯვებები - ყანდაურის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს
13-07-2018
დაკოპირებულია
-
+
ყანდაურის საჯარო სკოლაში, როგორც თანამშრომელთა, ასევე მშობელთა და მოსწავლეთა შორის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყალბი ღირებულებების გადაფასებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას.
ამისთვის, სკოლა ცდილობს გადაწყვეტილების მიღებაში ყველა რგოლი აქტიურად ჩართოს.
პერიოდულად, პრობლემების გამოვლენის მიზნით, მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა გამოკითხვა მიმდინარეობს.
სკოლაში ბავშვებისათვის მშობლიური გარემოა და ისინი თავს უცხოდ არ გრძნობენ. სკოლის დირექცია მზადაა მათ მოუსმინოს, დაეხმაროს, მათი სიხარული და გაჭირვება გაიზიაროს.
მიმდინარე წელს ბულინგის თემაზე საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შორის დისკუსია რამდენჯერმე მოეწყო.
ბავშვთა დაცვის დღეს თეატრალური წრის წევრებმა ზღაპარი „ცერცეტა“ წარმოადგინეს, რომელიც საქველმოქმედო იყო. შემოწირულობებით წრე დიაბეტით დაავადებულ სკოლის 2 მოსწავლეს დაეხმარა.
თითქმის ყოველ სასწავლო წელს კლასები ლაშქრობებს აწყობენ, რომელშიც მშობლები, კლასის დამრიგებელი და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლაში „მხიარული სტარტები“ და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. პირველკლასელებმა „ანბანის ზეიმიც“ წარმოადგინეს, რომელიც ქართული ენის დაცვის დღეს მიუძღვნეს.
სასწავლო წლის დაწყებას სკოლა „ცოდნის ზეიმით“ ხვდება, ხოლო მეთორმეტე კლასელებს „ბოლო ზარის“ ღონისძიებით აცილებს, რაც სასკოლო თემის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა.
საახალწლოდ მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით „საახალწლო კარნავალი“ მოეწყო. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების დაახლოებას, რაც სკოლის დირექციასა და პედაგოგებს ეხმარება სკოლაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევას ერთობლივად გაუმკლავდნენ.